ირანის წინააღმდეგ მასიური დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავ, უფრო მასიურის, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.
“განვიხილავ მასიურ დარტყმას. უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან. სრულიად მზად ვართ ამისთვის”, – განაცხადა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ ისრაელი “ორ წუთში შემოგვიერთდება თუ ვთხოვ,” მაგრამ დაამატა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დასაწყებად “არავინ გვჭირდება”.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას “შედეგები” ექნება, რაშიც, მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ისრაელისთვის ირანის პასუხს გულისხმობდა.
ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადა არ დაუკონკრეტებია. ორმა სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა – Axios საუბარში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და სამხედროებს ახალი ბრძანებები არ მიუღიათ.

