ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

წმიდა სინოდი: დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად

საქართველოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვლის სხდომის განჩინებას აქვეყნებს.

განჩინების მიხედვით სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს.

“მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II.
სხდომის მდივნად დაინიშნა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).

1. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მით უმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა  და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს,  მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი). წმიდა სინოდის წევრების სახელით მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიულოცა აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღები და თქვა: – ,,გამოვხატავთ თქვენ წინაშე შვილებრივ სიყვარულს და მადლობას თქვენი მამამთავრული ღვაწლისა და შრომისათვის, რომელიც გასწიეთ ეკლესიის აღმშენებლობისა და ერის სულიერი აღორძინებისათვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ამ ურთულესი 45 წლის განმავლობაში თქვენი წინამძღოლობით და თქვენი სამოციქულო მსახურების შედეგად, ღვთის შეწევნით, ერის სულიერი მოქცევა მოხდა მეორედ. განსაკუთრებით გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ დღეს ყოველი ჩვენგანი მღვდელმთავრად თქვენი ხელდასხმულია,  რაც უნიკალური შემთხვევაა როგორც ჩვენი, ისე სხვა ეკლესიის ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას და თქვენი წინამძღოლობით საქართველოს გამთლიანებას და ჩვენი ერის ერთსულოვნებას“.

2. შემდეგ მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯგუფები, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მღვდელმთავრები და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, რათა შეისწავლონ  საკითხები სინოდისათვის წარსადგენად.

3. სინოდის სხდომამ საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და დაადგინა: – დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ზედამხედველობა დროებით გადაიბაროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა; ხოლო  მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დარჩეს დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად.

4. სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხი. მოხსენება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე). მან სინოდის წევრებს გააცნო  სერბეთის ეკლესიის მეთაურის, უწმინდესი პატრიარქის, პორფირეს (პერიჩი), ჩვენდამი მოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,განიკურნა სქიზმა და აღდგენილია ევქარისტიული კავშირი ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელ ეკლესიასთან”, და რომ აღნიშნულ ეკლესიას სერბეთის პატრიარქმა უბოძა ავტოკეფალიის ცნობის ტომოსი. მაკედონიის ეკლესიის ავტოკეფალია, სერბეთის ეკლესიის გარდა, ასევე აღიარეს რუსეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიებმა, ხოლო მასთან ავტოკეფალიის აღიარების გარეშე ევქარისტიულ კავშირში შევიდნენ შემდეგი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის.
წმიდა სინოდმა დაადგინა: საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შევიდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომლის მეთაურია უნეტარესი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ველიანოვსკი).

5. განხილულ იქნა რიგ სასულიერო მოღვაწეთა წმინდანად შერაცხვის შესახებ საკითხის შესწავლა და მომზადება შემდეგი სინოდის სხდომაზე წარსადგენად დაევალა წმინდანთა კანონიზაციის მოსამზადებელ  კომისიას.

6. წმიდა სინოდზე ისაუბრეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებულ მძიმე მოვლენებზე, ასევე ომზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვა. აღინიშნა, რომ ომი საშინელება და დიდი ტრაგედიაა. იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და მეომრები,  ნადგურდება ეკლესია-მონასტრები, ინფრასტრუქტურა, სოფლები და ქალაქები. ადგილი აქვს სხვა ნეგატიურ მოვლენებსაც, რის გამოც გამოითქვა დიდი მწუხარება. ითქვა, რომ საქართველოს ეკლესია ლოცულობს დაძაბულობის განმუხტვისათვის; ლოცულობს, რათა მოვლენებმა კიდევ უფრო საშიში ხასიათი არ მიიღოს და, პირიქით, უფალმა უკრაინასა და მსოფლიოს მოანიჭოს მშვიდობა.

წმიდა სინოდმა გამოხატა მწუხარება თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა და დაზარალებულთა  ოჯახებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები