სამშაბათი, ივლისი 28, 2026

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა, რომელიც ამ წუთებში კომისიას დისტანციურად ერთვება.

წულუკიანმა გახარიას, რომელიც სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე უნდა გამოიკითხოს, პირველ რიგში კითხვა სწორედ ქვეყნიდან მის გასვლაზე დაუსვა.

„ბატონო გიორგი, ჩვენ საკმაოდ ადრე შეგატყობინეთ იმის თაობაზე, რომ გვსურდა თქვენთან ამ დარბაზში გასაუბრება ისე, რომ თქვენ, როგორც პირველ შემთხვევაში, ფიზიკურად გამოცხადებულიყავით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეიძინეთ ბილეთი და გაფრინდით, რატომ?“ – მიმართა წულუკიანმა გახარიას.

თავის მხრივ, გახარიამ უპასუხა:

„იმიტომ, რომ დაგეგმილი მქონდა. მე, როდესაც ჩამბარდა ეს თქვენი მოწვევა, უკვე ბილეთი აღებული მქონდა და შესაბამისად, დაგეგმილი მქონდა ვიზიტი. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, – განმარტა გახარიამ.

წულუკიანი გახარიას ამ განმარტებას არ დაეთანხმა და როგორც აღნიშნა, კომისიამ გახარიას 11 ივნისს გაუგზავნა ცნობა იმის შესახებ, რომ კომისიაზე ხელმეორედ იყო მიწვეული, ბილეთი კი 13 ივნისს არის შეძენილი.

„რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?“ -ჰკითხა წულუკიანმა გახარიას.

„კომისიის კვლევის საგანი გახდა, მე ბილეთი როდის ავიღე?“ ასევე კითხვით უპასუხა გახარიამ წულუკიანს.

„დაგეგმილი გქონდათ [ვიზიტი] და იმიტომ არ მობრძანდით, ეს ასე არ არის“, – უპასუხა წულუკიანმა.

გახარიამ წულუკიანის ამ განმარტების საპასუხოდ აღნიშნა, რომ წულუკიანი იტყუება, რაზეც თავად წულუკიანმა ასე უპასუხა:

„ვინც არის მატყუარა, ეს კარგად გამოჩნდა წინა სხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოგზავნეთ, აგერ არის – „one way ticket“. ჰო, ეს „one way ticket“-ი კარგია, მოწმობს იმას, რომ 13 რიცხვში, სამის ნახევარზე ბილეთის ერთი, იქეთ გზა გაქვთ ნაყიდი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

გახარიამ საპასუხოდ წულუკიანს უთხრა, მაშინ აღნიშნული საკითხი პროკურატურაში გადაგზავნონ.

„მოდით, დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორემ ეპითეტები თქვენზე ცოტა მეტი ვიცი. ლექსიკასაც მგონია მეტს მოვძებნი, დახასიათებებისთვის… მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით,“ – უპასუხა წულუკიანმა გახარიას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

შს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 12 ივლისს, ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ არის შესაძლებელი.მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს“,  - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან მოსეშვილი – წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში საავიაციო ჰაბად“, – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა.როგორც თინათინ რუხაძის განცხადებაშია ნათქვამი, მან აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია თინათინ რუხაძის განცხადებაში.

ოფიციალურად – ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, – ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.ზიდანმა თანამდებობაზე დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც გუნდს 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა და 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.54 წლის ზიდანის დებიუტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში შედგება, რომელსაც საფრანგეთი 25 სექტემბერს სტუმრად გამართავს. პირველ საშინაო მატჩს ზიდანის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს იტალიასთან ჩაატარებენ. სწორედ ამ ნაკრებთან დასრულდა მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა.ზინედინ ზიდანი 1998 წელს, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში მან ბრაზილიას ორი გოლი გაუტანა.ბოლოს ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა და თანამდებობა 2021 წელს დატოვა.

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ...

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც.როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.„გაფრთხილება!საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ სახელით იყიდება.ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.შესაძლო შედეგებია:ძლიერი შფოთვა და პანიკა; ჰალუცინაციები და ფსიქოზი; აგრესია; კრუნჩხვები; გონების დაკარგვა; სუნთქვის გაძნელება; ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“ „ალფაზე“ და სხვა, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!!თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევები: გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“, - წერს ნარკოლოგი.

ბოლო სიახლეები