„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ არასწორი მიმართულებით მიდის.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილება 62 პროცენტამდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამერიკელთა 37 პროცენტი თეთრი სახლის ლიდერის პოლიტიკას იზიარებს.
ამასთან, „ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებს შორის ტრამპის მიმართ მხარდაჭერა კვლავ მაღალია, თუმცა მას ამჯერად რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 45 პროცენტი სრულად უჭერს მხარს, მაშინ, როდესაც გასული წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 53 პროცენტი იყო.
რაც შეეხება ირანთან შეთანხმების გაფორმებას, გამოკითხულთა 48 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა დადოს სამშვიდობო შეთანხმება ირანთან, მაშინაც კი, თუ ეს აშშ-სთვის უარეს შედეგებს გამოიწვევს, ხოლო 46 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა აიძულოს ირანი უკეთესი შეთანხმებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას ნიშნავს.
გამოკითხვის თანახმად, 61 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან შეცდომა იყო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, ხოლო 65 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ხელს შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის შემუშავებაში.
„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ გამოკითხვაში მონაწილეობა 2 560 ზრდასრულმა ამერიკელმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღო. მათთან ინტერვიუები ინგლისურ და ესპანურ ენებზე ჩატარდა.

