უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა. ამის შესახებ სვირიდენკომ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სვირიდენკომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახაზინო მდივანთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრა პოზიტიური და მეგობრული იყო.
„ვფიქრობ, ბესენტი უკრაინის გვერდით დგას და უკრაინას უჭერს მხარს“, – განაცხადა სვირიდენკომ.
მისი თქმით, შეხვედრის დროს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ უნდა შესუსტდეს, გადაიდოს ან გაუქმდეს.
სვირიდენკომ აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორები სრულად აცნობიერებენ სანქციების გამკაცრების მნიშვნელობას, რათა რუსეთი დასუსტდეს და სანქციების გვერდის ავლის გზები შეიზღუდოს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დასრულება მისი ოცნებაა, თუმცა ეს უნდა მოხდეს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებით, ეკონომიკური განვითარების გეგმითა და ქვეყნის აღდგენის პროგრამით.
„უკრაინელ ხალხს იმ ცხოვრების უფლება აქვს, რომელსაც იმსახურებს, რადგან ისინი ასე გამორჩეულად იბრძოდნენ“, – განაცხადა სვირიდენკომ.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ორდღიანი შეხვედრების შემდეგ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა იგრძნო.
„ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ჩემი პირველი აზრი ის არის, რომ ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა სვირიდენკომ და აღნიშნა, რომ განწყობა უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე წინა შეხვედრებზე.
ამასთან, „როიტერთან“ ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.
სვირიდენკომ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, სადაც ვიქტორ ორბანი ხელისუფლებიდან წავიდა, შესაძლებელი გახდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღება, ასევე 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცება, რომელსაც ბუდაპეშტი ბლოკავდა.
მისივე თქმით, ეს დადებითად აისახება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზეც.
„ყველა უკრაინელი თავს ევროკავშირის ოჯახის ნაწილად გრძნობს და ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ იქ ყოფნას. ახლა ჩვენთვის შესაფერისი დროა, უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებული გზა მივიღოთ“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

