გიორგი ვოლსკი: გულწრფელად გეტყვით, არც იქნებოდა საშური, რომ სააკაშვილის ამ გუნდთან ერთად ხელი მოგვეწერა რაიმე დოკუმენტზე

Read Time:2 Minute, 19 Second

ადამიანებმა თქვეს, რომ საერთოდ უღირსი საქციელი ჩაიდინა უმრავლესობამ, რომელმაც რეზოლუცია შემოიტანა. ამას მინდა ვუპასუხო: უღირსობა არის, რომ გაიქცევი და შენ დაცვას გაასწრებ; უღირსობა არის ის, რომ მეომრებს ბრძოლის ველზე დატოვებ; უღირსობა არის ის, რომ მოღალატეობრივ რეზოლუციას ხელს მოაწერ, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“. მან 2008 წლის დროინდელი ოფიციალური დოკუმენტებიდან ამონარიდები წაიკითხა.

„ერთი და იგივე საუბარი რომ არ გამოგვივიდეს მუდმივად, რამდენიმე ამონაწერი მინდა წაგიკითხოთ ოფიციალური დოკუმენტებიდან. ერთი არის საუბრის ჩანაწერი, რომელიც შედგა აშშ-ის საკმაოდ მაღალი დონიდან, რასაკვირველია სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე, თუ როგორ უნდა ემოქმედა საქართველოს რომ გაზრდილიყო საერთაშორისო ძალები იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები აკონტროლებდა და რა გაფრთხილებები იყო, რომ არ დაგვეშვა, მოგვეხადა რუსებისთვის ცისფერი ჩაფხუტები და წასულიყო ის დესტრუქციის გზით.

ვრცელი დოკუმენტიდან საუბრის ჩანაწერს წაგიკითხავთ, რას ეუბნება ამერიკელი მაღალჩინოსანი, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას უზიარებს ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლებს:

„ყოველივე ზემოთ აღნიშნული და გალის რაიონში საერთაშორისო საპოლიციო ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტის განლაგება შექმნის ახალ განზომილებებს და გაზრდის კონფლიქტის მოწესრიგების შანსებს. აშშ და მეგობართა ჯგუფი სწორედ ასეთ მიდგომას უჭერენ მხარს და მძლავრად უჭერენ მხარს. და თუ საქართველო მაინც კონფრონტაციის გზას აირჩევს, ეს ნიშნავს, რომ იგი რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს, და იგი დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას“.

შემდეგი დოკუმენტი მინდა წავიკითხო, რომელიც არის ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, აშშ-ის პრეზიდენტის სახელით საუბრობს იგი სააკაშვილთან პირადად და რას წერს:

„ბატონო პრეზიდენტო,
ნუ მისცემთ რუსებს იმის საშუალებას, რომ თქვენი პროვოცირება მოახდინონ. თქვენ გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეეცდება გაიძულოთ რაიმე სისულელე გააკეთოთ, ნუ უბიძგებთ რუსეთს შეიარაღებული ძალების მოქმედებისკენ, არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ“.

ხომ არ გეცნობათ ეს სცენარი, ახლა რაც თქვენს სიუჟეტში გავიდა. რუსეთი შეეცდება, რომ გააკეთოს ხელოვნურად ის, რაც სააკაშვილმა არახელოვნურად გააკეთა. ანუ შეკვეთა რა იყო – რუსეთის მხრიდან იყო შეკვეთა სროლის. რატომ გგონიათ, რატომ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო რუსეთთან?

აი რას წერს [მიხეილ სააკაშვილი] თავის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოვიდა:
„სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები აქტიურად იყო მხარდაჭერილი რუსეთის ფედერაციის მიერ, კერძოდ 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა ასეულობით ჯარისკაცი“.

რა ხდება ამის შემდეგ. ამის შემდეგ ხდება ის, რომ საერთაშორისო დონეზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დელეგატები აღნიშნავენ, რომ ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრებისთვის და შემდეგ წერს, რომ „საქართველო სამხედრო ძალების მიერ, ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი ომის ფაზაში გადავიდა“. და შემდეგ საკმაოდ მძიმე შეფასებებია, რაც გააკეთა სააკაშვილმა. ამ რეზოლუციას ხელს აწერს ქართული დელეგაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ იყო მივლინებული.

აი, ამ დოკუმენტების შემდეგ, რომლის მცირე ნაწილი გავაცანი თქვენ მაყურებელს, როგორ შეიძლება, რომ ამ ძალამ ამ ადამიანებმა, ვინც ახლა უკრაინაშია და ძალუმად იქნევენ უკრაინულ დროშას, ამ ძალას რაიმე პოზიტიურ ჩანაფიქრზე ჰქონდეს პრეტენზია, როდესაც გათეთრებას ახდენენ იმ შავი წარსულის, რომელიც ახლახან წარმოგიდგინეთ ამ დოკუმენტებით. გულწრფელად გეტყვით: არც იქნებოდა საშური, რომ სააკაშვილის ამ გუნდთან ერთად ხელი მოგვეწერა რაიმე დოკუმენტზე, რომელიც სხვათა შორის მოიწონა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც და რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც შესაბამისი განცხადება გააკეთა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იგორ კვესელავა-ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში იმოქმედა პრაგმატულად მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გულზე არ ეხატება. პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით მიიღო სწორი გადაწყვეტილება
Next post პეკინი 2022 | ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე საქართველო ცხრა სპორტსმენით წარდგა