სამშაბათი, მაისი 26, 2026

პეტერ მადიარი – პარტნიორებს გავაცანი „ტისას“ ვალდებულებები უნგრელი ხალხის მიმართ, ჩვენი ამოცანა იქნება ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვა, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო იყო შეჩერებული

ჩვენს პარტნიორებს გავაცანი პარტია „ტისას“ ვალდებულებები უნგრელი ხალხის მიმართ: ანტიკორუფციული რეფორმები, უნგრეთის გაწევრიანება ევროპულ პროკურატურაში და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენა, – ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ტისას“ ლიდერი პეტერ მადიარი წერს.

მადიარის თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან პირველი ტექნიკური შეხვედრები ბუდაპეშტში 17-18 აპრილს გაიმართა.

„ეს შეხვედრები იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მადიარმა და ისაუბრა თავისი მომავალი მთავრობის პრიორიტეტებზე.

მისი თქმით, პარტია „ტისა“ იღებს ვალდებულებას ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელებაზე, უნგრეთის ევროპულ პროკურატურაში გაწევრიანებაზე და სასამართლოს, მედიისა და უმაღლესი განათლების დამოუკიდებლობის აღდგენაზე.

„ჩვენ ვაპირებთ ამ ვალდებულებების სრულად შესრულებას მთავრობის ფორმირების შემდეგ, ისევე როგორც შევასრულებთ დაპირებას, რომ უნგრეთს დავუბრუნებთ ევროკავშირის იმ ფინანსებს, რომლებიც ხალხს ეკუთვნის. უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება წარმოადგენს უზარმაზარ შესაძლებლობას როგორც უნგრეთისთვის, ისე ევროპისთვის. ევროკავშირის დაფინანსება არ არის ქველმოქმედება, არამედ სამართლიანი ანაზღაურებაა იმ წვლილისთვის, რომელიც უნგრელებმა შეიტანეს კავშირში და იმ სამუშაოსთვის, რომელიც უნგრეთმა ევროპისთვის შეასრულა. არსებობს სრული შეთანხმება ერთ საკითხზე: რეალური მუშაობა უნდა დაიწყოს, რათა უნგრელი ხალხისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრები საბოლოოდ გათავისუფლდეს. ჩვენი მთავრობის ამოცანა იქნება ევროკავშირის დაფინანსების განბლოკვა, რომელიც წინა ხელისუფლების პოლიტიკის გამო იყო შეჩერებული“, – განაცხადა მადიარმა.

მისივე თქმით, ფიცის დადების შემდეგ მესამე ვიზიტით ბრიუსელში ჩავა და წევრი ქვეყნების ლიდერებთან ყოვლისმომცველ შეთანხმებას გააფორმებს, რათა უნგრელმა ხალხმა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს წვდომა ევროკავშირის სახსრებზე.

„12 აპრილს უნგრელმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა: უნგრეთის ადგილი ევროპაშია“, – წერს მადიარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ელჩი საქართველოში-გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს…დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე

,,ხვალ საღამოს ირანის ისლამური რესპუბლიკა უმასპინძლებს ძვირფას ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უძველესი ისტორია, უმდიდრესი კულტურა და დამოუკიდებლობის ძლიერი სული, რომელმაც ყოველთვის შეძლო საკუთარი იდენტობისა და თავისუფლების დაცვა. ჩვენც ვიზიარებთ ქართველი ერის სიხარულს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნისას და ამ დღეს მივიჩნევთ შესაძლებლობად, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ორ ერს შორის არსებულ მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ კავშირებს. ირანსა და საქართველოს, მეზობლობაზე მეტად, მრავალსაუკუნოვანი საერთო ისტორია, კულტურა და ურთიერთობები აკავშირებთ. დღესაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად შექმნან მომავალი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, სტაბილურობასა და ურთიერთპატივისცემაზე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ეროვნული დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„ეს დღე ჩვენია! თბილისის მერია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი – ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ

ალიანსის მიერ დაანონსებული ხვალინდელი აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოიფარგლონ.„საქართველოს უკიდურესი დამცირება და განადგურება თუ არ მოგვწონს, ვეწინააღმდეგებით ამ რეჟიმს, უნდა დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ესა თუ ის პოლიტიკოსი. მეც ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ სახალხო გამოვლინებას როცა ეხება საქმე, იქ ჩემი და სხვა პროტესტი არ არსებობს. მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ. მე გავაგრძელებ ჩემი გულწრფელი აზრის შემდგომშიც ხმამაღლა გამოთქმას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გია ვოლსკი – ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ

4 ოქტომბრის შემდეგ დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მოხდეს და ვინმე დაშავდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიცია „ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავს“.„შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში განცხადება ხუთი დღით ადრე შედიოდა და აქცია ტარდებოდა. ახლა, როცა კანონის მოთხოვნა არ დაიცვეს, რასაკვირველია, უარიც მიიღეს, მით უმეტეს, 26 მაისს სცენა და ისეთი ინფრასტრუქტურა ვერ მოეწყობა, როგორიც თვითონ უნდათ, რადგან უკვე დაგეგმილია გარკვეული აქტივობა. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, თავიანთ პატრონებს შეახსენონ, რაში იხარჯება თანხა, რაც მათ ავალდებულებთ, ექსტრემისტული სცენარით იმოქმედონ. 4 ოქტომბრის შემდეგ ასეთი დაპირისპირების მცდელობა აღარ ყოფილა და ახლა ისევ უბრუნდებიან გეგმას, იქნებ დაპირისპირება მართლაც მოხდეს და ვინმე დაშავდეს. ამბობენ, რომ „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც. ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ, მანამდე მშვიდობიან დამხობას გეგმავდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ ვესაუბროთ ერევანში სახელმწიფო მდივან რუბიოს

26 მაისს თბილისში უფრო მეტნი უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ერევანში მარკო რუბიოს დასახვედრად მისული ჩვენი მეგობარი სომხები! – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.როგორც გვარამია წერს, ხვალ რუსთაველზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს და პირდაპირ იქედან ესაუბრონ სახელმწიფო მდივან რუბიოს.„დადასტურდა, რომ 26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა! რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს! პირისპირ შეხვედრებზე უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად შთამბეჭდავი ხალხის მიმართვაა, ბევრი გულანთებული მედასავლეთე ქართველი პატრიოტის! ამიტომ ხვალ, 26 მაისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და პირდაპირ იქედან ვესაუბროთ სახელმწიფო მდივან რუბიოს!“ – წერს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები