პარასკევი, აპრილი 17, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არქიტექტორის, გიული გეგელიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქპალატის საპატიო წევრის, ამავე კავშირის გამგეობისა და ეთიკის საბჭოს წევრის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გეგელიების ოჯახს, მის ახლობლებს, უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც რექტორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორ გიული გეგელიას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ქართული არქიტექტურის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ აღზრდაში. მისი მოღვაწეობა საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის ისტორიაში დარჩება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტით, სამეცნიერო თუ პედაგოგიური მიღწევით.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის – გიული გეგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენი უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო წრეებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს – ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც გიული გეგელიას მრავალწლიანი პროფესიული გზა აკავშირებდა.

გიული გეგელიას მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სადაც მოღვაწეობის თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არქიტექტურული განათლების განვითარებასა და სტუდენტთა არაერთი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გიული გეგელიას სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სიღრმითა და სიახლისადმი მუდმივი სწრაფვით. თბილისსა და საქართველოს რეგიონებს ამშვენებს მის მიერ მაღალი ოსტატობით რეალიზებული არაერთი ნამუშევარი, რომელთა შორისაა: საცხოვრებელი მიკრორაიონი „სანზონა“, საცხოვრებელი მიკრორაიონი ბახტრიონისა და იყალთოს ქუჩებს შორის, ბაკურიანის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, სამხატვრო გალერეა და „ხსოვნის კლუბი“ სენაკში, ეთნოგრაფიული მუზეუმი ნოქალაქევში, რუსთაველის თეატრის რეკონსტრუქციის გეგმა, ცნობილი მოქანდაკის – ელგუჯა ამაშუკელის სახლი-სახელოსნო თბილისში, საქალაქო სასამართლოს შენობა და საცხოვრებელი კომპლექსები ფოთში, თბილისში, წყნეთში, მცხეთაში და მრავალი სხვა.

პროფესორ გიული გეგელიას ავტორობით გამოიცა 8 სამეცნიერო ნაშრომი თბილისის ისტორიული რაიონის რეკონსტრუქციისა და რესტავრაციის საკითხებზე; არაერთი სტატია თბილისის ისტორიული უბნების მხატვრული შეფასების, ადაპტაციის, ძველი და თანამედროვე განაშენიანების ურთიერთკავშირის დადგენის საკითხებზე; განხორციელდა 100-ზე მეტი პროექტი და მშენებარე ობიექტის სამეცნიერო-მეთოდური და საპროექტო ხასიათის გამოკვლევები. ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისათვის მას მიღებული აქვს მრავალი საპატიო ჯილდო.

გიული გეგელიას სახელი და მოღვაწეობა მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში“, – ნათქვამია რექტორის სამძიმრის წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

გიგა ბოკერია – ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა

საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებამდე საჭიროა გარდატეხა საზოგადოებაში და მშვიდობიანი პროტესტი.„უნგრეთში იყო არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჩვენი, საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული საფრთხის შემქმნელია. თავისუფალი ქვეყნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე გვჭირდება იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რაც ახალი არჩევნების ჩატარების შანსს მოგვცემს. 26 მაისის შეკრება, ოპოზიციური ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას – ამ რეჟიმის შეცვლა, თავისუფალ სამყაროში ჩვენი დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, უბრალოდ, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო იმ ხარისხის მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ რეჟიმს გადატეხავს და მის რეგრესიულ აპარატს კონტროლს დააკარგვინებს. ასე მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ეს იყო და არის „ფედერალისტების“ და ოპოზიციის ალიანსის პოზიციაც“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გია ვოლსკი – იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის განახლებული ის ვებგვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტადაა მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხარვეზს მალე გამოასწორებს.„ეჭვის საფუძველი გვაქვს, ეს გარკვეული პასუხია იმაზე, რომ საქართველოში მათი ელჩის საქმიანობის გამო სამართლიანი უკმაყოფილება გამოვხატეთ, შესაძლოა, ეს იყოს პასუხი. მაგრამ ვინაიდან მაღალი დონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ტექნიკური შეცდომაა, ჩვენც მივიღოთ როგორც ტექნიკური შეცდომა. მსოფლიოსაც და ჩვენს საზოგადოებასაც ვაცნობოთ, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია რომ არ განახლებულა, სხვა არაფერია, თუ არა ტექნიკური შეცდომა. ძალიან კარგი პასუხია და იმედია, ამ ხარვეზს მალე გაასწორებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის ფონდი ავრცელებს.მათივე ცნობით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონკურსია საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგებით და ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.„კონკურსი 2014 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო STEM დარგების პოპულარიზებას ახალგაზრდებში და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას. კონკურსის ამოცანაა, გამოავლინოს სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც წარმოადგენენ ინოვაციურ პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების და ინჟინერიის (STEM) დარგებში.პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ), რობოტექნიკა.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-17 წლის უფროსკლასელებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია გუნდურად. გუნდში წევრების მინიმალური რაოდენობაა ორი, ხოლო მაქსიმალური – ოთხი. გუნდის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ერთი საჯარო ან კერძო სკოლიდან ან სხვადასხვა სკოლებიდან. კონკურსანტების პროექტებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. პირველ ადგილზე გასული გუნდი 2027 წლის ზაფხულში გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს საზაფხულო სკოლაში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში ანდა დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.კონკურსს ტრადიციულად ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და „ლიბერთი ბანკი“. კონკურსის ფინალისტებს სხვადასხვა პრიზს გადასცემენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციები და კომპანიები“, – ნათქვამია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.მათივე ცნობით, კონკურსისთვის ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის პირველი ივნისი.„კონკურსის შესახებ დეტალები იხილეთ ფონდის ვებგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით კონკურსის მენეჯერს, ნინო ჯაფარიძეს, ტელ.: +995 591 21 82 82, ელფოსტა: mia@millennium.org.ge“, – აღნიშნულია ათასწლეულის ფონდის ინფორმაციაში.

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ეფექტურად დაასრულა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელმაც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა.იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.

ბოლო სიახლეები