ევროპის თავდაცვის კავშირს შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციას, – ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC) განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
„უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება. ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა რთული პროცესია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავდაცვის შესაძლებლობების სწრაფ ინტეგრაციას“, – განაცხადა კუბილიუსმა.
ამასთან, კუბილიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის უახლოეს წლებში ყველაზე ეფექტური თავდაცვის კავშირი შეიძლება იყოს ახლად შექმნილი კავშირი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრაციაზე.
„ჩვენ გვჭირდება ევროპის თავდაცვის კავშირი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ინტეგრირება მოვახდინოთ უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის თავდაცვის შესაძლებლობების ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობებთან“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ასეთი ალიანსი დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ საიმედო უსაფრთხოების გარანტიების მიღებაში.
ასევე, მისი თქმით, ალიანსი შეიძლება, გახდეს ქვეყნის ეფექტური რეკონსტრუქციის საფუძველი.
ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პარალელური გაწევრიანება საერთო ბაზარზე და ევროპის თავდაცვის კავშირში უახლოეს მომავალში „უკრაინის მიმართ ევროპული სტრატეგიული პოლიტიკის აშკარა ელემენტი“ გახდება.

