კვირა, ნოემბერი 29, 2026

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის.

„[ევროპარლამენტი] გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაპატიმრებების, დაუნდობელი მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციას; კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება ქართველი ხალხისთვის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად; ღრმა იმედგაცრუებით აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი; სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ უკუსვლა დაფიქსირდა ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობები იყო; ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განცხადებების შეუსაბამობას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც, პარალელურად, მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია აწარმოებენ ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიას, ავრცელებენ რა მანიპულაციურ რუსული სტილის ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის, მისი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტს აწუხებს ის ფაქტი, რომ „2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო ინტენსიურად გააგრძელა სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა“.

„[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების სწრაფი რღვევით მისი დემოკრატიული ინსტიტუტების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმების გზით, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელ დემოკრატიულ განვითარებას; იზიარებს კომისიის შეფასებას, რომ ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, როგორიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებები, აკლიათ მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული ზედამხედველობა; ხაზს უსვამს, რომ საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას და, სხვა საკითხებთან ერთად, არ უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, არ დაიცავს ოფიციალური ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ეფექტურად არ გაუმკლავდება ოლიგარქიულ კონტროლს და არ გააუმჯობესებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თაკო ჩარკვიანი – გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი, როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე თამარ ჩერგოლეიშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჩერგოლეიშვილს „გაზპრომის ფედერალისტს“ და „გაზპრომის ვირთხას“ უწოდებს.ამასთან, როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ყველას ახსოვს, რომ ჩერგოლეიშვილი ყოფილი ხელისუფლების დროს „გადასარევად გრძნობდა თავს“.„გააძევეთ და ჩამოაგდეთ ტრიბუნიდან ეს „გაზპრომის ვირთხა“ ჩერგოლეიშვილი. როგორც ლენინი და კრუპსკაია, უკვე ასეა ეს ცოლ-ქმარი. ვაი იმ უტვინოს ან ამ „თაღლითისნაირს“, ვინც ვერ ხვდება, ეს დუპლეტი ვინ არის და ვის დავალებას ასრულებს, ქმართან – ბოკერიასთან ერთად, ეს „გაზპრომის“ ვირთხა. უშიშროების საბჭოს მდივანი რომ ჰყავდა ქმარი და პასუხი რომ არასოდეს მოსთხოვეს „ჩადენილზე“ ამ საბოტაჟის მომწყობს, ახლა რომ გაჰკივის ეს ქალი, ავტოკრატია იყოო ყოფილი ხელისუფლების დროსო. ანუ, მე და ჩემი ქმარი ვიყავით ავტოკრატებიო. ყველას ახსოვს, რომ ეს ჩერგო გადასარევად გრძნობდა თავს. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ჰქონდა მის ქმარს და თუ ვინმე ეზიზღებოდა ხალხს, ეს სწორედ ბოკერიაა. ადამიანები ხელს სწორედ ბოკერიას ადებდნენ ციხის ბუნტის თუ სხვა პატიმრების საქმეებში (დევს სასამართლო ჩვენებები ღიად). საბოტაჟში დებდნენ ბრალს ადამიანები, ხოლო ამ თაღლითი ჩერგოლეიშვილის პროტესტი კი არ მახსენდება. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს ავტოკრატია იყოო, ახლა რომ გაჰკივის, „გრიალი“ და მის მიერ „გაზპრომიდან“ აღებული „მაყუთი“ კი გვახსოვს. არავის უხდის პუტინის „გაზპრომი“ ფულს ისე, ტყუილ-უბრალოდ არავის ამდიდრებს ოკუპანტი. ფაქტობრივად გუშინ აქციაზე ამ ქალმა თქვა, ავტოკრატი ვარო, ჰოდა, წაეთრიონ უნდა პოლიტიკიდან ავტოკრატები, რომ იყვნენ ეს და მისი ქმარი ბოკერია. ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა ქალმა აქციაზე – ავტოკრატები ვიყავით მე და ჩემი ქმარიო, აი, ეს თქვა ამ „გაზპრომის ფედერალისტმა““, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში თაკო ჩარკვიანი ასევე წერს: „ისე, ერთი სიკეთე კია, ამ ჩერგო-ბოკერიამ გუშინ (ვფიქრობ, საბოლოოდ ) ამ მავნებლური ბანერით – რუსეთის საამებელი ბანერით დაასრულეს თავიანთი ბინძური, მრავალწლიანი პოლიტ „მოღვაწეობა“ (თან უტვინოც აღმოჩნდა და ვერ გათვალა) და ყველა ის „მოლიდერო“ პოლიტიკანი მათთან ერთად დასრულდება, ვინც ამ „გაზპრომის ვირთხებთან“ ერთად გააგრძელებს პოლიტიკურ წუმპეში გორაობას. სრულიად საქართველო, „იმისტი და ამისტი“ თანხმდება, რომ ეს ცოლ-ქმარი ნადეჟდა კრუპსკაია და ლენინივითაა. ზოგი ჭირი მარგებელიაო“.ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა. 

