ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ძმა დევიდ სანჩესი ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციაში დევიდ სანჩესისთვის საჯარო სამსახურის პოზიცია არაკანონიერად შეიქმნა და მისი დანიშვნის პროცესი ადმინისტრაციული წესების დარღვევით წარიმართა, რაც ნეპოტიზმისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.
თავად დევიდ სანჩესისი და პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფდნენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ახალ პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, რომლის მთავრობაც და უახლოესი გარემოცვაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის გამოძიებებისა და სკანდალების წინაშე დგას.
ცნობისთვის, გასულ წელს კორუფციის ბრალდება წაუყენეს სანჩესის მეუღლესსაც. ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

