სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირება აუცილებელია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა, როდესაც პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამას წარადგენდა.
ფაშინიანის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგად, მრევლის ნაწილი ეკლესიას ჩამოშორდა, რაც გარე ძალებს აძლევს შესაძლებლობას, ეკლესია ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად აქციონ.
მისი თქმით, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ პროგრამა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რეფორმირების საგზაო რუკას მოიცავს, რომელიც გულისხმობს წესდების მიღებას, ფინანსურ გამჭვირვალობას, სამღვდელოების ღირსეულ ქცევასა და კათოლიკოსის არჩევას.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთლიანობაში რეფორმები მიზნად ისახავს ეკლესიის პოლიტიკური ცხოვრებიდან გაყვანას.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედებს შემოსავლების საყოველთაო დეკლარირების სისტემა და ის გვერდს ვერ აუვლის სამღვდელოებას.
„სომხეთის სამოციქულო ეკლესია ახორციელებს გარკვეულ საქმიანობას და გადასახადები უნდა გადაიხადოს. ჩვენ მზად ვართ, მიღებული გადასახადები 100 პროცენტით დავუბრუნოთ ეკლესიას და უფრო მეტიც, სოციალური გარანტიების სახით. და რატომ ეწინააღმდეგებიან ამას კტრიჩ ნერსისიანის ხელმძღვანელობით? იმტომ, რომ სურთ ჩრდილში მოქმედება, არ იყვნენ ანგარიშვალდებულნი არც ეკლესიისა და არც სახელმწიფოს წინაშე“,- განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, მთავარი მსაჯული ხალხია და სწორედ ხალხმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რამდენად მისაღებია, რომ „კტრიჩ ნერსისიანმა (კათოლიკოსი გარეგინ მეორე) უკვე დიდი ხანია, ეკლესია პოლიტიკურ პარტიად აქცია“.
ფაშინიანის მოსაზრებით, ივნისში დაგეგმილ არჩევნებზე ეს საკითხიც უნდა გადაწყდეს.