სიონის ტაძარში მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს – მას 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

სიონის ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.მიტროპოლიტს 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, დაკრძალავენ.მიტროპოლიტი აბრაამი თბილისში 28 ნოემბერს ჩამოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. იგი 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება.ცნობისთვის, მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

მიანმარში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო-საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა

მიანმარის დასავლეთ რაკჰაინისა და აღმოსავლეთ კაიაჰის შტატში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიანმარის სამხედრო საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ავრცელებენ.ადგილობრივი ჰუმანიტარული მუშაკისა და ამბოხებული დაჯგუფების „არაკანის არმიის“ ინფორმაციით, სამხედრო გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ორი ცალკეული თავდასხმა ქალაქ მრაუკ-უზე, დასავლეთ რაკაინის შტატში განახორციელა. გამანადგურებელმა პირველი ბომბი დაახლოებით 16:00 საათზე ჩამოაგდო, მეორე კი –  19:50 საათზე.„როიტერის“ ცნობით, მიანმარი არეულობაშია მას შემდეგ, რაც სამხედროებმა 2021 წელს გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. სამოქალაქო ომის გაჩაღებამ დაახლოებით 100 000 ადამიანი იმსხვერპლა და 3.5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გახადა.

გენო პეტრიაშვილმა კუბელი მეტოქე 6:0 დაამარცხა და RAF-ის საჩემპიონო ბრძოლაში იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ტურნირზე კუბელი მეტოქე იონგერ ბასტიდა 6:0 დაამარცხა.ქართველმა მძიმეწონოსანმა შეხვედრა სრული კონტროლით წარმართა - მეტოქეს ხალიჩის საზღვრები ოთხჯერ დაატოვებინა, დამატებით ორი ქულა კი კონტრშეტევისას აიღო. ჩიკაგოში გამართულ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებით პეტრიაშვილმა მძიმე წონის საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტის სტატუსი მიიღო. ტიტულისთვის იგი ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს შეხვდება - საჩემპიონო ბრძოლა 19 დეკემბერს ნიუ-იორკში, RAF 16-ზე გაიმართება. ეს პეტრიაშვილის მეორე წარმატებაა აღნიშნულ ორგანიზაციაში.სადებიუტო შეხვედრა მან ივლისში, საქართველოში გამართა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. RAF-ში ჩატარებულ ორ ორთაბრძოლაში ქართველ მოჭიდავეს ჯამში 16 ქულა აქვს დაგროვებული, საკუთარი ქულა კი ჯერჯერობით არცერთ მეტოქეს არ აუღია.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეფედრონი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენო ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ საკვები ზეთისთვის  განკუთვნილ ჰერმეტულ ქილებში მალულად განთავსებული 6 კილოგრამზე მეტი ,,მეფედრონი" აღმოაჩინეს.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები