ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელები უარყოფენ სამშვიდობო შეთანხმებას, სადაც დონბასიდან უკრაინის ცალმხრივად გასვლა და რუსეთისთვის გადაცემა იქნება, თუ დოკუმენტში შევიტანთ ამჟამინდელ ხაზზე დარჩენას, მხარს დაუჭერენ

უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მის რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა, მომლაპარაკებლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა უთხრეს, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება და მოლაპარაკებების დაწყებამდე, მან ამის საფუძველზე უნდა მოახდინოს კოორდინაცია უკრაინის მომლაპარაკებელ გუნდთან. თუმცა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის ბევრად უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ურჩია უიტკოფსა და კუშნერს, არ ეცადონ, აიძულონ ის, „საკუთარ ხალხს მიჰყიდოს მშვიდობის ისეთი ხედვა, რომელსაც უკრაინელები წარუმატებელ ისტორიად აღიქვამენ“.

ზელენსკის განცხადებით, არ არის სამართლიანი, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას და არა რუსეთს, რომ მშვიდობისთვის დათმობებზე წავიდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შესაძლოა, უფრო ადვილი იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდ რუსეთზე, მდგრადი მშვიდობის დამყარების გზა პუტინისთვის „გამარჯვების ჩუქება“ არ არის.

„იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კუშნერთან და უიტკოფთან მისი საუბრები არ მოიცავს იმ ტიპის ზეწოლას, რომელსაც ტრამპი საჯაროდ იყენებს.

„ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ის „ისეთი ადამიანი არ არის“, რომელიც ადვილად ემორჩილება ზეწოლას.

ზელენსკის განცხადებით, ტერიტორიის საკითხზე გარღვევის მიღწევის საუკეთესო გზა პუტინისთვის მასთან პირისპირ შეხვედრაა. მისივე თქმით, თავის გუნდს დაავალა, რომ ჟენევაში ლიდერების დონეზე შეხვედრის წინადადება წამოაყენონ.

როგორც „აქსიოსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, ვაშინგტონი და კიევი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელ ხალხს რეფერენდუმით უნდა წარედგინოს.

ზელენსკის თქმით, თუ შეთანხმება უკრაინული მხარის უბრალოდ დონბასიდან გასვლას გულისხმობს, უკრაინელი ხალხი ამას მხარს არ დაუჭერს.

„ემოციურად, ხალხი ამას არასოდეს აპატიებს. ისინი არასოდეს არ მაპატიებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელებს „არ შეუძლიათ, გაიგონ“, რატომ უნდა სთხოვონ მათ დამატებითი ტერიტორიების დათმობა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ შეთანხმება უბრალოდ გაყინავს დონბასში არსებულ საბრძოლო ხაზებს, ფიქრობს, რომ უკრაინელი ხალხი ამას მიიღებს.

„ვფიქრობ, თუ დოკუმენტში შევიტანთ, რომ დავრჩებით ხაზზე, სადაც ამჟამად ვართ, ხალხი ამას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერს. ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა შესაძლებელია, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები რეფერენდუმთან ერთად ჩატარდეს. ზელენსკის თქმით, ნებისმიერი არჩევნები შესაძლოა, მყიფე ცეცხლის შეწყვეტის დროს ჩატარდეს და ასეთ შემთხვევაში, ის შესაძლოა, კანდიდატი იყოს.

„ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა სურთ მათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მხოლოდ ერთდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა უკრაინისთვის არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით, 60 დღის ნაცვლად, რომელიც ზელენსკის თქმით, საჭიროა. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პოზიცია აბსურდული და იმის მანიშნებელია, რომ მოსკოვი ნამდვილი მშვიდობისთვის მზად არ არის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩის 90-დღიანი ანგარიში „დიპლომატია ომის პარალელურად” – სეიედ ალი მოუჯანი შეფასებები საქართველოდან

