სამშაბათი, აპრილი 28, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები თბილისის N86-ე და N52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, გაეცნენ თანამედროვე სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, ასევე დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ შეხვედროდნენ აკადემიურ პერსონალს, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და უფრო ახლოს გაცნობოდნენ უნივერსიტეტში სწავლის პერსპექტივებს. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები მიზნად ისახავს აბიტურიენტების პროფესიულ ორიენტაციას და უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას.

„ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სრულად პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ეფექტურად გამოიყენონ. ისინი აქტიურად ერთვებიან პროექტებში, მუშაობენ ინოვაციურ იდეებზე, ეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს და იძენენ იმ კრიტიკულ და პროფესიულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვქონდა საუბარი სკოლის მოსწავლეებთან. მათი მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი, ჩართულობა და მოტივაცია გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მომავალი თაობა უკვე გააზრებულად ეკიდება პროფესიის არჩევას და მზად არის, საკუთარ განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახონ უნივერსიტეტის გარემო, გაეცნონ სასწავლო პროცესს და უფრო გააზრებულად მიიღონ გადაწყვეტილება პროფესიის არჩევისას. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება შევთავაზოთ და დავეხმაროთ მათი ინტერესების აღმოჩენაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს კარინა გიორგაძეს, თბილისის N60-ე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს და შორენა ხორავას, თბილისის N52-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სწორედ ასეთი ერთობლივი ძალისხმევა გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო მეტად დავუახლოვდეთ მომავალ თაობას და მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.

ცნობისთვის, 73 წლის წინ, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა – „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია” და მას შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს, ასე იქცეოდა ყოველთვის, მოლდოვის, საქართველოს ნაწილები, ყირიმის, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება

რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს, ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება, ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით.„უკრაინა ყოველთვის გამოხატავს მადლიერებას და კარგად ახსოვს, ვინ და როგორ დაგვეხმარა ამ ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ ყველა პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპისთვის, არ დაავიწყდეთ, რომ უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს. თუ ეს ერთ სახელმწიფოსთან, ერთ მეზობელთან გაუვა, იგივე სხვებთანაც განმეორდება. რუსეთი ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება. ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი. ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი – პრინციპულობა. ეს ეხება როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე „დიდ შვიდეულს“ და ევროპულ ქვეყნებს. იმისთვის, რომ ევროპაში რეალურად იყოს მშვიდობა და რუსეთი შეჩერდეს, უკრაინას უნდა ჰქონდეს ღირსეული პირობები და პატივისცემა. უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხში – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდეგ ქვეყნის რეალური აღდგენა. ჩვენ ვმუშაობთ ღირსეული მშვიდობისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩვენთანაა, ვინც უკრაინასთანაა!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ხვიჩა კვარაცხელია – „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს.ლუის ენრიკე: „ყველა მოთამაშე მზად არის. უნდა დავტკბეთ ამ მომენტებით, რადგან არასდროს იცი, მსგავსი მატჩები კიდევ გექნება თუ არა. გუნდი მოუთმენლად ელის ნახევარფინალში თამაშს. ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება უკეთესი.სტაბილურობის კუთხით „ბაიერნი“ შეიძლება ოდნავ გვისწრებს, რადგან მათ მხოლოდ ორი მატჩი აქვთ წაგებული, თუმცა იმის მიხედვით, რასაც ვაჩვენებთ, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს.ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება? ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან პირველად გამარჯვება შვების მომატანი იყო. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაში ვართ“.ხვიჩა კვარაცხელია: „„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ. გასულ სეზონში დატვირთვა დიდი იყო და სეზონის დასაწყისში გადაღლილები ვიყავით, თუმცა ახლა ფიზიკურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ.„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩი კარგად მახსოვს, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, თან ტრავმირებულებიც გვყავდა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.რაც შეეხება ჩემს დარტყმას, ამ კომპონენტზე ყოველდღიურად ვმუშაობ – როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში. ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. პენალტების შესრულება გუნდში რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია, მათ შორის, მეც. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის პარიზში 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას მიუნხენის „ალიანს არენა“ 6 მაისს უმასპინძლებს.

ვლადიმერ პუტინი – გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას, ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია

გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, მაგრამ რუსეთი მარადიულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში კანონმდებლების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე ფოკუსირება კონტრპროდუქტიულია.„გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია. კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილი, დინამიური, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პუტინმა.

მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე.დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველ კადრებს „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.„პრაიმტაიმის“ დეტალების გარკვევას ცდილობს.

მარკო რუბიო – აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას

აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ირანი კვლავ ცდილობს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, რაც შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია. რუბიო გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, რომ თეირანი გარკვეული შეთანხმებების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის „გახსნას“ სთავაზობს. მისი თქმით, ვაშინგტონი ვერ შეეგუება იმას, რომ ირანი განსაზღვრავდეს, რომელი გემები შეძლებენ სრუტეში გავლას ან მოითხოვდეს რაიმე სახის გადასახადებს. „თუ ისინი გახსნაში გულისხმობენ იმას, რომ სრუტე ღიაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ირანთან შეთანხმებით მოქმედებთ, იღებთ მათ ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაგბომბავენ და გადახდასაც მოგთხოვენ – ეს არ არის სრუტის გახსნა”, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები