ოთხშაბათი, მაისი 20, 2026

გიორგი ვაშაძე – სალამი აშშ-დან – ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის  „ქართულ ოცნებას“

„სალამი აშშ-დან, ვაშინგტონიდან. ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ს პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს. სწორედ ჩვენი პროტესტის ერთიანობის გამო, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება საქართველოში, ამაში დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები. რაც მთავარია, ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“. წინ გამარჯვებისკენ. სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ -განაცხადა ვაშაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები

ბრიტანეთში რომ ისევ შევა რუსული ნავთობი, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან ითხოვდა, აქ არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გარკვეული პერიოდის წინ, ბრიტანეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის წევრებთან ითხოვდა შეხვედრებს და ნახევრად მუქარაშერეული ტონით საუბრობდა, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები.„ელჩს როცა ეუბნებოდნენ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო. ასეთი წარმოდგენები აქვს ბრიტანეთის მოქმედ ელჩს. სინამდვილეში გულისხმობდა, რომ ბოლოს სანქციები უნდა დაგვეწესებინა, ან რუსეთისთვის, ან ბიზნესზე ზეწოლა უნდა მოგვეხდინა. როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შემოვა ნავთობპროდუქტები, მაშინ გამოვა, რომ სხვა ბაზარი უნდა მოიძიოს ბიზნესმა, რაც გააძვირებს საქართველოში ბენზინის ფასს, ამაზე მისი პასუხი იყო, რას იზამ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება. დღეს ვიგებთ, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები. ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, ალბათ გაწყდებოდა საერთოდ ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩვენ თუ არ შემოვიტანდით ნავთობს, ალბათ ისინი ემბარგოს დაადებდნენ. ​ ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. ასეთი ამორალურია სამწუხაროდ საერთაშორისო პოლიტიკა. მორალი არის, რომ ჩვენ თუ ჩვენ თავს არ მივხედეთ, არც ბრიტანეთის ელჩი და არც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს საზრუნავზე არ იზრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ლაშა ფარულავა – „ოპოზიციის ალიანსი“ არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე

ალიანსი არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე. ეს მათ შორის ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება, განსხვავებული კამპანია გვქონდეს 26 მაისამდე, თუმცა ვახდენთ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების მობილიზებას, რათა ოპოზიციამ მოიკრიბოს ძალა და ერთად შევეცადოთ, მივიღოთ ახალი არჩევნები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, „პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე ქვეყანაში ვერ მოხდება დემოკრატიული ტრანსფორმაცია“.ამას ყველა ვეთანხმებით. ცხადია, ჩვენ ვართ ერთად პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნით, ერთად ახალი არჩევნების მისაღებად“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.ჟურნალისტის კითხვაზე, „ჩვენი ინფორმაციით, 18 მაისს გაიმართა ალიანსის შეხვედრა, რასაც არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“. შეხვედრა ეხებოდა 26 მაისის ორგანიზებას. რატომ არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა?“, ლაშა ფარულავამ უპასუხა:„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 26 მაისს ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ვიქნებით, რათა მივიღოთ ახალი არჩევნები და გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ეს არის საკითხი, სადაც ყველა ვართ ერთიანები. ცხადია, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების გარეშე დემოკრატიული ტრანსფორმაცია ქვეყანაში არ და ვერ მოხდება. რაც შეეხება ტექნიკურ შეხვედრებს, ლოგისტიკურ საკითხებზე შეიძლება, ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა ჩვენ ვართ მუდმივ რეჟიმში, სამუშაო პროცესში.  ჭიქაში ქარიშხალს ტყუილად ნუ ექნება ადგილი, რადგან ბუნებაში ასეთი არ არსებობს. არ ვართ გამოყოფილები, ჩვენ ვართ ერთიანები. დემოკრატიული ოპოზიცია, მათ შორის ალიანსის სუბიექტები ერთიანები არიან ორ მთავარ მოთხოვნაში. პირველი არის ახალი სამართლიანი არჩევნები და ამასთან დაკავშირებით ერთიანი ექვსპუნქტიანი შეთავაზება მომზადდა, თუ რას ვეძახით არჩევნებს; მეორე – როგორ უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეები. ამასთან დაკავშირებით უკვე 26 მაისს უფრო მეტს ვისაუბრებთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ერთიანები და არა მხოლოდ ამ საკითხებთან მიმართებით“.

