ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, არადა პირბადე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია

Read Time:1 Minute, 57 Second

პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მცირედი გაუმჯობესებული დინამიკის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთული რჩება.

„გასაგებია, რომ დღესაც 3 410 შემთხვევა იყო, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოთხი, ხუთი და ექვსი ათასი, მაგრამ კლების დინამიკა ძალიან დუნეა. ყოველ წუთს შეიძლება, იყოს გაუარესების ტენდენცია. ოდნავ შემცირებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა, თუმცა დღეში 46 გარდაცვალება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომელთაგან ყველაზე მთავარია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა ისევ ბევრია. პირბადე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია, გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი.

განსაკუთრებით იმოქმედა ორმა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, ორასლარიანმა წახალისებამ 60 წლის ზემოთ მოსახლეობისთვის, ასევე, თვითონ კონცეფციამ მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სამუშაო დღეებში არის 11-13 ათასი აცრა, თუმცა გვჭირდება 2-3 ჯერ მეტი ყოველდღიური აცრა, რომ წელში გავტეხოთ ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ლაბორატორიულად საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა.

„შემოვა საქართველოში ალბათ, ვირუსებს საზღვარი არ აქვს, ნებისმიერ საზღვარს ლახავენ. ამიტომაც, მთავარია სიფრთხილე, პირბადე და აცრები. რა ინფორმაციაც გვაქვს, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკში, ასევე, დაახლოებით, სამჯერ მეტი აქვს რეინფიცირების რისკი.

ადამიანი თუ სხვა შტამით იყო ინფიცირებული, შეიძლება, „ომიკრონით“ მოხდეს რეინფიცირება. ამასთან, მოგეხსენებათ, დეკემბერია, ცივი სეზონია, უკვე გრიპის ვირუსი გამოჩნდა ცირკულაციაში. დეკემბერ-იანვარ-თებერვალში ძალიან სერიოზული სიფრთხილე და სერიოზულად მოცვა გვმართებს რეკომენდაციების. სიტუაცია კიდევ უფრო არ უნდა გაუარესდეს. მოგეხსენებათ, 6 ათასზე მეტი პაციენტია სტაციონარში. ექიმები ზღვარზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ, 1 600-მდე მძიმე პაციენტია სტაციონარებში. 350-ზე მეტი გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ჯანდაცვის სექტორის ძალიან დიდი დატვირთვაა.

დეკემბერში და იანვარში კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, ბევრი რესპირაციული სიმპტომი ტრიალებს და ცირკულირებს. პირბადე ყველანაირი რესპირაციული ვირუსისგან იცავს. შარშან პირბადის ტარების მაჩვენებელი მაღალი რომ გვქონდა, გრიპმა ძალიან არ შეგვაწუხა. მოვუწოდებ მოსახლეობას, გრიპის ვაქცინის 35 000-მდე დოზაა, რისკ-ჯგუფები მივიდნენ და აიცრან. გრიპის მიმართ ისინი იქნებიან დაცული. განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ მოსახლეობა უნდა აიცრას. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელზე ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. აიცრან ეს ადამიანები და აიცრას ყველა, რათა ხანდაზმულებს ვირუსი არ მიუტანონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Tesla-მ საბავშვო ელექტროკვადროციკლი გამოუშვა
Next post ლუკა კურტანიძე-ივანიშვილის სადარი ადამიანი, ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე,იმ ქველმოქმედებით, რაც მან გააკეთა