დავით ზალკალიანი: ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშელის ვიზიტმა დაადასტურა

Read Time:1 Minute, 26 Second

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცილების ოფიციალური ცერემონიის დასრულებისას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იყო უაღრესად დროული და შინაარსიანი.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული შიდა პოლიტიკური მოვლენების მოწესრიგების პროცესში, მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი სტაბილურობას და სტაბილურ განვითარებას ქვეყანაში.

„აუცილებელია, ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ კრიზისული სიტუაციიდან, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს იმ უაღრესად სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც არის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, ასევე პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილულ იქნას რეგიონში არსებული სიტუაცია: „ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე იმყოფებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე რეგიონებში და საკუთარი თვალით ნახა იქ არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში დიალოგი კვლავ გაგრძელდება და უკვე ორ კვირაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროპის საბჭოს ასოცირების საბჭოში, კიდევ ერთხელ იქნება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები, როგორ უმკლავდება ქვეყანა გამოწვევებს“.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ძლიერი მხარდამჭერი ყველა პროცესში და რომ ის არის უაღრესად დაინტერესებული იმით, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ამ პროცესში ჩართული, მოძებნოს საშუალება პოლიტიკური დიალოგის და დეესკალაციის საშუალებით გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. „რა თქმა უნდა, იმედი მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ის ოპონენტი და პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ამ პროცესში ჩართული, კონსტრუქციულად გააგრძელებს დიალოგს და მოიძებნება საშუალება ამ სიტუაციიდან გამოსავლის“, – დასასრულს აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი, ასევე შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა: თუ ოპოზიცია ისეთი „ჩმორი“ წარმოუდგენიათ, როგორიც უზით პარლამენტში, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ
Next post გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება