პარასკევი, ივნისი 13, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა, უამრავი გამოწვევაა, მაქვს ხედვები, იდეები და მივყვებით პროცესებს

ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა, უამრავი გამოწვევაა, მაქვს ხედვები, იდეები და მივყვებით პროცესებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

ყაველაშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა, „რა რჩება გამოწვევად, რომლის გადაჭრასაც ისურვებდით თქვენი პრეზიდენტობის პირობებში?“.

„გულწრფელი ვარ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ადვილად შეგვიძლია, ერთმანეთს მტრობა გამოვუცხადოთ. გინდ ლიტერატურული ნაწარმოები მომიყვანეთ მაგალითად, გინდ ისტორიული, სამწუხაროდ, ეს ნაკლი გვაქვს, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. სუვერენიტეტის გამყარება რომ დაიწყო და ეს დაინახა საზოგადოებამ, დაინახა, საკუთარი ხელისუფლება ეროვნული ინტერესიდან იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ დაუდგა გვერდით. რა თქმა უნდა, დიდი იმპერიების ქვეშ სულ ვიყავით და გვიწევდა რაღაცების ლავირება, მაგრამ როგორც კი პატარა შანსი ჩნდებოდა, საქართველო თავისუფალი ყოფილიყო, ყველაფერს ტოვებდა და ყოველთვის ყველაზე წინ აყენებდა ამას. დღეს ეს შესაძლებლობა გაჩნდა, ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ და დაინახა საზოგადოებამ, რომ ეს ღირებულია, კარგად ხორციელდება, ამ ყველაფერს პერსპექტივა აქვს და კიდევ უფრო განვითარებადია. პრინციპში, მართლდება ის, რასაც ამბობდა ხელისუფლება, თანმიმდევრულობის თვალსაზრისით. რაც თქვა, ის გამართლდა, რა გამოწვევაც იყო, ამაზეც გააფრთხილა საზოგადოება. ხელისუფლება რასაც ამბობს, ის ყველაფერი ერთი ერთში გამართლდა. რას უზამენ ახლა ამ ეკონომიკურ განვითარებას, გაიხსენეთ შეფასებები, ჩამოიქცევაო.

მაქვს რაღაც ხედვები, იდეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ნელ-ნელა ამ პროცესებს მივყვებით. უამრავი გამოწვევაა, ნარკომანიაზე იყო საუბარი, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ხომ ვხედავთ, სპორტს რა ძალა აქვს. უნდა ვიცოდეთ იდეალურ წარმოდგენაში, ქართველი პიროვნება როგორი უნდა იყოს, როგორი საქართველო გვინდა და ამ საქართველოს დამცველი ვინ უნდა იყოს,  ეს ქართული პიროვნება რას უნდა წარმოადგენდეს. უნდა იყოს ოჯახური ღირებულებების, სარწმუნოების, თავისი ქვეყნის პატრიოტი, პასუხისმგებელი თავის ქვეყანაზე, განათლებული, თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე, კონკურენტუნარიანი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის და ქვეყნის მიმართ, რომელიც თავის ქვეყანას დაიცავს. ეს არის საზოგადოება. ამ პოლიტიკურ პროცესს შემდეგ სჭირდება საზოგადოების მხრიდან დაცვა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი და არა იმ კატასტროფასა და ზიზღზე, რომელსაც აღვივებენ და ხელოვნურად არის გამოწვეული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს

ნინი ბადურაშვილი მიმართვას ავრცელებს:„13 წლის წინანდელი ამბავი რა ვერ ამოწურეთ? მერიდება უკვე ახალი არაფერი ხდება ქვეყანაში, რომ წინა ცხოვრების ამბები არ გაანიუსოთ?! დავიღალე უკვე და ხალხიც დაიღალა! სხვა ვინმე გაათხოვეთ თხოვნა“,- წერს ნინი.ცნობისთვის, ნინის შესახებ სხვადასხვა მედია სოციალურ ქსელში ძველ ამბავს ატრიალებდა, სადაც მისი გათხოვების შესახებ ეკა კახიანი საუბრობს.

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ აშვეთიას შვილის, 22 წლის მიშო აშვეთიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს მიშოს ეძინა და გამოსვლა ვერ შეძლო.მომხდარზე სოციალურ ქსელში წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი, რომლის წევრიც მიშო აშვეთია იყო.„სამწუხაროდ, ყველასთვის მოულოდნელად და ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი ოჯახის წევრი მიშო აშვეთია...  ძალიან ძნელია ამის დაჯერება და რაიმე სიტყვების პოვნა.თანავუგრძნობთ ამ დიდ ტკივილს, ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდას მიხეილ აშვეთიას, მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მიშო მნიშვნელოვანი იყო, გამძლეობას გისურვებთ ყველას.მშვიდად განისვენე, ძმაო… გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ“, - წერს „ტორპედოს“ ფანკლუბი სოციალურ ქსელში.

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრება სიმბოლურია, რადგან 19 ნოემბერს მათე დევიძე ფილარმონიასთან დააკავეს. დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც ერთ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი – ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.დაღუპულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ეძინა, როცა შენობაში ცეცხლი გაჩნდა.ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ინდოეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 11A ადგილას მჯდომი ბრიტანელი მგზავრი გადაურჩა

ინდოეთის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ Air India-ს კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნას, რომლის შედეგადაც სულ მცირე 200 ადამიანი დაიღუპა, ერთი მამაკაცი გადაურჩა. აჰმედაბადის პოლიციის კომისარმა, გ.ს. მალიკმა, ANI-ს განუცხადა, რომ ლონდონის მიმართულებით მიმავალი Boeing 787-8 რეისის 11A ადგილას ერთი გადარჩენილი იმყოფებოდა. ხელისუფლების მიერ გაზიარებულ ფრენის მანიფესტში ნათქვამია, რომ ამ ადგილას მჯდომი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში იყო. ინდურმა მედიამ განაცხადა, რომ ისინი საავადმყოფოში ბატონ რამეშს ესაუბრნენ და იტყობინებიან, რომ მან თქვა: „აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“.

ბოლო სიახლეები