ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, რას იზამს ოპოზიციის ალიანსი. ალიანსთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია ჩემი პარტიის პოზიციას არ ემთხვევა. ახლა არ იყო ის პერიოდი, როცა ერთიანობა გვჭირდება, საარჩევნო კამპანიაში ხომ არ ვართ, რომ გვჭირდებოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
წითლიძე მიიჩნევს, რომ ამ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო.
„ალიანსთან დაკავშირებით ჩემი პირადი პოზიცია ჩემი პარტიის პოზიციას არ ემთხვევა. პარტიის გადაწყვეტილება იყო ალიანსში შესვლა. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან არგუმენტები მქონდა და არა იმიტომ, რომ ერთობის არ მჯერა. მჯერა მართალი ადამიანების ერთობის, ერთობის, როდესაც გარკვეულია ყველა საკითხი, რომელზეც კითხვები არსებობს, ყველამ იცის, რა უნდა აკეთოს და ერთმანეთის თვალებში შეხედვა არავის უჭირს. ასეთ შემთხვევაში მჯერა ერთობის. მიმაჩნდა, რომ ახლა არ იყო ის პერიოდი, როცა ერთიანობა გვჭირდება. საარჩევნო კამპანიაში ხომ არ ვართ, ეს რომ გვჭირდებოდეს? ცოტა საბავშვო ბაღია, ახლა რაც ხდება, რადგან ალიანსი, რომლის მთავარი მიზანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა, იცლის იმისთვის, რომ სააკაშვილის პოსტების რევიზია მოახდინოს – სად წერტილი დაწერა, სად – მძიმე. შემდეგ კი ალიანსის ხუთი განცხადებიდან ორი „ნაციონალური მოძრაობის“ დაგმობაა. ეს არ არის სერიოზული, ჯანსაღი და ბრძოლას არ ეხმარება. რა იყო მიხეილ სააკაშვილის პოსტში პრობლემა? ტყუილი არაფერი დაუწერია. ვინ იგულისხმა, მეორე პოსტში განმარტა, რომ გულისხმობდა ყველას და არა მხოლოდ ნიკა მელიას. სიტუაციის განმუხტვა თუ იყო, მიმაჩნია, რომ „ალიანსის“ პასუხი არაპროპორციული იყო. ეს ხომ რეალურად დამოკიდებულებას ანახებს? დღეს ალიანსი სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა საუბრობდეს, იმაზე როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. მიმაჩნია, რომ ამ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო. მე რომ ეს უფლებამოსილება მქონდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ გზას სხვანაირად ვუყურებ და ეს იცის მიხეილ სააკაშვილმაც. „ნაციონალური მოძრაობის“ გზა უნდა იყოს ის, რომ ამ ეტაპზე შეეშვას რაღაც ერთობებს. იზრუნოს იმაზე, რომ თვითონ გაძლიერდეს, თავისი მებრძოლი აქტივის მობილიზაცია შეძლოს. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახლა უნიკალური პერიოდია, როდესაც შეუძლია, იმ 14 და ცხრა წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ არსებული ყველა მითი დაანგრიოს, სახე ანახოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ანი წითლიძეს კითხვა დაუსვეს ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლის საკითხზე. წითლიძის თქმით, დემარშები და გამოსვლები ძალიან არასერიოზულია.
„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ შევიდოდით მანდ, პარტიის მიღებული გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს დემარშები, გამოსვლები ძალიან არასერიოზულია. მიუხედავად არასამართლიანი დამოკიდებულებისა, ვიქნებით ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზი გადის. ისეთი ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსებით მიშამ იმ ცხრა და 14 წლის განმავლობაში გამოზარდა, დღეს ამბობენ, მიშა ერთპიროვნული მმართველიო. ლემონჯავა რომ გამოვიდა, კოალიციის ყველაზე პატარა ჭანჭიკია, მაგრამ მათ შორის მისი ლიდერებიც, რომელმა არ ისარგებლა მიშას რესურსით? რომელმა არ გაძარცვა მიშა და შემდეგ კაპიტალი დაიგროვეს. მიშას გამოზრდილს რომ ვიძახი, ვგულისხმობ ყველა კომპონენტს. ეს ადამიანები, რომლებიც მიშამ გამოზარდა, ახლა ამბობენ, რომ მიშა ერთპიროვნული მმართველია. მიშას პირობებში იყვნენ მინისტრები და მაშინ არ ახსოვდათ მიშას ერთპიროვნული ლიდერობა.
ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, რას იზამს ეს ალიანსი. მიუხედავად ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მაინც ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს, საკუთარ თავში პრიორიტეტული და არაპრიორიტეტული საკითხების გარჩევის ძალას იპოვიან. უფრო მეტი კონცენტრირება ჰქონდეთ იმ საჭიროებებზე, რაც საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აირჩიოს გზა – ან თავის გზაზე გაძლიერდეს, ან იყოს იმ ალიანსში ისე, როგორც ახლა არის. ბიძინა ივანიშვილი მარტო რეპრესიებით კი არ გვიგებს, ბევრი რაღაცით უგებს ოპოზიციას, მათ შორის ასეთი არაორგანიზებულობით და იმით, რომ ერთ საკითხზე შეთანხმებისთვის თვეები სჭირდებათ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს. წარმოუდგენელი ამბავია, რომ ალიანსში შემავალი პარტიები ერთმანეთს განცხადებებით ელაპარაკებოდნენ. ეს არ სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს. ჩემი პატივისცემა ყველას, მაგრამ არ მჯერა პრესკონფერენციებით ჩატარებული ბრძოლის ველის. ხალხთან უნდა იყვნენ. მიშა რომ გარეთ იყოს, ყველამ ვიცით, როგორი იქნებოდა ის“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

