თეა წულუკიანი: სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, მესმის, რომ სასჯელი არ მოსწონს, მაგრამ როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე მასაც მოუწევს, მოიხადოს

Read Time:1 Minute, 25 Second

ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას, რომელიც არის წარუმატებელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე მომაბეზრებელია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას. ეს დესტრუქცია, რა თქმა უნდა, წარუმატებელია და მომავალშიც იქნება. აღარ დავმალავ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს უკვე მომაბეზრებელია. შესაბამისად, ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ. პოლიცია თავის მოწოდების სიმაღლეზეა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს პატიმრების უფლებების სათანადოდ დასაცავად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობაც“, მიუხედავად იმისა, რომ სასოწარკვეთილია, მალე მოეგება გონს და მისცემს ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, კულტურის მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო დარბაზში პატიმრის დასწრებაზე გადაწყვეტილება მიიღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რათა არ დაირღვეს მისი დაცვის უფლება.

„ერთს ვიტყვი, უნდა იყოს თუ არა პატიმარი წარდგენილი სასამართლო პროცესზე სასამართლო დარბაზში, ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მთავარია, პროცესი იყოს შეჯიბრებითი, რომ ეს შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს, არც დაცვის უფლება დაირღვეს და შესაბამისად, შედგეს სამართლიანი სასამართლო“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია.

„პოლიტიკური ოპონენტი როდესაც დესტრუქციისკენ არის მოწოდებული, ის ყველანაირ კვალიფიკაციას, მათ შორის არასწორს აძლევს სახელმწიფოს ქმედებებს. ამაში გასაკვირი არაფერია. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული პატიმრის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია. მესმის, რომ სასჯელი არც ერთ პატიმარს არ მოსწონს და მათ შორის არც ამ კონკრეტულ პატიმარს, მაგრამ ასეთია სასამართლო გადაწყვეტილება და როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე ამ პატიმარს მოუწევს, მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა. მთავარია, მან საკუთარ თავს დახმარება აღმოუჩინოს პენიტენციურ სამსახურთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად და არ შესწიროს ამ სასჯელს საკუთარი ჯანმრთელობა. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ასე არ მოხდეს და ის სასჯელის მოხდის შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუნდეს ჯანმრთელი და რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლება ბოლომდე იყოს დაცული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა კალიურანდი: საქართველო არის დემოკრატია – გვჯერა და ველოდებით, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და პატიმრის უფლებები
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა ადამიანის უფლებების კუთხით სტანდარტების დაცვა, მათ შორის ისეთი მძიმე პატიმრის მიმართ, როგორიც მიხეილ სააკაშვილია