კვირა, ნოემბერი 15, 2026

ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას-სოსო ჯაჭვლიანის “ლამაზი ზღაპარი”, აუხდენელი ნატვრა და ბავშვობაში ჩაფიქრებული დიდი სურვილი

“ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას…”

ბავშვობაში მსახიობობაზე არასდროს უოცნებია, ფილმები კი ძალიან უყვარდა. ერთ დღეს მის ოთახში ჩიტი შეფრენილა. დედას უთქვამს, სურვილი ჩაუთქვი და გაუშვიო. “შესანიშნავი შვიდეულით” შთაგონებულ ბიჭს უნატრია, მისი საყვარელი პერსონაჟის მსგავსად ეცხოვრა… რა უცნაურია, რომ ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული, რეზო გაბრიაძემ აღმოაჩინა და გადასაღებ მოედანზე სოსო ჯაჭვლიანის თავგადასავალი ასე დაიწყო.

ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დეკანმა სტუდენტებს გამოუცხადა, კინოში გადასაღებად ბიჭებს არჩევენო. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებთან ერთად, ინსტიტუტის ეზოში შესულ რეზო გაბრიაძეს ერთი ბიჭი მოხვედრია თვალში; აუდიტორიაში 150 სტუდენტს შორის, 10 შეურჩევიათ, სოსო უკანა რიგში მდგარა. რეჟისორს უკითხავს, ის ბიჭი სად არის, ცოტა ხნის წინ ეზოში რომ ვნახეთო? მეგობარს უხუმრია, ეს სვანი ბელმონდოაო.

რეზო გაბრიაძემ მოკლემეტრაჟიან ფილმში “სიყვარული ძალასა შენსა” სათამაშოდ მიიწვია. ფილმის მიხედვით მისი გმირი ევროპელია, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ცხენზეა ამხედრებული, ულამაზესი გოგო შეუყვარდება და მას რამდენჯერმე იტაცებს… იმ ლამაზი გოგოს როლს ლიკა ქავჟარაძე ასრულებდა. წლების შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს როლი და ფილმი გამორჩეულად უყვარა

თუმცა, ფართო საზოგადოებამ “ნატვრის ხიდან”, გედიას როლით გაიცნო. ცნობილია, რომ თენგიზ აბულაძე გედიას, მარიტას და შეთეს ყველაზე დიდხანს ეძებდა. არსებობს როლები, რომლებიც მუდმივად რჩება როგორც მსახიობის, ასევე მაყურებლის მეხსიერებაში, ასეთი იყო გედია.

ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: “ნატვრის ხის” გადაღებები ყველაზე ლამაზი პერიოდია ჩემს შემოქმედებაში. ბედნიერებაა, როდესაც 16-17 წლის ხარ და ამ დროს მთელი საქართველოს უსაყვარლეს მსახიობებთან გიწევს ურთიერთობა. იცით, როგორ გავხდი პოპულარული ამ ფილმის გადაღებისას? სიღნაღში ვიღებდით. სასტუმროში ვცხოვრობდით და იქვე, რაიკომის შენობაში ვსადილობდით ხოლმე. დილით გადაღებაზე რომ მივდიოდით, ირგვლივ იმდენი ცნობილი მსახიობი იყო, მაგრამ რატომღაც ხალხი მე მიყურებდა. ცხადია, არ ვამჟღავნებდი, მაგრამ შინაგანად ძალიან ამაყი ვიყავი. ბავშვები სასადილოშიც კი შემომყვებოდნენ ხოლმე და იქაც მათვალიერებდნენ. ბოლოს გაირკვა, რაც ხდებოდა: ეს ის ბიჭია, შვიდ პორცია შნიცელს რომ ჭამსო! – ასე აცნობდნენ ვიღაცას ჩემს თავს”.

ლიკა ქავჟარაძემ და სოსო ჯაჭვლიანმა გადასაღებ მოედანზე ერთად ორ წელზე მეტი გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში, ორივე ფილმში შეყვარებულებს თამაშობდნენ და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთი ცხოვრებაშიც შეჰყვარებოდათ. მოგვიანებით სოსო ჯაჭვლიანი ამბობდა: “შემიყვარდა ან როგორ შეიძლებოდა, ლიკასნაირი გოგო არ შეგყვარებოდა?!” იქვე იმასაც დასძენდა, რომ არც მაშინ და არც შემდეგ, “ნატვრის გოგონას” სიყვარულში არ გამოსტყდომია.

ლიკა ქავჟარაძე რომ გარდაიცვალა, მისი დაკრძალვის დღეს, ძალიან ამაღელვებელი იყო ტაძრიდან გამოსვენების სცენა. ლიკა შეთემ და გედიამ გამოaსვენეს, ეს იყო “ნატვრის ხის” უცნაური “დასასრული”.

