არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს, მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა შეუძლია თუ არა ტაივანელ ხალხს თავი მეტ-ნაკლებად დაცულად იგრძნოს სი ძინპინთან მისი შეხვედრის შემდეგ.
„არაფერი შეცვლილა. ამას ვიტყვი: არ მინდა, რომ ვინმე დამოუკიდებელი გახდეს. და, იცით, 9,500 მილი უნდა გავიაროთ ომში საბრძოლველად. არ მინდა ეს. მინდა, რომ დამშვიდდნენ. მინდა, რომ ჩინეთი დამშვიდდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მკაფიო პასუხი არ გასცა კითხვას, მოაწერს თუ არა ხელს ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის პაკეტს, რომელიც დიდი ხნის წინ გადაიდო.
„შემიძლია ეს გავაკეთო. შემიძლია არ გავაკეთო. ომებს არ დავეძებთ. თუ ასე დარჩება, ვფიქრობ, ჩინეთი ამას დაეთანხმება. მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმემ თქვას: „მოდით, დამოუკიდებლები გავხდეთ, რადგან შეერთებული შტატები გვიჭერს მხარს“, – განაცხადა ტრამპმა.

