ეკა დარბაიძე: რატომ გვჭირდება მეტი ქალი დღეს პოლიტიკაში

Read Time:2 Minute, 24 Second

   რატომ გვჭირდება მეტი ქალი დღეს პოლიტიკაში- ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ეკა დარბაიძე  თავის ,,ფეისბუქ” გვერდზე  წერს

წერილს გთავაზობთ უცვლელად.

“მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ საინტერესო, ქალთა მხარდამჭერი კამპანიისათვის, რომელიც ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოიღებს სათანადო შედეგს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის, თუ რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში.
ჩემი, როგორც მოქალაქის აზრი, თუ რატომ უნდა იყოს გაცილებით მეტი ქალი პოლიტიკაში, ვიდრე დღეს გვაქვს ამის მოცემულობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ვფიქრობ, რომ შედარებით უფრო ვრცელი და პირადად ჩემთვის მრავლის მომცველია. უპირველეს ყოვლისა, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების წარმატებით განხორციელებას. პოლიტიკაში ქალთა აქტიურობა სამომავლოდ ხელს შეუწყობს ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების წინ წამოწევას, როგორიც არის ეკოლოგიის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლების და დასაქმების სფეროები. პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობამ, შესაძლოა, ამ სფეროებში პრობლემების აღმოფხვრის ახლებური და უფრო ეფექტური ხედვა შემოიტანოს. თუმცა შესაძლებელია რამდენიმე კონკრეტული ფაქტორის გამოკვეთა იმ ძირითად საჭიროებათა ასახსნელად, თუ რატომ უნდა იყვნენ ჩენმი აზრით ქალები პოლიტიკაში:
პირველ რიგში ეს არის სამართლიანობის არგუმენტი. ყველასათვის ცნობილია, რომ დემოკრატიაში ყველა ხმა თანაბრად უნდა ჟღერდეს. თუმცა მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ქალები, რომლებიც გლობალური მოსახლეობის ორმოცდაათ პროცენტს წარმოადგენდნენ, დღემდე არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე, მათაც აქვთ უფლება, რომ მამაკაცების მსგავსად დომინირებდნენ პოლიტიკურად, სოციალურად, ეკონომიკურად და ფიზიკურად. 1948 წელს უნივერსალური დეკლარაციის მიღების შემდეგ, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, პოლიტიკურ უფლებად იქნა აღიარებული. ქალები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, 52.31%-ს წარმოადგენენ და მათ გააჩნიათ სრული უფლება, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ყველა დონეზე, მათ შორის ეროვნულ და ასევე ადგილობრივ დონეებზე, არჩევნების გზით მოპოვებულ მანდატებს ფლობდნენ. ეს პროცესი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისათვის, რათა ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ განვითარების დღის წესრიგის განსაზღვრაში.
ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისა და მათი წარმომადგენლობის ზრდის აუცილებლობისათვის, ვფქირობ, რომ არანაკლენ მნიშვნელოვანია განსხვავებულ ინტერესთა არგუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებს მამაკაცებისაგან განსხვავებული, სოციალურად კონსტრუირებული ინტერესები გააჩნიათ, სწორედ ამიტომ აუცილებელია სათანადოდ აგრეგირებული იქნას მათი ინტერესები გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე. ქალებს აქვთ თავიანთი სპეციფიკური ინტერესები და შესაბამისად, მამაკაცებს არ ძალუძთ მათ ლობირება გაუწიონ. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის, ქართველი ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი ქალი, ნინო ორბელიანი გაზეთ “სახალხო საქმეში” სწორედ ამ “სპეციფიურ ინტერესებს” გულისხმობდა, როდესაც წერდა, რომ “ქართველ ქალებს საშუალება გვეძლევა შევიტანოთ ცხოვრებაში საკუთარი ჩვენი შემოქმედება, გავამდიდროთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრება ისეთი საკითხებით, რომლების აღძვრაც და პასუხის გაცემა-გადაწყვეტაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ”.
როდესაც ვსაუბრობთ, თუ რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, ასევე შეუძლებელია გვერდი ავუაროთ გამოცდილების არგუმენტს. ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული გამოცდილება გააჩნიათ. ქალები ფლობენ უნიკალურ გამოცდილებას, განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოციალურ სფეროებში. ხშირად კი მამაკაცები წყვეტენ ისეთ საკითხებს, რომ არ არიან კომპეტენტურები და არა აქვთ ამ სფეროებში შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებულ გადასაჭრელ პრობლემებს ეხება.
არაერთი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს, რომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში ქმნის განსხვავებებს. თანამედროვე პოლიტიკა გახდა უფრო ფართო მასებზე და ზოგადად ქალთა საჭიროებებზე მორგებული, რაც უკეთესი დემოკრატიის, გაზრდილი გამჭვირვალობისა და გაუმჯობესებული მმართველობის შედეგია. უფრო მეტად ადამიანური და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომა გაცილებით უფრო მეტ ნდობას აღძრავს მოქალაქეებში პოლიტიკისადმი დამოკიდებულებაში.
აი სწორედ ამიტომ, ვთვლი და ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ დღეს გაცილებით მეტი ქალი გვჭირდება ქართულ პოლიტიკაში.”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანაკლიაში ღონისძიებების ჩატარებას წელს Black Sea Arena უზრუნველყოფს
Next post გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა