შაბათი, ოქტომბერი 24, 2026

ქვეყნის და 21 ადამიანის ტრაგედია, 13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა

დღეს 13 ივნისია, შემზარავი ტრაგედიის დღე. 9 წელი გავიდა მას მერე, რაც მდინარე ვერე ადიდდა და სტიქიის შედეგი უმძიმესი იყო.

უამრავი ადამიანი დაზარალდა, მთლიანად განადგურდა და დაზიანდა სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები, რაც ყველაზე მძიმეა, საშინელმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბედუროდ ორი ახალგაზრდა – ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათ ოჯახებს შვილების საფლავებიც კი არ აქვთ. სტიქიიდან 3 თვის შემდეგ იპოვეს მაშველებმა კიდევ ერთი დაკარგული, ელიზბარ ბაღაშვილი.

“ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე!”

ელიზბარი მოსკოვში ცხოვრობდა, წინა დღეს ჩამოვიდა თბილისში. იმ საღამოს მეგობრებთან ერთად რესტორანში ივახშმა. სახლში ტაქსით ბრუნდებოდა. სიკვდილამდე მეგობართან დარეკვა შეძლო: პაატა მიშველე, ბიჭო ვიღუპები, წყალში ვიხრჩობიო. საშველად მაშინვე გავარდა მეგობარი. სამწუხაროდ, იქამდე მისვლა ვეღარ შეძლო, მალე თვითონაც წელამდე წყალში აღმოჩნდა, უცებ ღვარცოფიც წამოვიდა, ნაშალი მოჰქონდა. პაატა დიდ ხეს ჩაებღაუჭა, ამ დროს ისევ დაურეკა ელიზბარმა, მისი ბოლო სიტყვები იყო – ბიჭო, მგონი ვიღუპები, მიშველე! მერე ტელეფონიც გაითიშა…

დებ ზარანდიების ლამაზი სიცოცხლე და ტრაგიკული დასასრული

ახალი გზით ბრუნდებოდნენ სახლში დები, ინდირა და ლიზა ზარანდიებიც. მალე მოვალთ, უთხრეს დედას, მაგრამ სამწუხაროდ, სახლამდე ვერ მიაღწიეს.

“თითქმის ორი წელია ყოველდღე, ყოველწუთს ქვეცნობიერში რაღაც მტკივა, მაკლია, მეწვის… თითქმის ორი წელია ტკივილის ბურთს სადღაც გულსა და ყელს შორის გაჩერებას ვაიძულებ. ხშირად არ გამომდის, ივნისში განსაკუთრებით ასეა და განსაკუთრებით მძიმეა ეს დღე ჩემთვის. აუტანელი მონატრება, დიდი სევდა, მათ გარეშე დიდი სიცარიელეა, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ამ ემოციებს და განცდას “,- ამბობს გოგონების ბიძაშვილი თამთა ზარანდია.

იხილეთ: “ვერ ვეგუები, რომ ჩემი ინდირასა და ლიზას გაღიმებულ სახეებს ვეღარ ვნახავთ”

ივლიტა და მარიამი

12 ივნისს, მამა გიორგიმ (ჯიბუტი) ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ქუჩის კვეთაზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა, იქ შეიკრიბნენ დაღუპულების ახლობლები, სამწუხაროდ, მამაოს ქალიშვილი ივლიტა ჯიბუტიც გახდა ამ სტიქიის მსხვერპლი…

ივლიტა და მისი მეგობარი მარიამ ქუთელია ივლიტას მეუღლესთან ერთად 40 წუთის განმავლობაში, სახურავზე ასულები, ელოდნენ მაშველებს. მეუღლე ხელს არ უშვებდა საყვარელ გოგონას და მის მეგობარს, მაგრამ მოვარდნილმა წყალმა ისინი სახურავიდან გადაყარა. მაშველებმა ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს, გოგონები დაიღუპნენ.

ქართველების უპრეცედენტო ერთობა

მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. ზოოპარკის თანამშრომლების სიცოცხლეც შეიწირა სტიქიამ, სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილიც. იმ დღეებში ქართველი საზოგადოების ერთმანეთის მხარში დგომა მართლაც სამაგალითო იყო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მოხალისე მონაწილეობდა. ყველა ქართველს სტკიოდა მომხდარი და ვისაც როგორ შეეძლო, ისე ეხმარებოდა დაზარალებულებს. უამრავი გმირობის მაგალითი ვნახეთ, ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. იმ მძიმე დღეებში, დიდ ტკივილთან ერთად, ბევრი პოზიტივი იყო, რადგან მართლა მთელი საქართველო გაერთიანდა და ეს ფაქტი გულს უთბობდა ადამიანებს. აღსანიშნავია მაშველთა თავგანწირვა და ამის ფასად ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. სტიქიამ ერთ-ერთი მათგანი ზურაბ მუზაშვილი იმსხვერპლა, რომელმაც დაღუპვამდე 8 ადამიანი გამოსტაცა სიკვდილს.

იხილეთ: “ზურამ პირველად 10 წლისამ გადაარჩინა თანატოლი, უკანასკნელად კი – 13 ივნისის ღამეს გამოსტაცა სტიქიას 8 ადამიანი”

თბილისის მერიის ინფორმაციით, უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. მოქალაქეებს სახლებიდან გამოჰქონდათ დაზარალებულებისთვის საჭირო პირველადი ნივთები, ტანსაცმელი, საკვები და მათ აწვდიდნენ. თანხებს რიცხავდნენ უცხოეთში მყოფი ქართველებიც. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეისათვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა სრულად აღდგენილია და დაზარალებულთა უმრავლესობა დაკმაყოფილდა. თუმცა არიან შეთავაზებული კომპენსაციით უკმაყოფილო ოჯახები, რომლებმაც მერიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ახლა სასამართლოს გზით ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას.

დაკარგულები

დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა სერგი კაპანაძე, რომელიც დებ ზარანდიებთან ერთად იყო და ასევ ბექა ბუთურიშვილი.

ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა:

– მძიმეა გაუძლო ამ ტკივილს. ენით აუღწერელია და ვერ გადმოგცემთ სიტყვებით ჩვენთვის როგორ გაიარა ამ დრომ. ისევ მოლოდინში ხარ, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც ებღაუჭები რაღაცას. მაინც სადღაც სულ ეძებ. არ ვიცი რა შეიძლება ამ მდგომარეობას დავარქვა. მწარე რეალობაა, ბექა აღარ გვყავს… უნახავი და შეუმოწმებელი არაფერი დარჩენილა, მაგრამ კიდევ იმას ვფიქრობ, სადმე რამე ხომ არ გამომრჩა, მაგრამ ბოლოს მაინც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არა, ყველაფერი ვცადეთ. მტკვარში წყლის დონე 5 ჯერ დავწიეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ… იმასთან შეგუება ძნელია, რომ ბექა არ არის. მისი საფლავიც არ გვაქვს. ძნელია როცა საფლავზეც ვერ მიდიხარ გულის მოსაოხებლად.

გადარჩენილები

ძნელია ემოციის გარეშე გაიხსენო ის დღეები. ქეთი ბეგიაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც სიკვდილს ჩახედა თვალებში. ის სვანიძის 11 ნომერში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ზურაბ მუშკუდიანი აფხაზეთიდან დევნილია. 12 წლის იყო საკუთარი სახლ-კარი რომ დატოვა და გაგრიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ცხოვრება თავიდან დაიწყო დედასთან ერთად, ბევრი შრომის შედეგად ოჯახმა თბილისში ბინა იყიდა. ბედნიერად ცხოვრობდნენ და ერთ წუთში შეიძლებოდა დანგრეულიყო ყველაფერი. საბედნიეროდ ზურამ სიკვდილს გამოგლიჯა ხელიდან მეუღლე და 2 წლის შვილი, ლუკა. სახლში წამებში მიუსწრო მათ და დიდი წვალებით სამშვიდობოს გამოიყვანა. სვანიძის 11 ნომერში მათი მეზობლები, 4 ქალბატონი დაიღუპა. მაშველებმა ამ სახლიდან სვეტა, ლიანა, ჟანა და ნინა ეგიაზაროვების ცხედრები გამოასვენეს. ისინი ბიძაშვილები იყვნენ. ერთ სახლში ცხოვრობდნენ…

ქეთევან ბეგიაშვილი:

– ორი წელი გავიდა, მაგრამ ეს დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება. ეს ორი წელი ჩემთან ერთად ცხოვრობს ეს ამბავი. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, 13 ივნისზე ფიქრი არ მშორდება, ყოველთვის თან მდევს. ის ადგილი, სადაც ვცხოვრობდით, ახლა არ მიყვარს და ვცდილობ არც გავიარო იმ გზაზე. თუმცა ერთი წლის წინ სულ იქ მინდოდა ყოფნა და ხშირად მივდიოდი. ახლა რაც დრო გადის, იქ გავლა აღარ მსურს.

– ქეთი, ბავშვები ხომ არ იხსენებენ იმ დღეს?

– ყოველთვის იხსენებენ. განსაკუთრებით ლუკა, რომელიც მართლა სიკვდილს გამოვტაცეთ. ახლა ახალ სახლში ვცხოვრობთ და ამბობენ, აქ კარგიაო.

– თქვენს ეზოში ცხოვრობდა 4 დაღუპული ქალბატონი, როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მათი გადარჩენა?

– მათი გარდაცვალება ჩვენი ოჯახის დიდი ტკივილია. ყოველდღე ვიხსენებთ მათ და გული გვტკივა, რომ წარსულში გვიწევს საუბარი. სახლის პირველ სართულზე ორი და ცხოვრობდა, ხოლო მეორე სართულზე მათი ბიძაშვილები. მათ ვეხმარებოდით წყლის ამოტუმბვაში. ისინი ცდილობდნენ საძინებლებში არ შესვლოდათ წყალი და იმაზე იყვნენ გადართულები. ამ დროს წყალი ისევ შემოვარდა. მე კიბეზე ავდიოდი, ამ დროს გავიგე ერთ-ერთი დაღუპულის შვილი როგორ გადმოხტა ფანჯრიდან და დაიყვირა, მიშველეთ დედა მეხრჩობაო. ბავშვი ამბობს, დედაჩემი დახრილი წყალს წურავდა, ამ დროს დიდი ნაკადი შემოვარდა სახლში და დედას თავზე მაცივარი დაეცა და კედელზე მიახეთქა წყლის ნაკადმაო. ჩემსავით ცურვა არ იცოდნენ, თორემ მეორე სართულზე მყოფები მაინც გამოაღწევდნენ იქიდან. იმ საშინელ ღამეს სასწაული იყო ვინმეს გადარჩენა.

ძალიან მძიმეა ამის გახსენება. დღეს ჩემი ლუკა 4 წლის არის, ნინი 6 და ზაკო 7 წლის. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის და გვერდში დგომისთვის და მინდა 13 ივნისის მსგავსი უბედურება აღარასდროს გვენახოს. რაც მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდებით რომ მართლა ღმერთის წყალობით გადავრჩით. ეს ხომ არ იყო უბრალოდ წყალი, ეს იყო ღვარცოფი, ტალახი, რომელსაც მოგლეჯილი ხეები და ყველაფერი მოჰქონდა. ალბათ არ ვიყავით განწირულები, მადლობა უფალს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრი სახლი – მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ დროებით შეაჩერონ საომარი მოქმედებები ქალაქ ოლეშკიში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადებულ იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო დერეფნის გავლით.ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 29 ოქტომბერს უნდა შევიდეს.„დღეს ოლეშკიში ვითარება საშინელია. ოლეშკი ფრონტის ხაზზე ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ოლეშკიში დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად შედგება მოხუცებისგან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებსა და სუფთა წყალს. სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და მოხუცი ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა.აღინიშნება, რომ პირველი ლედი და მისი წარმომადგენელი პირდაპირ მუშაობდნენ რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან, რათა გაერკვიათ ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის პირობები.„ორივე ქვეყნის არასამხედრო, სამოქალაქო პირები ერთად იმუშავებენ, რათა ეწვიონ ოლეშკის მაცხოვრებლებს მათ სახლებში და დაადგენენ დახმარების მოცულობას, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მცხოვრებლები, რომელთაც ევაკუაცია სურთ, კოორდინირებულ დახმარებასა და ტრანსპორტს მიიღებენ მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე. მოველი, რომ ზოგიერთს რუსეთში წასვლა ენდომება, და ზოგიერთს უკრაინაში“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუკერძოებელი ამერიკული მედია ორგანიზაცია მთელი პროცესის განმავლობაში ადგილზე იქნება რუსულ და უკრაინულ გუნდებთან და მოვლენებს გააშუქებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გავრცელებული განცხადებით განმარტავს, დაუსრულებელი აუდიტის მასალების საბოლოო, დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა დაუშვებელია და ქმნის მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის რეალურ საფრთხეს. ამასთან, უნივერსიტეტი დოკუმენტაციის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლას, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. „2026 წლის 22 ოქტომბერს „სტუდია მონიტორმა“ გამოქვეყნა მასალა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020-2022 წლების საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას უკავშირდება. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნული შემოწმება დასრულებული არ არის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შესაბამის საკითხებზე კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს და საბოლოო აუდიტორული ანგარიში არ არსებობს. მიუხედავად ამისა ჩვენი მხრიდან პასუხი გაეცა ჟურნალისტის მიერ სტატიის მომზადების პროცესში გამოგზავნილ კითხვებს. პასუხის მოკლე და ზოგადი ხასიათი განპირობებული იყო აუდიტორული შემოწმების დაუსრულებლობითა და იმ ფაქტით, რომ საბოლოო დასკვნის არარსებობის პირობებში უნივერსიტეტს არ გააჩნდა დასრულებული აუდიტის შედეგებზე დაფუძნებული დეტალური განმარტებების გაკეთების ობიექტური შესაძლებლობა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტირება ან მისი უნივერსიტეტის პოზიციის სისუსტედ წარმოჩენა საფუძველს მოკლებულია. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აუდიტორული შემოწმების დაუსრულებელ ეტაპზე არსებული დოკუმენტაციის გავრცელებისა და აუდიტის შედეგების ანგარიშის შედგენამდე გასაჯაროების კანონიერების საკითხი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აუდიტის განმახორციელებელ მოსამსახურეებს პირდაპირ ავალდებულებს, აუდიტის შედეგები არ გაასაჯაროონ აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა. შესაბამისად, არსებობს კანონით დადგენილი ვალდებულების შესაძლო დარღვევის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რომლის უგულებელყოფაც დაუშვებელია. მივმართავთ სამართალდამცავ და სხვა უფლებამოსილ უწყებებს, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის წარმომავლობა, მისი მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება, პასუხისმგებელი პირები და შესაძლო სამართალდარღვევის ყველა გარემოება. ამასთანავე, მოვითხოვთ არა ფორმალურ განმარტებას, არამედ საკითხის სრულყოფილ სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას. ასევე ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად მივმართოთ სასამართლოს, ვინაიდან დაუსრულებელი და საბოლოოდ შეუფასებელი მასალის დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა უნივერსიტეტს რეპუტაციული ზიანის რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება არ წარმოადგენს კანონით დადგენილი შეზღუდვების უგულებელყოფას. უნივერსიტეტი მოითხოვს, „სტუდია მონიტორმა” განმარტოს გამოქვეყნებული დოკუმენტაციის სამართლებრივი სტატუსი და დააზუსტოს, რა საფუძვლით იქნა გამოყენებული სამსახურებრივი მიმოწერა. უნივერსიტეტი, აღნიშნული გარემოებებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნების გათვალისწინებით, მიმართავს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად, ხოლო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში - საქართველოს პროკურატურასაც, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის გავრცელების კანონიერება და პასუხისმგებელი პირების მოქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „სტუდია მონიტორმა” სტატია მიზანმიმართულად, საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობისა და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოამზადა და გაავრცელა, რაც სიმართლის დადგენას კი არა, უნივერსიტეტის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ შეეგუება დაუსრულებელი აუდიტის მასალების საკუთარი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და მოითხოვს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვისი მოქმედებებიც კანონის დარღვევას და უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვას უკავშირდება”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.

“23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა – დღეს, მთელი პროცესისას ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ”

დღე­ვან­დე­ლი დღე მაქვს ყვე­ლა­ზე მძი­მე. 23 ოქ­ტომ­ბე­რი იყო, როცა გი­გას ნა­კე­რებს შო­რის ტვი­ნი გა­მო­უ­ვი­და, ეს პირ­ვე­ლად მე შე­ვამ­ჩნიე ბინტზე. დღეს, მთე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს გა­მო­ჟო­ნი­ლი ტვი­ნი მედ­გა თვალ­წინ, მაგ­რამ მო­ბი­ლი­ზე­ბა მა­ინც შევ­ძე­ლი, – ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და.ის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, მე­რაბ მა­ლა­ნი­ას შვი­ლის, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და­ეს­წრო.რო­გორც სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მა­ლა­ნი­ას ოჯა­ხი მისი შვი­ლის, ნიკა ავა­ლი­ა­ნის მი­სა­მარ­თით სხვა­დას­ხვა რეპ­ლი­კებს აჟ­ღე­რებ­და, რის გა­მოც, ის სა­სა­მარ­თლო­ში აღარ და­დის.“ნიკა, ჩემი შვი­ლი და ასე­ვე ჩემი ძმა, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­დი­ო­და, ჩემს გვერ­დით აღარ არი­ან, რად­გან მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­კას სი­სას­ტი­კით ექ­ცე­ოდ­ნენ – ეს­როდ­ნენ რეპ­ლი­კებს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნათ. მე­რაბ მა­ლა­ნი­ას ახ­ლობ­ლე­ბის დიდი არ­მი­ი­დან ყვე­ლა­ზე სა­ში­ში, ამაზ­რზე­ნი მე­რაბ მა­ლა­ნი­ას დედა გახ­ლავთ, რო­მელ­საც სწო­რე­ბა ჰქონ­და ნი­კა­ზე, სწო­რედ, ამის გამო აღარ დამ­ყავს ის სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მაქ­სი­მა­ლუ­რი წლე­ბი, რა­საც ბრა­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს, არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი ხნის ვა­დით უნდა გა­ა­რი­დონ ეს არას­რულ­წლო­ვა­ნი ამ ოჯახს.დღეს, პრო­ცეს­ზე ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა მოხ­და. მა­ლა­ნი­ას ად­ვო­კა­ტის აქ­ცენ­ტი სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძებ­ზე იყო. ფეხ­და­ფეხ მაქვს დავ­ლი­ლი, ყვე­ლა ანძა ვიცი, რო­მე­ლი ქსე­ლი­საა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს დავ­დებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პრო­ცეს­ზე კი პრო­კუ­რო­რი ქეთი სო­ნი­ძე იტყვის.დღე­ვან­დე­ლი დღე მაქვს ყვე­ლა­ზე მძი­მე, 23 ოქ­ტომ­ბე­რი იყო, როცა გი­გას ნა­კე­რებს შო­რის ტვი­ნი გა­მო­უ­ვი­და, ეს პირ­ვე­ლად მე შე­ვამ­ჩნიე ბინტზე და დღეს, მთე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს გა­მო­ჟო­ნი­ლი ტვი­ნი მედ­გა თვალ­წინ, მაგ­რამ მო­ბი­ლი­ზე­ბა მა­ინც შევ­ძე­ლი. ხვალ გი­გას ბი­ო­ლო­გი­უ­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის თავი სრულ­დე­ბა, ამ ცხელ დღე­ებს როცა ჩა­ვივ­ლით, ყვე­ლა­ფერს დავ­დებ”, – გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი მა­ლა­ნი­ას გიგა ავა­ლი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ჯგუ­ფუ­რად, გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბი­ან. მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერალი, პაატა ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომ მზად არის გამოცხადდეს სასამართლოში, ან დისტანციურად ჩაერთოს ჩვენების მისაცემად, თუ „4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება“.როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არის მხოლოდ და მხოლოდ ის და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ „რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში“.„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს!პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არამხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად.დიდი მადლობა!P.S. ოპოზიციურ პარტიებს გთხოვთ გამიწიოთ შუამდგომლობა რომ თუ 4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება სასამართლოს მივცე ჩვენება”,- წერს ბურჭულაძე.

ძმები ფეიქრიშვილების დედა – ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, გარეთ, სახლთან დაინახეს, ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ! – ბატონო პრემიერო, გაერკვიეთ, ცუდად არის საქმე, სუს-ია...

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციით, გუშინ, პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გარეთ დაინახეს.როგორც გლდანის ციხესთან მან განმარტა, ბილანიშვილს ფოტოებიც გადაუღეს.“ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ, “კაწრო” სახლთან დაინახეს და გადაუღეს სურათი. ჩემს შვილს კრიმინალს ეძახიან, მაგრამ ყველაზე დიდი კრიმინალები არიან ციხის უფროსი, ფერაძე, ანუ “ზაუტა”. ზუსტად ვიცი, რომ ფირცხალავა იყო ჩემს შვილთან, გოგასთან შესული კამერაში. რა უნდოდა ფირცხალავას ჩემს შვილთან? რა თამაში მიდის ხალხო? გაერკვიეთ, ბატონო პრემიერო, ცუდად არის საქმე ქვეყანაში, სუს-ი არის სათავეში, ხსნით უფროსებს, მაგრამ თვითონ იქ არის კრიმინალური ბანდა. რატომ არავინ მოვიდა და არ მეუბნებიან, არ ინერვიულოთ, თქვენი შვილები დაცულები არიანო? ბატონო ბიძინა, მე არ მეშინია, რომ მომკლავენ, რადგან ჩემი სიკვდილი უარესი იქნება. მესმის, რომ კრიმინალური ბანდა ვამხილე, ესენი არიან სუს-ის წევრები, სუს-ი ყოფილა ყველაზე დიდი ბანდა, მთავრობა ხსნის ერთ უფროსს, მეორეს, მესამეს, მაგრამ შიგნით ერთი და იმავე ხალხია”, - განაცხადა აბრამიშვილმა.რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, სადაც დავით ფეიქრიშვილის დაზიანებებზე ნათქვამია, რომ “დაცემის შედეგად მიიღო, აღნიშნული დედისთვის დაუჯერებელია.“თუ მე-9 სართულიდან გადმოვარდებოდა და ცემენტზე დაეცემოდა, იმ შემთხვევაში, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ დანით არის დასერილი, ბლაგვი საგნით, ეს ბატონმა ზურამ მითხრა, ამდენი ტრავმა ხომ გაუგებარია? ჩემი შვილების სიცოცხლეს ყოველთვის ექნება საფრთხე, ვიდრე თანამდებობაზე იქნება გიორგი პატარიძე . პრაქტიკულად კაცი მხილებულია ბანდასთან შეკრულობაში, ყოველ წუთას ვატო ყიფიანი ელაპარაკებოდა “ზაუტას”. მე მინდა დაცვა, დაიცვან ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი! დაგვაწყნარონ, მოგვცენ პირობა, რომ ჩვენი სიცოცხლე დაცულია. ამ საქმეს მთავრობა ვერ ჩაფარცხავს, ამას ბევრის თავი გადაყვება!” - განაცხადა აბრამიშვილმა.

ბოლო სიახლეები