„ოცნებას“ თუ სურდა ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვა, საკმარისი დრო ჰქონდა, თავად გადატვირთულიყო. რას უნდა ველოდოთ, რა გადატვირთვაზეა საუბარი?, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის დონე, რა დონეზეც აშშ-ი შეხვედრები ტარდება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სერიოზულად არავინ უყურებს.
„აშშ-ში შეხვედრები ლამის კორიდორებში მიდის, იმის იქით არა, კორიდორებში ხვდებიან ძალიან დაბალი რანგის წარმომადგენლებს. მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ სახელმწიფო მდივნებს და ვიცე-პრეზიდენტს პირადად ვმასპინძლობდით ამ ქვეყანაში, ვიზიტები უმაღლეს დონეზე იყო და, ზოგადად იყო სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა საერთოდ არ არსებობს, გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა. ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი მაქსიმალურად ცდილობენ, გამოიყენონ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება და ვხედავთ, ფაქტობრივად პირადად მეგობრობენ, შეიძლება, ითქვას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მარტო ხელის ჩამორთმევა აღარ არის, ეს არის უკვე სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა და დღე-დღეზე ელოდებიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს. და ჩვენ, „მადამ ტუსოს“ მუზეუმში თუ შევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და იქ ტრამპის ცვილის ფიგურას თუ ჩამოართმევს ხელს და ამას სინამდვილედ თუ გაასაღებს, თორემ, რეალურად იქ რომ არანაირი ხელშესახები შედეგი არ იქნება, სამწუხაროდ, ფაქტია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, ისიც საინტერესოა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, აშშ-ში მამუკა მდინარაძეც იმყოფება.
„სუსს თუ ჰგონია, რომ საკმარისია ერთი განცხადება, თურმე მდინარაძე თბილისშია, ჩვეულებრივად მუშაობს, ეს ასე არ არის. სავარაუდოდ, იმიტომაც ვერ აღიარებენ მის ამერიკაში ყოფნას, რომ რეალურად ეს ვიზიტი, რომელიც ბატონი მდინარაძის იქ ყოფნის პარალელურად მიდის, არის ასეთ დაბალ დონეზე, ვერანაირი ხელშესახები შედეგები ვერ დაიდო“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