,,ანგარიში, რომელიც დღეს საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან თეირანში გაიგზავნებაირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანიდღეს ჩემი, როგორც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, მისიის დაწყებიდან ოთხმოცდამეათე დღეა. სამუშაო დღეს ვიწყებ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ცოტა ხნის წინ ირანის ისლამური რესპუბლიკის ათ პირობას დაეთანხმა ომის შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისათვის. ომი, რომელიც ირანელი ხალხის საყოველთაო, ფართო და ყოვლისმომცველი თავდაცვით, საზოგადოებრივი ჩართულობითა და სოლიდარობით წარიმართა აშშ-სა და ისრაელის აგრესიის წინააღმდეგ. ომი, რომელმაც შექმნა ახალი წესრიგი დასავლეთ აზიის რეგიონალურ ბალანსში და რომლის გავლენა პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ვაჭრობაზე თვალნათელია. ○ ომი, რომელმაც თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და დრონების დევნით აჩვენა, რომ ირანის ცა ღია აღარ არის, და ახლა ევროპის ცაა ამერიკისთვის დახურული. ○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანის ძალა ატომურ ბომბზე არაა დამოკიდებული. ○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ატომური სიძლიერითა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით, მაგალითისთვის - გოგონათა დაწყებით სკოლაზე თავდასხმით - გამარჯვებას ვერ იზეიმებ. ○ ომი, რომელმაც აჩვენა, რომ ირანი არის სისტემა, და არა მხოლოდ ერთი პიროვნება.დღეს ირანის შვილების მოწამეობრივი სიკვდილიდან მეორმოცე დღეა და 15:00 საათზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ირანელი და ქართველი დაინტერესებული პირების მონაწილეობით. მთელი ეს პერიოდი ირანი სამშობლოსა და ადამიანების სიცოცხლეს ღმერთისადმი რწმენით იცავდა. ეს პატრიარქის ილია II-ის ის სამი ძირითადი პრინციპია, რომლისკენაც ყოველთვის მოუწოდებდა ქართველ ხალხს. თავდაცვის პროცესში ირანის მიერ მიღწეული შედეგების სტრატეგიული ღირებულება აგრესორთათვის წარმოუდგენელი იყო. ისინი თავდასხმით შეეცადნენ ირანის დასუსტებას და მის განადგურებასაც კი. მაგრამ იმან, რაც მოხდა, ცხადყო, რომ ღრმა ფესვების მქონე ცივილიზაციის ომით განადგურება შეუძლებელია. ეს ხალხებია, რომლებიც რთულ მომენტებში თავიანთ ნამდვილ ძალას ავლენენ. ამ 90 დღის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანის სანაპიროებამდე ვრცელ გეოგრაფიულ არეალში, ფართო თავდაცვით ომში იმყოფებოდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუშაობდა ისევე, როგორც ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა ირანში – უწყვეტ და სისტემატურ რეჟიმში. შეხვედრები და კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე, მედიის წარმომადგენლებთან, საკონსულო მომსახურებისა და დახმარების გაწევა, ირანისა და რეგიონის მოვლენების დეტალური ანალიზი ჩემი და ჩემი კოლეგების მისიათა მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდა. ამ ოთხმოცდაათი დღის გამოცდილებამ, რომლის დროსაც ორდღიანი მოკლე მისიით, ინსტრუქციების მისაღებად საქართველოდან გავედი და დავბრუნდი, შესაძლებლობა მომცა, საქართველოში არსებული ვითარება გამეცნო. ჩემი პირველი სამუშაო მისია საქართველოში 1992 წელს, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან რამდენიმე თვეში შედგა. მას შემდეგ იმ დრომდე, სანამ 90 დღის წინ, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში ურთიერთობების მართვას ჩავიბარებდი, რამდენჯერმე ვიმყოფებოდი სამუშაო ვიზიტით საქართველოში. 90 დღიანი შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, ანგარიშში, რომელსაც დღეს დავწერ ჩემი სახელმწიფოს ოფიციალური პირებისთვის თეირანში, ღირებულ გამოცდილებას გავუზიარებ. ანგარიში, რომელიც ირანში დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ კანონის თანახმად, 30 წლის შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მაშინ შეძლებენ ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსები, აღმოაჩინონ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი სიღრმისეული ხედვა ამ ახალ პერიოდში. ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოში სხვადასხვა ოფიციალურ პოლიტიკურ პირებთან, გამოჩენილ საზოგადო და კულტურის მოღვაწეებთან და ასევე თითოეულ ღირსეულ ადამიანთან საუბრებისა და ურთიერთობის ღირებულ გამოცდილებას. ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულბების მრავალფეროვნებისა და განსხვავების მიუხედავად, საერთო იდეალების - ეროვნული იდენტობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის ერთგულნი არიან. საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესწევს უნარი მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეასრულოს. ეს ხიდი მნიშვნელოვანია, როდესაც: □ დაკავშირებულია მრავალ მაგისტრალთან; □ მასზე გადაადგილება შესაძლებელია შეუფერხებლად; □ აქვს დაბალი ფასის უპირატესობა მდგრადი და კონკურენტუნარიანი ტრანსპორტირებისათვის და...... როდესაც ირანის მთავრობამ ელჩის რანგში ჩემი თბილისში გამოგზავნა გადაწყვიტა, პრეზიდენტ ფეზეშქიანისგან მკაფიო მითითება მივიღე - მემუშავა ურთიერთშემავსებელი და რეგიონალური ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით; თანამშრომლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. მთელი ამ 90 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე თქვენი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, პარტიათა წარმომადგენლებთან თუ ცალკეულ პიროვნებებთან, ყურადღებას ვამახვილებდი კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი დიალოგის, ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის, რაციონალურობის, სარგებლისა და დანაკარგის გათვალისწინების პრინციპებზე საერთაშორისო ურთიერთობებში. პრინციპები, რომელთაც საქართველოს, როგორც დერეფნის როლის და ირანის უნიკალური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფართო რეგიონის, კერძოდ, აზიისა და ევროპის ორი კონტინენტის სტაბილურობასა და განვითარებას.დღეს ირანი, ასრულებს რა მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საზღვაო გასასვლელის, ჰორმუზის სრუტის მართვაში, ომანის სასულთნოსთან ერთად, ახალ გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ინაცვლებს.ირანის თავდაცვისუნარიანობა საზღვრებიდან ორი ათასი კილომეტრის რადიუსში ადასტურებს, რომ ის არ არის სახელმწიფო, რომლის გლობალური წონასწორობიდან გამორიცხვა შესაძლებელია. ამჯერად საქართველოში ჩემი მისიის პირველი ეტაპი ამ 90 დღის გამოცდილებით დასრულდა. ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ, იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას. ეტიკეტი მოითხოვს, ამ 90 დღიანი ციკლის დასასრულს მადლობა გადავუხადო ყველა ოფიციალურ პირს, ეკონომიკური და სოციალური სფეროს აქტორებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და ადამიანებს, ვინც ქუჩებში, ბაზრებში გავიცანი, და ასევე უცხოელ დიპლომატებს თბილისში თავიანთი გამოცდილების გულუხვად გაზიარებისათვის'- წერს ირანის ელჩი საქართველოში

ჯეი დი ვენსი – რუსეთ-უკრაინის ომს აზრი აღარ აქვს, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის გამო ვაჭრობაზე, მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ გაკეთებული კომენტარები მას შემდეგ, რაც ორბანმა კიევისთვის ევროკავშირის სესხი დაბლოკა, „სკანდალური“ იყო.ვენსის თქმით, კიევის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება მიუღებელია, ასეთი საქციელი მოკავშირეებს შორის ზღვარს სცილდება და არანაირ გარემოებაში არ შეიძლება, იყოს გამართლებული.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ევროპის ლიდერების დიდი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დიდი ნაწილით, რადგან ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ არიან დაინტერესებულნი ამ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრით. და რაც პრეზიდენტმა თქვა, არის ის, რომ ეს არის ყველაზე რთული გადასაჭრელი ომი. გარკვეულწილად, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. ჩვენ ამას უკვე 14 თვეა, ვაკეთებთ და უბრალოდ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „აზრი აღარ აქვს“ და საბოლოოდ, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად.„რადგან ომს, ფაქტობრივად, აზრი აღარ აქვს. რასაც მე ვეტყოდი როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს, არის ის, რომ ამ ეტაპზე ვსაუბრობთ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გამო ვაჭრობაზე ერთი ან მეორე მიმართულებით. ღირს ეს დამატებით ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად? ღირს ეს დამატებით თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში ენერგიის ფასების ზრდასა და ეკონომიკურ განადგურებად? და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხი ცალსახად უარყოფითია. მაგრამ „ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო“. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი და პრეზიდენტი ტრამპი გააგრძელებენ მშვიდობიანი მოგვარებისკენ მუშაობას, ფუნდამენტურად ჩვენ მხოლოდ კარის გაღება შეგვიძლია. რუსებმა, უკრაინელებმა ეს უნდა გაიარონ“, – განაცხადა მან.

ჯეი დი ვენსი – ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე მყიფე ზავია მიღწეული, მაგრამ ირანელები თუ არიან მზად ჩვენთან ითანამშრომლონ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტას მყიფე ზავი უწოდა.ვენსმა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ბოლო საათებში მიიღო მონაწილეობა, თქვა, რომ ამ მოლაპარაკებებმა ირანული სისტემის შესახებ ბევრი რამ ასწავლა.ბუდაპეშტში გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის რეაქცია განსხვავდებოდა მთავრობაში არსებული ჯგუფების მიხედვით.ვენსის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად უპასუხა გეგმას, მაგრამ სხვები „იტყუებოდნენ“ იმის შესახებ, თუ რა იქნა მიღწეული შეერთებული შტატების მიერ სამხედრო თვალსაზრისით, ასევე იტყუებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის გუნდს სთხოვა, ამ ეტაპზე თავი შეიკავონ ირანზე ზეწოლის მიზნით გარკვეული სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებისგან. თუმცა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ეს ვარიანტები კვლავ განიხილება, თუ ირანი ვერ შეძლებს ომის სამუდამოდ დასრულებისკენ პოზიტიური მოლაპარაკებების წარმოებას.„სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს მყიფე ზავია. არიან ადამიანები, რომლებსაც აშკარად სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან მოსვლა და ჩვენთან მუშაობა კარგი შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იტყუებიან უკვე მიღწეული მყიფე ზავის შესახებაც კი. ირანელები კეთილი ნებით მზად თუ არიან ჩვენთან ითანამშრომლონ, ვფიქრობ, შეგვიძლია, შეთანხმებას მივაღწიოთ. ისინი ტყუილს თუ აპირებენ, აპირებენ მოტყუებას, შეეცდებიან ხელი შეუშალონ მიღწეულ მყიფე ზავსაც კი, ისინი არ იქნებიან ბედნიერები. მან გვითხრა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ. მაგრამ ირანელები თუ ზუსტად იმავეს არ გააკეთებენ, აღმოაჩენენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისეთი არ არის, ვისთანაც დრო უნდა ხარჯო. ის მოუთმენელია. ის მოუთმენელია პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ირანული მედია – 10 აპრილს აშშ-თან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს

10 აპრილს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის ჯგუფს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ სააგენტო „ისნაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, სახელმწიფოსთან ასოცირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა, რომ ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ჯერ არ არის შერჩეული.აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „სიენენს“ ადრე განუცხადეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ისლამაბადში გაიმართება პაკისტანელი შუამავლების თანდასწრებით.აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სიძე ჯარედ კუშნერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

მარიამ ქვრივიშვილი – აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მლნ დოლარით შემცირდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული შუა დერეფნის მიმართულებით, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი, ხოლო უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ არსებული გენგეგმა და აქტიურად ვიმუშავეთ კონტრაქტორ კომპანიებთან, რის შედეგადაც სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 52 მილიონი დოლარით შემცირდა. დავასრულეთ სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ანაკლიის ტერიტორიაზე დაიწყება აქტიური სამშენებლო სამუშაოები“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავება ქვეყანას საშუალებას მისცემს, გაზარდოს ტვირთების მიმოცვლა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამუშავებით განვაგრძობთ ვიყოთ მნიშვნელოვანი პარტნიორი შუა დერეფნის კონტექსტში,  რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, მიიღოს კიდევ უფრო მეტი ტვირთი და ხელი შეუწყოს ტვირთნაკადების გადაადგილებას ევროპისა და სხვა მიმართულებებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ბოლო სიახლეები