ზვიად შალამბერიძე – დღეს ევროლიდერების დუმილს ვადევნებთ თვალყურს, მოლოდინი არ მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის წერილზე ევროკავშირისგან პასუხს მივიღებთ

ევროკავშირის გარკვეული ლიდერები იმ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების მძევლები არიან, რომელიც საქართველოს მიმართ ჰქონდათ მიღებული, სწორედ ეს არის, რაც მათ მსგავსი ფაქტების აღიარებისას ხელს უშლით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.მისი თქმით, ისინი თუ დანიაში ჩადენილ ძალადობას აღიარებენ, მაშინ მოუწევთ, ის ფაქტები და ძალადობრივი აქციები აღიარონ, რომელიც საქართველოში ხდებოდა.„მათ საუბარი მოუწევთ 4 ოქტომბრის აქციაზე, რომლის მიზანიც მთავრობის დამხობა იყო. დღეს ევროლიდერების დუმილს ვადევნებთ თვალყურს, რომელსაც ალბათ, ისინი გააგრძელებენ. მოლოდინი არ მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის წერილზე ევროკავშირისგან პასუხს მივიღებთ“, – განაცხადა შალამბერიძემ.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართა.

შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს „შუა დერეფნის“ ნაწილია, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ჩინეთში იმყოფება. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, რომლებიც ორი წლის წინ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანთან, ამავე პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჭაო იდესთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანჭებს ჩინეთთან თანამშრომლობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.„დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელმაც უკვე მოიტანა კონკრეტული ეკონომიკური შედეგები. სავაჭრო პროდუქციის დაახლოებით 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ექცევა. უვიზო რეჟიმმა ასევე გაზარდა ტურისტების რაოდენობა როგორც საქართველოდან ჩინეთში, ისე ჩინეთიდან საქართველოში, რაც საბოლოოდ ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის გაღრმავებას უწყობს ხელს.როგორც თქვენ აღნიშნეთ, შაანსი და სიანი აბრეშუმის გზის საწყისი წერტილია და ამას საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ხოლო დღეს ტრანსკასპიური მარშრუტის, ე.წ. „შუა დერეფნის“ ნაწილია. ამ გზამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ჩვენს ეკონომიკურ, ისე კულტურულ განვითარებაში. საქართველომ აბრეშუმის გზისგან სარგებელი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ კულტურულადაც მიიღო. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანას.ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 9%-ით იზრდებოდა. ამან შესაძლებელი გახადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკა თითქმის გასამმაგებულიყო. უმუშევრობა, რომელიც 10 წლის წინ 30% იყო, წელს 9%-მდე შემცირდა და ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის 3-4%-მდე დავიყვანოთ. ამავე პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წლის დაახლოებით 4500-5000 დოლარიდან წელს 10 000 დოლარზე მეტამდე გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ, ჩინეთის მაგალითის გათვალისწინებით, სწრაფი განვითარების გზას მივყვებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, საქართველო ჩინეთისა და ევროპის ერთმანეთთან დასაკავშირებლად ყველაზე სწრაფ და ეკონომიურად ეფექტიან გზას სთავაზობს პარტნიორებს.„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკისა და სოციალური სისტემის კოლაფსი მოხდა. ამიტომ აუცილებელი იყო განვითარების მაღალი ტემპი, რათა ქვეყანა იმ დონემდე მისულიყო, რომელიც მისი მომავალი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ ამ ზრდის ტემპის შენარჩუნებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც შევძლებთ. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მასშტაბი დიდ ქვეყნებს ვერ შეედრება — საქართველოში სულ დაახლოებით 3.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობით მხოლოდ თქვენი ერთ-ერთი რეგიონის ზომასაც ვერ ვუახლოვდებით.თუმცა არსებობს სფეროები, სადაც მსოფლიოს ბევრის შეთავაზება შეგვიძლია. ერთ-ერთი მათგანია ღვინის წარმოება — საქართველოს ტრადიციული და ისტორიული ინდუსტრია. როგორც ცნობილია, საქართველო ღვინის აკვნად მიიჩნევა. ქვეყანაში 8000-წლიანი უწყვეტი მეღვინეობის ტრადიცია არსებობს, რაც მეცნიერულადაც დადასტურდა. უფრო მეტიც, წელს უკვე სრულად არის წარმოდგენილი სამეცნიერო მტკიცებულებები და გაიმართა საერთაშორისო კონფერენციებიც, რომლებიც ადასტურებს, რომ დაახლოებით 8000 წლის წინ ხორბლის კულტივაციაც საქართველოში დაიწყო. ღვინო და პური კი კულტურის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია — და სწორედ ამ კულტურას ვუზიარებთ მსოფლიოს. მომავალ წელს საქართველო და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების 35 წლის იუბილეს აღნიშნავენ. განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთგაცვლა.როგორც შუა დერეფნისა და ტრანსკასპიური მარშრუტის ნაწილი, საქართველო ჩინეთისა და ევროპის ერთმანეთთან დასაკავშირებლად ყველაზე სწრაფ და ეკონომიურად ეფექტიან გზას სთავაზობს პარტნიორებს. დღეს, როდესაც საქართველოს ჩრდილოეთით უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს, ხოლო სამხრეთით ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებია, შუა დერეფანი და ტრანსკასპიური მარშრუტი უსაფრთხო და ეფექტიან სატრანზიტო კავშირს უზრუნველყოფს. თქვენ ახსენეთ ქართველი სტუდენტები, რომლებიც სიანში სწავლობენ. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ჩინეთთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ასევე გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილია.„ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს განათლების სისტემის რეფორმა — როგორც სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ისე სასწავლო პროგრამების, კურიკულუმებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მომავალ კვირას საქართველოს განათლების მინისტრი ჩინეთს ეწვევა და ექნება შესაძლებლობა, ჩინელ კოლეგებთან გამართოს შეხვედრები. მსურს აქაც აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს განათლების სფეროში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაცვლის. პარლამენტი სრულად უჭერს მხარს უნივერსიტეტებს შორის, სამინისტროებს შორის, საპარლამენტო კომიტეტებსა და პარლამენტის წევრებს შორის თანამშრომლობას როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, რათა გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება.ჩინეთის განათლების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და მაღალხარისხიან სისტემად მიიჩნევა. უკვე ბევრი ქართველი სტუდენტი სწავლობს ჩინეთში, მათ შორის ჩინური სტიპენდიების მხარდაჭერით, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავთ. დასასრულს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასევე გლობალური პროცესებისა და საერთაშორისო საკითხების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ანდრია ჯაღმაიძე – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა იყო საქმიანი, უახლოეს მომავალში ჩვენი მონაწილეობით შეხვედრა შედგება სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა საქმიანი  და საინტერესო იყო.მისივე თქმით, საპატრიარქო შეეცდება, საკითხი სიღრმისეულად შეისწავლოს.„შეხვედრა იყო საქმიანი და ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ცოდნას ამ სფეროში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან მშობლები. ჩვენ, საპატრიარქოს, გვაქვს გარკვეული გამოცდილება საზოგადოებისთვის მტკივნეულ საკითხებში ჩართვისა. ასეთი საკითხები წყდებოდა ხოლმე გაფართოებული ფორმატით, სადაც სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. შევეცდებით, საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ. უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეს შორის ჩვენი მონაწილეობით. საპატრიარქოს მხრიდან ჩართული იქნება წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ასე რომ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ დაავადების მქონე ბავშვებს შესაბამისი დახმარება მიეცეთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ბოლო სიახლეები