საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, გამოცდილებისა და ინფორმატიკის სფეროში თანამედროვე გამოწვევების გააზრებას. „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მონაწილეობდნენ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მხრიდან. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ქმნის შესაძლებლობა სტუდენტებმა ცოდნა და უნარები საერთაშორისო კონკურენციის პირობებში გამოსცადონ. დეკანის განმარტებით, ოლიმპიადაში 50-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტის ჩართულობა ნათლად მიუთითებს ღონისძიების მაღალ ავტორიტეტსა და ფართო გეოგრაფიულ დაფარვაზე, რაც მას მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად აქცევს.

„საერთაშორისო ოლიმპიადები და მსგავსი სახის კონკურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უმაღლესი განათლების თანამედროვე მოდელის კიდევ მეტად განვითარებაში, რადგან ისინი ქმნიან მრავალმხრივ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც სცილდება თეორიული სწავლების ფარგლებს. ოლიმპიადა, პირველ რიგში, ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას – სტუდენტები მუშაობენ კომპლექსურ ამოცანებზე, რომლებიც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, ალგორითმულ მიდგომებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას. ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიადა ეფექტური პლატფორმაა კულტურათაშორისი კომუნიკაციის განვითარებისათვის. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ, გაცვალონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ერთმანეთის საგანმანათლებლო სისტემებსა და პროფესიულ მიდგომებს. გარდა ამისა, მსგავსი ფორმატის კონკურსები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გააზრებას. მონაწილეები ეცნობიან უახლეს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. ასეთი აქტივობები აძლიერებს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომით ბაზარზე და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საერთაშორისო აქტივობებში სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს და ამყარებს სტუ-ის პოზიციებს გლობალურ აკადემიურ სივრცეში. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, საერთაშორისო პროექტებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ინტეგრირდეს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან და გაზარდოს თავისი ცნობადობა საერთაშორისო დონეზე.
„საერთაშორისო აკადემიურ აქტივობებში, მათ შორის სხვადასხვა დონისა და ფორმატის ოლიმპიადებში სტუდენტთა სისტემური ჩართულობა, რომელიც ხორციელდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. პრაქტიკა ემყარება უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაზე, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაზე. მსგავსი ტიპის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენების უნარის განვითარებას, კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზანმიმართულად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და პროექტებში, რაც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებისათვის. მსგავსი პროცესები ხელს უწყობს უნივერსიტეტის პოზიციონირებას საერთაშორისო აკადემიურ რუკაზე, აძლიერებს მის რეპუტაციას და ქმნის პარტნიორობის გაფართოების საფუძველს. ამასთანავე, მსგავსი აქტივობების ფარგლებში დასახული ამოცანები მოიცავს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო შრომით ბაზარზე, მათი პროფესიული და კვლევითი უნარების განვითარებას, აგრეთვე ინოვაციური და ტექნოლოგიურად ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა უზრუნველყოს სტუდენტებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში და ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებს თამარ ლომინაძე.

