ორშაბათი, ივნისი 8, 2026

შიო მესამე – გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა

გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. უფალმა ინებოს ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა“.

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს! მამაო კახაბერ, მადლობა მოლოცვისთვის, თბილი სიტყვებისთვის. თქვენ რაც ბრძანეთ, რომ აქ ნუგეშობს, ლოცულობს და სულს იცხონებს მრავალი ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი დამსახურებაც, მათ შორის და იმ სამღვდელოების, რომელიც აქ, უკვე წლებია, მოღვაწეობს. მეც მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი მისიონერული და სამოძღვრო საქმიანობისთვის, რომელიც ესოდენ სასარგებლოა ჩვენი ეკლესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ ესაუბრება თავის მოციქულებს, უკანასკნელად ეცხადება და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიჰყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. ისინი, ამის მხედვარნი, გაოგნებულნი არიან. მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი და უთხრა: „კაცნო გალილეველნო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას, იესო, რომელიც თქვენგან ზეცად ამაღლდა, ასევე მოვა, როგორც ამაღლდა ზეცად“ (საქმ. 1, 11). სახარება მოგვითხრობს, რომ ისინი ბრუნდებიან იერუსალიმში ძალიან დიდი სიხარულით. თითქოს განშორება მოხდა უფალთან, დამთავრდა ის მათი ყოველდღიური ბედნიერება იესო ქრისტესთან საუბრების და ურთიერთობის. მაშ, რა ახარებდა მათ? რატომ ჰქონდათ ასეთი დიდი სიხარული? ჩვენც რატომ ვზეიმობთ ამ დიდ მოვლენას? პირველ რიგში, უფალი იესო ქრისტე დაჰპირდა მათ სულიწმინდის მოვლინებას, სულიწმინდის მიცემას. შემდეგ, განსაკუთრებით ამ მოვლენის მერე, მათ განუმტკიცდათ, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა: საღვთო და კაცობრივი. ასევე, უფალმა აღუთქვა მათ, რომ მუდამ მათთან ერთად იქნება: „მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20) – ხომ გახსოვთ ეს სიტყვები? მაგრამ ეს სიტყვები არ იყო განკუთვნილი მხოლოდ მოციქულებისთვის, იმიტომ, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ სოფლის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ხომ სწორია? მაშასადამე, ეს სიტყვები განკუთვნილია ყველა დროის ქრისტიანისთვის, ყველასთვის არის!

მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, სიყვარულით ის არის ჩვენში, ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს. ზოგიერთი ჩვენგანი მის მყოფობას თუ ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიზეზი არის ჩვენში: ან საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია, ამიტომ ვერ ვგრძნობთ მის მყოფობას, სიახლოვეს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი? ამას უფალს რომ ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული.

კიდევ ერთ საიდუმლოსთან არის დაკავშირებული უფლის ზეცად ამაღლების მოვლენა. ეს არის აღთქმა იმისა, რომ იგი მეორედ მოვა დედამიწაზე, მეორედ მოვა, როგორც მეუფე და მსაჯული. როგორც იცით, უკვე დიდებით იქნება მისი მოსვლა, მაგრამ ამ მოვლენის დღისა და საათის შესახებ, როგორც თავად უფალი ბრძანებდა, არავინ იცის, მხოლოდ ზეციურმა მამამ უწყის ეს. არის ცნობილი მხოლოდ ზოგიერთი ნიშანი და წინაპირობა მისი მეორედ მოსვლის.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს დიდი მოვლენა შთაგვაგონებს, რომ, როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენი მოქალაქობა ზეცაშია, საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს (ფილ 3, 20); გვმართებს, ვფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას, მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ, სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ 3, 2-1). როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება არის დროებითი მგზავრობა. წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას და ჩვენი ნამდვილი, მარადიული სამშობლო არის ზეცაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს თქვენი სულიერი ამაღლება, ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება, საქართველოს სულიერი ამაღლება, გამთლიანება, გაძლიერება და გადარჩენა, ამინ!“ – განაცხადა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჰაქან ფიდანი – სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით, ამ მექანიზმს ჩვენ მივიჩნევთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური და კონსტრუქციული, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა სტამბოლში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საერთო ინტერესებით და აღნიშნა, რომ ამ მექანიზმს მიიჩნევენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთ-ერთ გარანტად.„თითქმის 14 წელია, ეს მექანიზმი უწყვეტად ფუნქციონირებს. ამ წლების განმავლობაში მან ჩვენს ქვეყნებს მრავალი სარგებელი მოუტანა. პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებიდან დაწყებული, დასრულებული ეკონომიკური ინტეგრაციით, ტრანსპორტით, ენერგეტიკული უსაფრთხოებით, ვაჭრობითა და ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით. ამ პლატფორმამ საფუძველი მოგვცა ფართო სპექტრის სტრატეგიული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა მხოლოდ სამი ქვეყნის საერთო ინტერესებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ამ მექანიზმს ასევე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი კეთილდღეობის ერთ-ერთ გარანტად მივიჩნევთ. დღესაც დეტალურად განვიხილავთ ჩვენი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს და ვმართავთ კონსულტაციებს რეგიონულ და გლობალურ მოვლენებთან დაკავშირებით.ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ ერთ-ერთ იმ იშვიათ დროს, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს გეოპოლიტიკური რყევები და გარდატეხები, გაიზარდა ეკონომიკური გაურკვევლობა. ამ კონტექსტში ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ენერგომიწოდება, რომელიც გახდა საკმაოდ ეფექტური და რაც მთვარია, იაფი, გახლავთ მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ვსაუბრობთ, არამედ უფრო მეტად ვსაუბრობთ იმ ენერგორუსაფრთხოებაზე, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალისხმევას, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თემაზე ევროპასა და აზიას შორის. ვსაუბრობ შუა დერეფნის საკითხზე, რომელიც არის მთელი ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ხერხემალი. უმნიშვნელოვანესი საკითხია განსაკუთრებით რკინიგზა, რომელმაც მიაღწია განსაკუთრებულ ოპერაბელურობას. ახლახან ვიზეიმეთ ამ სრულიად შესანიშნავი, სტრატეგიული მარშრუტის გახსნა. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ მთელ სამხრეთ კავკასიაში და აღვნიშნეთ, რომ ეს თანამშრომლობა არის სტაბილური, კონსტრუქციული. ამჟამად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია იმ პროექტების განვითარებისთვის, იმ რთული თემებისთვის, რომელსაც ამჟამად საერთო ძალისხმევით ვავითარებთ“, – განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა.მისივე თქმით, თურქეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის განვითარებას.„ეს თანამშრომლობა ხსნის საკმაოდ საინტერესო ფანჯარას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობისთვისაც და ასეთი სამშვიდობო შეთანხმება ალბათ უახლოეს მომავალში იქნება ჩვენს ორს შორის ხელმოწერილი. სომხეთში განვითარებული მოვლენები, ფაქტობრივად, საკმაოდ ახლოს არის თანამშრომლობაში თურქეთის ინტერესებთან, მშვიდობის განმტკიცება ხდება ამ ურთიერთობის შედეგად. მშვიდობის განმტკიცების კუთხით კონკრეტული შედეგებიც უკვე სახეზეა და ეს ყოველივე, თავის მხრივ, ეკონომიკაზეც უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს მიმართულება შემდგომშიც განვავითაროთ. ამ ჩარჩოს ირგვლივ ჩვენ ვისაუბრეთ აგრეთვე სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელშიც ჩართულია შეერთებული შტატები. ჩვენ ყველანი ვისურვებთ, რომ ამ რეგიონში მშვიდობა მალე იქნას მიღწეული.რასაკვირველია, გვინდა, ირანმაც მიაღწიოს მუდმივ და ხანგრძლივ მშვიდობას. ამგვარ პრინციპულ პერიოდში თურქეთი, მოწოდებულია, გააგრძელოს დიპლომატიური ძალისხმევა. ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ეს გახლავთ ის აუცილებლობა, რისიც ჩვენ გვჯერა, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს და ამისთვის ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას. ამასთან, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს თვითონ კონფლიქტის არსიც, როდესაც წარვმართავთ დიპლომატიურ პროცესს. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ საერთო ვითარება და ის ვითარება, რომელიც თითოეული ქვეყნის ინტერესში შედის. ამასთან, აზოვის ზღვის მაგალითი არის საკმაოდ ნიშანდობლივი ამ კუთხით“, – განაცხადა განაცხადა​ ჰაქან ფიდანმა.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

პეტრე ცისკარიშვილი – უგუნურება იქნებოდა, არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობები, მიშას გვერდზე გაწევა არაფრის მომცემი არაა, ყველა უნდა დადგეს თავის ეგოზე მაღლა – „ლუზერები“...

მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს - „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობები უნდა იქნას გამოყენებული.„ოპოზიციის მხრიდან მართლაც დიდი უგუნურება იქნებოდა, რომ არ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილი და მისი შესაძლებლობები. მიშას გვერდზე გაწევა არაფრის მომცემი საერთო საქმისთვის არ არის.მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაგეს თავის ეგოზე, ამბიციებზე მაღლა იმიტომ, რომ მთავარი ამბიცია არის საქართველოს ამ რეჟიმისგან გათავისუფლება. მე დარწმუნებული ვარ, ეს უნდა იყოს მთავარი ამბიცია და არის და იქნება კიდევაც. მიშა ვისზეც თვლის, რომ არის „ლუზერი“, სახელებსა და გვარებს როცა საჭირო გახდება, თვითონვე დაასახელებს. სოციალური ქსელებით აქვს შესაძლებლობა, რომ ეს სახელები და გვარები გააჟღეროს, მარჩიელობას აქ ხომ არ დავიწყებ?იცით, „ლუზერები“ არიან ის ადამიანები, ვისაც არ აქვს რწმენა გამარჯვების. ვისაც აქვს მომავლის იმედი, ვინც ხედავს დიდ სურათს, გნებავთ, თუნდაც გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ვისაც აქვს გამარჯვების რწმენა და იმედი ის „ლუზერი“ ვერ იქნება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.კითხვაზე, „ოპოზიციურ ალიანსში“ არის თუ არა ისეთი ვინმე, ვისაც გამარჯვების არ სჯერა“, ცისკარიშვილი ასე პასუხობს:„თქვენ იმ ხალხს შეეკითხეთ, აქვს თუ არა რწმენა. თუ ვინმე გამოიკვეთება ისეთი, რომ არ აქვს არაფრის იმედი და შეგუებულია „ქოცობას“ სამუდამოდ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ის არის ლუზერი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მისი პროცესი გაიმართა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილებს, მათ შორის ოპოზიციიდან „ლუზერი“ უწოდა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ სახალხო ერთიანობა იქნება, „აუცილებლად დამარცხდება რეჟიმი“.„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ „ლუზერის“ ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, გოგი თოფაძე იყო მაშინ პარტიის ლიდერი და იძახდა, რომ „შევარდნაძე ყოველთვის იქნება და სხვა უნდა მოვნახოთო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

დონალდ ტრამპი – ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, „მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უმეცრება ან სისულელე ხელს უშლის

ისრაელმა და ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ „სროლა“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, ორივე მხარე მოწოდებულია ცეცხლის შეწყვეტისკენ.„მშვიდობის“ შესახებ საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა უმეცრება ან სისულელე ხელს უშლის. ბლოკადა სრული ძალითა და ეფექტით დარჩება, ვიდრე „საბოლოო შეთანხმებას“ არ მიაღწევენ. ყველაფერი სწრაფად უნდა წარიმართოს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გია ვოლსკი – პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო – არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს

პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, რიგ შემთხვევებში, საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ ნეგატიურია.„მოთხოვნებს რომ გადავხედოთ, ვხვდებით, რომ საქართველო საზარბაზნე ხორცის როლში წარმოუდგენიათ, მაშინ, როცა საგარეო კურსზეა საუბარი. მაგალითად, დაპირისპირება იქნება რუსეთთან ეკონომიკური თუ სამხედრო. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ეს გაცილებით უფრო ნათელი ბოლო პერიოდში გახდა. ევროკავშირისკენ სწრაფვა როგორც სომხეთს, ასევე საქართველოს მსგავსი აქვთ. საქართველოს გაცილებით მეტი პოზიტიური მაჩვენებელი აქვს, გაცილებით მეტ ევროპულ სტანდარტს აჩვენებს, ვიდრე სომხეთში ან ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას აქვს. ჩვენ სომხეთს წარმატებას ვუსურვებთ. მზად ვართ, ყველანაირი გამოცდილება გავუზიაროთ, თუმცა „მზად ვართ“ არასწორი სიტყვაა. ჩვენ მუდმივად ურთიერთკავშირში ვართ. ევროკავშირისკენ სწრაფვა ყველა მიმართულებით მსგავსი გვაქვს, თუმცა ბრიუსელს გარკვეული ინტერესები აქვს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს არ შეესაბამება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პატრიარქი – თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს არამიწიერ ნეტარებას – იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი

თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ, არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“ - იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III -მ საყოველთაო ნათლობის შემდეგ ქადაგებისად განაცხადა. პატრიარქის თქმით, ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს. "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ყოველთა წმინდანთა ხსენებას! ეს დღესასწაული დაემთხვა ამ ჩვენს დიდებულ მოვლენას – დღევანდელ საყოველთაო ნათლობას. განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ, ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელთაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოჰგვარა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს და უთხრა, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3, 5). მაშასადამე, ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს. რა ხდება ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. როდესაც ის ემბაზში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი, ხოლო როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. როგორც ხორციელად ყველანი ადამისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ; მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც და მის სულში თვით უფალი შემოდის. დღეს ალბათ მოისმინეთ საგალობელი: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს“. „ქრისტეს შემოსვა“, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში. ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, რომ თუ ადამიანი ინათლება რწმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გრძნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს „ქრისტეს შემოსვა“. მაგრამ ნათლობის შემდეგ თუ ადამიანი არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განწმენდს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ გამო ღმერთი იგმობა წარმართთა შორის“ (რომ. 2, 24), იმიტომ, რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლისღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გვთხოვს და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული, ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? – „იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს“. ღმერთს კი რა სურს ჩვენგან? – რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გვთხოვს, ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის მცნებების შესწავლა, მცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით, თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდა ნება იქნება, ოღონდ გვაცხონოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!", - აღნიშნა პატრიარქმა.

ბოლო სიახლეები