ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026

ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ “ავერსის კლინიკაში” ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) პირველი ოპერაცია ჩაატარა

3 მარტს ამიერკავკასიაში პირველად “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდმა წარმატებით ჩაატარა ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია. საზოგადოებისთვის ახლად დანერგილი მეთოდის გასაცნობად კლინიკაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს ჩატარებული ოპერაციის, მისი მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც.

ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხს. ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც მედიკამენტებით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებათა სრულფასოვანი კონტროლი. ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორებიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდულობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება და პაციენტები გაცილებით დამოუკიდებელნი ხდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

“ავერსის კლინიკის” გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაციით პარკინსონის დაავადების სიმპტომების მკურნალობა მედიცინაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი დანერგვა საქართველოშიც აამაღლებს უამრავი პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად:

– ევროპის კლინიკებში ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაციის მინიმალური ღირებულება 40 ათასი ამერიკული დოლარია. ფასს უდიდესწილად განსაზღვრავს ის ტექნოლოგიები და აპარატურა, რომლებიც ერთჯერადად გამოიყენება ოპერაციის დროს. ამერიკულ კომპანია “მეტრონიქსთან” მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ოპერაციის ღირებულება გაცილებით ხელმისაწვდომია და საშუალოდ 70 ათას ლარს შეადგენს, – გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ. მისივე თქმით, “მეტრონიქსის” წარმომადგენლები პირველ ოპერაციას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ “ავერსის კლინიკის” სამედიცინო გუნდი, ქირურგი და მთელი პერსონალი მზადაა ამ რანგის ოპერაციების ჩასატარებლად:

– ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდის დასანერგად მუშაობა 4-5 წლის წინ დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიების შეძენა სოლიდურ ფინანსურ ხარჯს მოითხოვდა, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ისეთი გუნდის მომზადებაც, რომელიც სათანადოდ წარმართავდა ამ ოპერაციას. “ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ რამდენიმე ქვეყანაში გაიარა სტაჟირება, რომ სრულფასოვნად შეესწავლა მეთოდი. დღეს ჩვენი კლინიკა და სამედიცინო პერსონალი მზად არიან ამ რთული მანიპულაციების ჩასატარებლად.

“ავერსის კლინიკის” ნეიროქირურგიული სამსახურის უფროსმა ლაშა ბაქრაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპერაციები უზუსტეს ტექნოლოგიებს მოითხოვს, ამიტომ უახლესი და მაღალი ხარისხის აპარატურა გადამწყვეტ როლს ასრულებს ოპერაციის წარმატებაში:

– კარგ შედეგს თანმიმდევრული მუშაობით შედეგად ვიღებთ, რაც პირველმა ოპერაციამაც დაადასტურა. მაღალტექნოლოგიურ აპარატურასთან ერთად მნიშვნელოვანია ნევროლოგის, ანესთეზიოლოგისა და გუნდის შეწყობილი მუშაობა. ნეიროქირურგი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირამიდის მწვერვალია, – აღნიშნა ბატონმა ლაშამ. მან განგვიმარტა, რომ ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს გულმკერდის მიდამოში, კანქვეშ, მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას, რომელიც ტვინში ელექტრონულ იმპულსებს გზავნის, ამგვარად ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც მოძრაობის დარღვევას იწვევს ან აკორექტირებს მათ. პაციენტის სრული რეაბილიტაცია ერთ თვეს მოითხოვს – ამ ხნის განმავლობაში ელექტროსტიმულატორის პარამეტრების მატების პროცესი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა პაციენტი ეფექტს პირველივე დღეებიდან გრძნობს.

კონფერენციის დასასრულს, როდესაც ოპერაციიდან ათი საათი იყო გასული, პაციენტმა, 36 წლის გოჩა ნიკოლეიშვილმა, დამოუკიდებლად შეძლო პალატიდან გამოსვლა და ჟურნალისტებთან შეხვედრა. მან მადლობა გადაუხადა “ავერსის კლინიკის” მედპერსონალს და აღნიშნა, რომ ქართველ პროფესიონალთა დამსახურებით ამ პრობლემის მქონე ადამიანებს მიეცათ შანსი, მათი ცხოვრების ხარისხმა საგრძნობლად აიწიოს. მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით სონღულაშვილი – მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება

2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, წლევანდელი წელი მოსავლიანობის თვალსაზრისით გამორჩეულია არა მხოლოდ მევენახეობა მეღვინეობის, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებისთვისაც.„წლევანდელ წელს იქნება უპრეცედენტო რთველი მოსავლის რაოდენობის კუთხით. წინასწარი პროგნოზებით, ყურძნის მოსავალი 320 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის ასეთი დიდი მოსავლის პირველი შემთხვევა იქნება. წლევანდელმა კლიმატურმა პირობებმა გარკვეული გამოწვევები შექმნა – უხვი ნალექის გამო, ვაზს ზოგ შემთხვევაში უჭირს შაქრიანობის შესაბამისი მაჩვენებლის მიღწევა, რის გამოც ყურძნის კრეფას ცოტა უფრო მეტი ხნით უნდა დაველოდოთ. თუმცა, რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და ვფიქრობთ, რომ არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.მინისტრის განცხადებით, მოსავლის ასეთი რაოდენობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი სრულად დაბინავება, არამედ მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მართვა და შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობების გათვალისწინება.„როდესაც ასეთი დიდი მოსავალი გვაქვს და ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტებია ღვინო და ყურძნისეული სპირტი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოცულობის მოსავალიც შესაბამისად დაბინავდეს. ამასთან, სადაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა, რადგან ამ მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება. დღევანდელი გლობალური ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვინისა და ყურძნისეული სპირტის მიმართულებით საკმაოდ რთული ვითარებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად მივყვეთ მოსავალს, რათა შემდგომ წლებში დაბინავების პრობლემა არ შეიქმნას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პატრიარქი – ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო, ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს კი ბევრი ადამიანი ვეღარ გრძნობს – გონს უნდა მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და...

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი, - ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.ამასთან, პატრიარქის თქმით, “როდესაც ადამიანი მისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ”.“გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლის. ჩვენ მას ვადიდებთ, ვამბობთ და თაყვანს ვცემთ ამისთვის, რადგან ინება, რომ მისი წილმხვდომელი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენ ეკლესიას, ჩვენ ერს და ყოველ ჩვენგანს. დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესია.ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში წერია, „შობამან შენმა ღვთისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“- მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. სიხარული იმისა, რომ უფალმა მოავლინა დედა ღვთისმშობელი ამა ქვეყანას, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა სოფლის მხსნელისა. ჩვენ ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულის უწყება საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი, რა გვიხარია, რა გვწყინს ვხარობთ თუ არა ჩვენ სულიერი სიხარულით, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ჩვენ ხშირად ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. ვიმეორებ: ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს.თქვენ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, საკმარისია გავიელვოთ გულში, უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო ან რაღაც გულცივობა და გულგრილობა გამომავლინოთ, ეს სიხარული შენში იკარგება, თითქოს მადლი გშორდება. მოძღვრები დამეთანხმებიან, ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას გულგრილად და გულცივად ძალიან შორს არის ეს ნამდვილი სინანულისაგან და ქრისტიანული განწყობისგან. ანდა ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები ამბობენ, ”არ მახსოვს ჩემი ცოდვები ან არაფერს ვცოდავ ისეთს“ - ვერ გრძნობენ თავის ცოდვებს.წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს უგრძნობელობა ძალიან მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მაგალითად, ღირსი ეფრემ ასურელი წერს, „ერიდეთ ამ გაქვავებულ უგრძნობლობას“ იმიტომ, რომ ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკივილს თავისი ცოდვებისა და კარგავს ღვთის შიშს. ადამიანს როდესაც ფიზიკურად სტკივა, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს ტკივილი და ვცდილობთ განვიკურნოთ მალე, როდესაც ადამიანი სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, მისი ცოდვებისგან გამოწვეულს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ასეთი უგრძნობლობა. ამრიგად დღევანდელ დღეს ამაზე ვიფიქროთ.თუ ჩვენთვის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული არის პირადი სიხარული ჩვენ ვართ სწორ გზაზე და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, ჩვენ და ვერ ვგრძნობთ სულიერ სიხარულს. გონს უნდა მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და ვევედროთ უფალს, გვიხსნას ამ გაქვავებული უგრძნობლობისგან და გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ ცხოვრებას“, - აღნიშნა პატრიარქმა.

„ბიბისი“ – რუსეთის ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, „ედინაია რასია“ სახელმწიფო დუმაში იმაზე მეტ ადგილს მიიღებს, ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე ჰქონდა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ელა პამფილოვას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარტია „ედინაია რასიას“ სახელმწიფო დუმაში 355 ადგილი ექნება.როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს იმაზე მეტი ადგილია, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე იყო. 2021 წელს „ედინაია რასიამ“ 324 მანდატი მიიღო.რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ოქმების 95.18%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის პარტიამ, „ედინაია რასიამ“ ხმების 57.83% მიიღო. 13.81%-ით მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია (КПРФ), 8.98%-ით მას მოჰყვება „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ (ЛДПР), შემდეგ კი „ახალი ხალხი“ 7.96%-ით.პარტია „იაბლოკო“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ემხრობა და ამ პოზიციით ერთადერთი პარტიაა, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებიდან მოხსნა.ელა პამფილოვას განცხადებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 59.32% შეადგინა.

ნიკა გვარამია – აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით,...

მთავარი, რაც აფხაზებს აწუხებთ – ეს არის იზოლაცია. მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები და ეს ბუნებრივია, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ იუთუბ გადაცემაში განაცხადა.წამყვანის შეკითხვაზე, „სოხუმიდან ხართ და ვიცი თქვენი პოზიცია, რომ აფხაზეთის დაბრუნების გზად ხედავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეკონომიკურ ზრდას და გაუმჯობესებულ პირობებს. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს გზა მოიყვანს აფხაზებს ჩვენამდე. რა განწყობები აქვთ, თუ გაქვთ კონტაქტი?“, გვარამიამ აღნიშნა, რომ აფხაზები და ქართველები არიან მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით.„დარწმუნებული როგორ უნდა ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღალი ალბათობით, ეს გზა არის სწორი. ამ განწყობებს საჯაროდ ჩვენ ვერასდროს ვნახავთ, მაგრამ მე გეტყვით, მთავარი, რაც აწუხებთ აფხაზებს – ეს არის იზოლაცია. მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები და ეს ბუნებრივია. არ მოვიტყუოთ თავი და ერთმანეთსაც ნუ ვატყუებთ, რომ რაღაცა ძმები და ასე შემდეგ, არ ვფიქრობთ ჩვენ ასე და არც არის ეს ასე. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები. მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არ ხდება, არსად არ მომხდარა. მამაჩემისგან ვისწავლე, რომ მთავარი სიქველე არის ზომიერება. ნულიდან 100 გრადუსზე ახტომაზე ვლაპარაკობთ ისევ, ამ შემთხვევაში უკვე მინუს გამყინვარების ტემპერატურიდან ღუღილის ტემპერატურამდე ასვლაზე. არ ხდება ეს ასე. მტრების თანაცხოვრება შეიძლება, საერთო ინტერესით იყოს განპირობებული. დროთა განმავლობაში შეიძლება, ეს გადაიქცეს კარგ ურთიერთობად და მერე უკვე სიყვარულად, ოღონდ თაობები რომ წავა, იქაც რომ ახალი თაობები იქნება და აქაც. რა არის ერთიანი ინტერესი, ერთიანი ინტერესი არის – საქართველოს ინტერესი გასაგებია, ყველაფერთან ერთად ტერიტორიული მთლიანობა, ეს მუდმივად იარსებებს, მაგრამ მინდა, ფურცელზე არ დარჩეს ეს ინტერესი.ისტორიული მეხსიერების პრობლემა როცა დგება – ძაან ვერაგი რამ არის. ისტორიული მეხსიერებიდან რაღაც რომ გადის, მერე უკვე ძალიან ცოტაა შანსი, რაიმე პოზიტიური მოხდეს. ჩვენ ახლა ვერ ვგრძნობთ ამას, მაგრამ 20 წელიწადში ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე ვიდგებით ამ თვალსაზრისით. 10 წლის ბავშვებს ვკითხოთ და ა.შ. მივხვდებით, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ. ნუ ვიტყუებთ თავს, არ არის ეს კარგი. ნურც იმით ვიტყუებთ თავს, რომ როგორც კი ყველაფერი დასრულდება, რუსეთი დაიშლება, უკრაინა ომში გაიმარჯვებს და აფხაზები გაიქცევიან, არ მოხდება ეს ასე. სპეცოპერაციას დავარქმევთ, თუ რას დავარქმევთ, ყველაფერი, სადაც იარაღი ჟღარუნებს, ქართველი ხალხის შეფასებით, არის ომი. თუ ვამბობთ, რომ ეს გზა მისაღებია, უნდა ვთქვათ ღიად, რომ „შეიარაღებული გზა არის ჩემი აზრით სწორი“. შეიარაღებული გზა ყოველთვის მსხვერპლია, ეს უნდა ვთქვათ. ხალხს თუ ვეუბნებით ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, მათი ჩართულობა ხომ უნდა იყოს ამგვარ გადაწყვეტილებაში, თანხმობა ხომ უნდა მოგვცენ ამ გადაწყვეტილებაზე. ეს თანხმობა იმას კი არ ნიშნავს, შენ წადი და იომე. ნიშნავს, რომ ყველას შეიძლება, ეს მოუწიოს. ეს არის საზოგადოება, რომელსაც ომი ნანახი აქვს, გადმოცემით ხომ არ ვიცით.მგონია, რომ ევროკავშირი, რომელსაც ამბიცია აქვს ახლა და იმ დროისთვის უფრო მეტი ექნება, რომ მთავარ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტთა მოგვარების ნაწილში, რომელიც ახლა აახლებს კვიპროსის თემას. ეს გაცილებით ჩვენზე მძიმე დაპირისპირება იყო თავის დროზე. გაცილებით თუ არა, მაინც ჩვენზე მძიმე დაპირისპირება, ბერძნული და თურქული მხარის დაპირისპირება, მათ შორის ეთნიკური. არ იყო მხოლოდ ეთნიკური დაპირისპირება, იქაც თურქეთი იყო ჩარეული და აქეთ საბერძნეთი. არ იყო მხოლოდ კვიპროსის ორი მხარე.იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ ჩვენ და აფხაზებიც ვომობდით. გასაგებია, რომ რუსეთის ომია ეს, ბუნებრივია, ყველგან რუსეთის ომია, მაგრამ აფხაზებიც ომობდნენ, მარტო რუსები და ჩეჩნები არ იყვნენ. აფხაზები პრაქტიკულად მთელი ერი იბრძოდა ხო, ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთზიზღი და ურთიერთშუღლი ბუნებრივად განპირობებული. აი, ამ ყველაფრით განპირობებული, მაგრამ, მე მგონია, რომ ევროკავშირი ძალიან ამბიციურად ჩაერთვება ამაში ყველაფერში და საქართველოს გაწევრებაც გამარტივდება ამ გზით და კონფლიქტის მოგვარებაც გამარტივდება გაწევრებით. ეს ურთიერთდამხმარე ორი პროცესი იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე პატრიარქი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს.21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ეკლესიებში საზეიმო წირვა ჩატარდება.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს ბათუმის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბოლო სიახლეები