 

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ძმობის ამბავს ასე იხსენებს:

– მე და სოსო პირველად ერთმანეთს ფოტოსინჯებზე შევხვდით და ურთიერთობაც პირველივე დღიდან დავიწყეთ. მხოლოდ ჩვენ გვიღებდნენ: – მე, ლიკას და სოსოს. სამივემ ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. ადამიანს შენიანად რომ იგრძნობ, აი, ასე დაიწყო ჩემი და სოსოს მეგობრობა. იმ დღიდან ლამის 5 ათეული წელი გავიდა, სოსო ჩემი უახლოესი ადამიანი იყო, ძმები ვიყავით, თან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდით.

– თქვენი მეჯვარე იყო, არა?

– დიახ, მეჯვარე და ჩემი ვიტოს ნათლია. ვიტო სპორტით რომ დაინტერესდა, ეს ამბავი ახარებდა, დიდი გულშემატკივარი იყო. ჯერ კიდევ პატარა იყო ვიტო, სოსო რომ მეუბნებოდა: ბიჭო, რა ჯანიანია, ეს მალე ხელს მეც გადამიწევსო და ხშირად ავარჯიშებდა. ჩვენი ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. ჩემს შვილებს რამე თუ სჭირდებოდათ, თან ჰყვებოდა, ფულსაც ხშირად ჩუქნიდა, როგორც ბიძა. სოსოს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, გულისხმიერი იყო, მე ძალიან მიფრთხილდებოდა. დღეს ჩემმა დამ გაიხსენა. თელავში სტუმრად წავიყვანე, მამაჩემი დატრიალდა და რამე თუ შეიძლებოდა, გაუჩინარი გააჩინა; ჩემი ძმაკაცები სათითაოდ ეპატიჟებoდნენ. სოსომ 2 დღე გამიძლო დალევაში და მერე შეეშვა, ღვინიდან მაწონზე გადავიდა. ჩვენთან კამეჩის კარგი მაწონი მოჰქონდათ და განსაკუთრებით მოეწონა. ამ ამბის გამო, ჩემი და თამრიკო მკვდარივით არის, ეგ და სოსო ძალიან მეგობრობდნენ. თამრიკო ლექსებს წერს და სოსოს მოსწონდა მისი პოეზია. მე და სოსო ერთმანეთის ოჯახის წევრები ვიყავით, ამაზე მეტი აბა, რა და როგორ გითხრათ, გული მომიკვდა.

– “ნატვრის ხის” გადაღებისას, ხელჩართული ჩხუბის სცენა როგორ გადაიღეთ და მერე კადრს მიღმა რა ხდებოდა?

– მეუბნებოდა, დღეს იმდენი უნდა გირტყა, ღამე ტახტზე დაწვებიო. მეც ხომ კარგად ვურტყამდი, სოსოს ძალიან ძლიერი ხელი ჰქონდა, ერთმანეთი სულ დალურჯებული გვყავდა. ფილმში მხოლოდ 53 წამი შევიდა, არადა, 10 წუთი მაინც ვჩხუბობდით. კადრს მიღმა სულ სიამტკბილობაში ვიყავით. ისეთი ბუმბერაზების გვერდით გვიწევდა ყოფნა, სულ გვინდოდა, მათთან რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაგვეტარებინა, ბევრი რამ გვესწავლა. ისინიც ხათრს არ გვიტეხდნენ. მსახიობები, ტექნიკური პერსონალი, ყველანი ერთად ვიყავით და ყველა ლიკას დავციცინებდით, ვინმე გადაბრუნებულ სიტყვას თუ იტყოდა, კარგი მუშტიც მოხვდებოდა, ეს გარანტირებული ჰქონდა.

– ბატონი სოსო ბოლოს როდის ნახეთ?

– რაც ცუდად იყო, ჩემთან შეხვედრას ერიდებოდა, ნერვიულობდა და მეც თავს ვიკავებდი. სოსოს შესახებ ყველაზე მეტს მისი ლუკასგან და გია ბურჯანაძისგან ვიგებდი. ლუკა ჩემი პატარა ძმაკაცია. სოსოს ბოლოს ახალი წლის ღამეს ველაპარაკე, პირველის 10 წუთი იყო, თავად დარეკა, მოგვილოცა, ხმაზე თითქოს არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ახლა გამოდის, რომ დაგვემშვიდობა. ახალ წელს საქართველოში იყო, 10 იანვარს თურქეთში წავიდა და… ბოლო საუბრის დროს მითხრა: თურქეთიდან რომ ჩამოვალ, გნახავ, ბევრი რამ მაქვს სალაპარაკოო… სოსოს ცოლად საოცარი გოგო ჰყავს, მახსოვს ირმა როგორ მოიყვანა, როგორ გაგვაცნო. ირმა ბოლო წუთამდე მის გვერდით იყო, საოცარი ცოლქმრობა ჰქონდათ. სოსომ ამქვეყნად დიდი სიყვარული დატოვა. ღმერთმა მისი სული ნათელში ამყოფოს და სანთლად დაენთოს ყველა სიკეთე, რაც აქ დატოვა!

დიდი სიყვარული რომ დატოვა, ამის დასტურია ის, რასაც თამარ ჩიბურდანიძე (“ხალხის ძალის” წევრი) იხსენებს:

“გაბრიელის ნათლობაზე მითხრა, პირველად სვანეთში მე უნდა ავიყვანოო. რომ დამირეკავდა, პირველი გაბრიელს მოიკითხავდა, – ხომ იზრდება მაგარი ქართველიო? ყველაფერი მახსენდება, მთელი ეს წლები, განსაკუთრებით მისი დეპუტატობის პერიოდი, ხალხთან შეხვედრები და მის მიმართ გამოხატული უსაზღვრო სიყვარული. მოსახლეობასთან შეხვედრაზე დაინახავდნენ თუ არა სოსოს, ცნობილ პოლიტიკოსებს გვერდს აუვლიდნენ და მისკენ გარბოდნენ. მოიხედავდა და ხმამაღლა გვეტყოდა: “აბა, მსახიობები არ გვინდა პარლამენტშიო…” მასთან ერთად სულ ლოდინი გვიწევდა, როდის წავართმევდით ხალხს მის თავს და წავიდოდით. ერთხელ მახსოვს, რიკოთზე შევისვენეთ, გზის მეორე მხარეს დაინახეს და რამდენიმე ადამიანი ერთად გამოიქცა სოსოსკენ, კინაღამ ავარიაში მოხვდნენ. ალბათ რამდენიმე სიცოცხლე სჭირდება ადამიანს, ამდენი სიყვარულის დასათესად. ამიტომაც მიჰყვება ამდენი ცრემლი იმ მარადიულ სასუფეველში, სადაც ნაადრევად გადაინაცვლა. ასეთები არ კვდებიან, სოსო მარადისობას შეუერთდა”.

მარადისობაში აუხდენელი ნატვრა გაჰყვა. 2022 წელს “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: “სცენარი მაქვს – “ვისია უშბა?”, რომელმაც უკვე მეშვიდეჯერ მიიღო მონაწილეობა კინოცენტრის კონკურსში და ბოლო კონკურსზე გაიმარჯვა კიდეც… გამარჯვება ყველამ მომილოცა და მეორე დღეს, გამარჯვებულად სხვები გამოაცხადეს… ასე ხდება, ასეთი უხერხემლო და უტვინო სიტუაციაა საქართველოში – ჯერ გილოცავენ და მერე სხვას აცხადებენ… მე ამ ფილმს მაინც გადავიღებ, მაგრამ ამათ გარეშე! ამათ ხელში ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ დაბლა არ გაეფინები… ამას კი სოსო ჯაჭვლიანი არასოდეს იკადრებს!

სცენარი ვინც წაიკითხა, ყველა აღფრთოვანდა… დადეშქელიანმა რომ უშბა აჩუქა უცხოელ ქალს, ამ საოცარ ისტორიაზეა… ძალიან ხანმოკლეა ცხოვრება და ამ ქვეყნიდან რომ წავალ, მერე დაიწყებენ თავის ქნევას, აფსუს, ეს ფილმი გადაეღოო…”

დაბოლოს, როგორც თავად უწოდებდა, მის “ლამაზ ზღაპარს”, ანუ “ნატვრის ხეს” მივუბრუნდები. 8 თებერვალს, როდესაც სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, სოციალური ქსელში ყველა წერდა, რომ გედია მარიტასთან წავიდა. ყველა აზიარებდა ნაწყვეტს ფილმიდან “ცოცხალი ხარ გედია? ჩემთან მოხვედი გედია?”…

თურმე ფილმში ლიკას და სოსოს სცენებიდან პირველი ეს ეპიზოდი გადაუღიათ. ამბობენ, როგორც კი დუბლის გადაღება მორჩა, ლიკამ თენგიზ აბულაძეს შეხედა, რომლის აზრიც ყველაზე მეტად აინტერესებდა და თენგიზს თვალებზე ცრემლი ჰქონდაო.

ცრემლისა და ემოციის გარეშე ყოველთვის შეუძლებელი იყო ამ ეპიზოდის ხილვა, მით უმეტეს ახლა, როცა აღარც მარიტა გვყავს და აღარც – გედია.

მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს, თურქეთში, დილის 5 საათზე, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩვენი ჟურნალის რედაქციის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცvლილის ოჯახს, ახლობლებს, საქართველოს…

ოსო ჯაჭვლიანი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს როლი და ფილმი გამორჩეულად უყვარდა.

 

 

წყარო:

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი “გზა”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

ბოლო სიახლეები