„აფხაზეთში საომრად შვილთან ერთად წავიდა და… მას ჩააკვდა ხელში… ამ ტკივილით, კეთილშობილურად დაბერდა. ღირსება არ დაუკარგავს“ – უცნობი ფაქტები ლევან თედიაშვილის ცხოვრებიდან

Read Time:3 Minute, 38 Second

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

ლევან თედიაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრი, ღირსების ორდენების კავალერი იყო. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა 1987 წელს გამოსულ რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.

ბოლოს ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონში” მთავარი როლი ითამაშა. ამერიკაში გადაღებულ ფილმში, ლევანმა ემიგრანტის მამის როლი შეასრულა, რომელიც შტატებში შვილის გადასარჩენად ჩადის.

რეჟისორი გვიყვება, რომ ლევანი ერთ-ერთ აქციაზე ნახა და ჩუმი, ორდღიანი დაკვირვების შემდეგ, ის ფილმში სათამაშოდ დაიყოლია.

ლევან კოღუაშვილი: ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და თავს ვიკავებდი. მერე მითხრეს, რომ არ არის ცუდად, პოლიტიკურ მიტინგებზეც დადის ხოლმეო. ჰოდა, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიტინგზე მის სანახავად მივედი, რუსთაველზე. (მიტინგზე მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ მსახიობებს ვარჩევ.)

ორი დღე დავყვებოდი უკან და ვაკვირდებოდი, როგორ მოძრაობდა, როგორი იყო. მერე მივედი, დაველაპარაკე. მოხიბლა იმან, რომ მეც ლევანი მქვია… დამთანხმდა. უკვე მე უნდა გადამეწყვიტა, ყურში კარგად არ ესმის და რთულია ასეთ დროს მუშაობა. მაგრამ კადრში იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო იყო, რომ ამ პრობლემის მიუხედავად, გადავწყვიტე მისი გადაღება.

კინოში თავისი შემოსვლით გამოსახულება გაამდიდრა.

წამოვალ ამერიკაში, პრობლემა არ არის, მილიონჯერ ვარ ნამყოფიო… თუ სუშის მაჭმევ ყოველდღე, ვითამაშებო, მითხრა. დუბლების გადაღება არ უყვარს, ვერ იტანს და “ვკერავდი”, ერთი-ორი დუბლიც, ლევან და საღამოს სუში იქნება-მეთქი, ვეტყოდი. სუში გვეხმარებოდა.

როგორც მომიყვა, “ხარება და გოგიაში” გადაღება არ უნდოდა და გიორგი შენგელაიამ ცეკა ჩართო, რომ მას ეთამაშა. ფაქტობრივად, ცეკამ უბრძანა თამაში. ფილმში გადაღება სულ არ ადარდებდა, არ ეცალა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, რთველის სეზონზე დაკავებული გახლდათ.  მაგრამ აიძულეს.

ძალიან საინტერესო და არაორდინალური პიროვნებაა. ასეთ პიროვნებასთან ურთიერთობა, ერთის მხრივ საინტერესოა, მაგრამ სირთულეები აქვს. ბევრი რამ მომცა ადამიანურად. თითქოს ხუმრობს და ამ ხუმრობის მიღმა დიდი ტკივილი იმალება, რომელსაც იუმორით ფარავს.

ძლიერი და ღირსეული ადამიანია. თავისი ტკივილის მიუხედავად, ღირსეულად იქცევა.

სპორტული დისციპლინა ფენომენალურად აქვს გამომუშავებული. ნიუ-იორკში გადაღების მეხუთე დღეს, ხელი მოიტეხა. ჩემი სასოწარკვეთილი სახე რომ დაინახა, მითხრა, შენ ნუ შეგეშინდება, ხვალ გადაღებაზე მოვალო. მოტეხილი ხელით გავაგრძელეთ მუშაობა. ძალიან დასაფასებელია, როცა მის ასაკში, ასეთ რამეს აკეთებს კაცი.

მიხარია, რომ ლევანი და კახი კავსაძე, ეს ორი ლეგენდარული პიროვნება, ერთად დაფიქსირდნენ ჩემს ფილმში. მათ აქვთ გადაკვეთის სცენები… სულ ხუმრობდნენ. ეს იყო ორი არაორდინალური ადამიანის შეხვედრა. არც ერთს ყურში არ ესმოდა კარგად… ერთმანეთს უყვიროდნენ, ამ დროს, მე ვუყვიროდი ორივეს, ჭკუაზე არ ვიყავით… აი, ასე გადავიღეთ.

მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნანამ მომიყვა, ძალიან კარგად იცის ანატომიაო. სწავლობდა კუნთები როგორ მუშაობს. ერთი შეხედვით, მარტივი პიროვნება გეგონება, ამ დროს – არა. რომ გაიცნობთ, ხვდებით, რომ ასეთი ფენომენალური გამარჯვებები, მხოლოდ ფიზიკური ძალის იმედად არ მოდის. თან ქართველი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების  კაპიტანია იყო. წარმოიდგინეთ! რამდენი შინაგანი წინააღმდეგობის გადატანა მოუწევდა, რაც ჩვენ არ ვიცით. რამდენჯერ დაბლოკეს, მესამე ოლიმპიადაზე საერთოდ არ გაუშვეს.

მოყვა, როგორ დააგორა ბლოხინი კიბეებზე. ტელევიზორს უყურებდნენ თურმე, შემოსულა ბლოხინი და ისე რომ, არავის არაფერი არ გვკითხა, გადართო ტელევიზორიო. ხმა ვერავინ ვერ გასცა, მე გავიყვანე და კიბეზე დავაგორეო. ამის გამო ნაკრებიდან გარიცხეს. მონრეალის ოლიმპიადიდან უშვებდნენ სახლში. მაგრამ ლევანს უთქვამს, მოდით, ფინალი მაჭიდავეთ, ოქროს მოვიგებ და მერე გამიშვითო. ცხადია, ფინალი მოიგო, მოგებულს კიდევ, არავინ გაუშვებდა…

აი, ასეთი ტიპია. სიტყვაზე უკან არ იხევს, თან – საოცარი იუმორით.

დღემდე ვარჯიშობს ყოველ დილით. მე რომ გავიცანი, ოთხი წლის წინ, მუშტაიდის ბაღში ვარჯიშობდა. თავის სხეულს დღესაც კარგად ფლობს. ამ დროს მხოლოდ სპორტით არ შემოიფარგლება, ბევრი რამ აინტერესებს. ბიზნესშიც იყო, პოლიტიკაშიც. როცა ადამიანს თვალსაწიერი ფართო აქვს, მასთან ურთიერთობა, საინტერესოა და კადრში ეს კარგად ჩანს. ბევრი შრე აქვს და ეს იგძრნობა. კამერას ვერ მოატყუებ. როცა ადამიანი შრეებით სავსეა და სიღმეები აქვს, ეს ეკრანზე ზუსტად იგრძნობა. ასეთია ლევან თედიაშვილი.

ცნობილმა ბრიტანელმა ფერადკანიანმა მსახიობმა, დელროი ლინდომ მითხრა: ლევანის როლი ჩემთვის ფენომენალური როლია. რასაც ის აკეთებს, ვოცნებობ ეგეთი რამ გავაკეთო კინოშიო.

ლევანი უშუალოა ეკრანზე, ისეთია, როგორიც არის. მისი ენერგეტიკა შექმნილია არა სამსახიობო ოსტატობის ფლობით, არამედ მის მიერ განვლილი ცხოვრების გზით. იმ უდიდესი გამარჯვებებით, ძალიან დიდი ტკივილით და ლამაზი სიბერით.

აფხაზეთში საომრად შვილთან ერთად წავიდა  და… მას ჩააკვდა ხელში… ასეთი წარმატებები, ასეთი ტკივილი და სიღრმე აქვს. არ არის მარტივი ადამიანი. პლუს ამას საინტერესო გარეგნობა აქვს. კარგი გაგებით, სიმპათიური მამაკაცია. თან კეთილშობილურად დაბერდა. სიბერესაც ხომ გააჩნია. კარგად დაბერდა. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ლევან თედიაშვილს, რომელზედაც ყველა ქვეყანაში უნდა იოცნებონ, რომ მსგავსად არა სტერეოტიპული, ნიჭიერი პიროვნებები ჰყავდეთ.

მან ძალიან დიდი შრომის ფასად შეძლო თავისი ნიჭის რეალიზება. ის ჰყვება, როგორ გაჭირვებაშია გაზრდილი. ხშირად იყო  მშიერი. მამა უბრალო მწყემსი იყო, თვითონ კი დარბოდა ტყეში და ვარჯიშობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როდემდე გაგრძელდება უამინდობა? – ნახეთ, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
Next post „გილოცავ მამა“ – „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იუბილარია