შაბათი, აპრილი 18, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველო ყოველთვის მზად არის, იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, თავისი გამოცდილებითა და ღირებულებებით წვლილი შეიტანოს საერთო მიზნებში

საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობა არა მხოლოდ რელიგიური რწმენა, არამედ ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო ღირებულებების დაცვა არის გზა, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს.

„ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით საქართველოს პარლამენტში. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა საქართველოში და მიხარია, რომ მოახერხეთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსვლა თბილისში – ქალაქში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურის, სულიერი ცხოვრების და დიალოგის ცენტრი.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობა არა მხოლოდ რელიგიური რწმენა, არამედ ეროვნული იდენტობის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ რწმენამ და საერთო ღირებულებებმა გაგვაძლიერა რთულ პერიოდებში, დაგვიცვა და მოგვცა ძალა, რომ შეგვენარჩუნებინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
IAO-ს საქმიანობაში საქართველოს მონაწილეობა ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ეს პლატფორმა, რომელიც 1993 წელს საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა და რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა საქართველოა, დღეს უკვე უნიკალურ სივრცეს წარმოადგენს, სადაც მრავალი ქვეყნის პარლამენტარები ერთიანდებიან საერთო კულტურული ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების დასაცავად. ასამბლეამ შეძლო არა მხოლოდ ევროპულ, არამედ გლობალურ მასშტაბზე თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავება და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოება. მისი მიზნები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მშვიდობისა და თავისუფლების მხარდაჭერა, სრულად შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებას.

ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია წმინდა ნინოს, რომელმაც IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა მოიტანა და ჩვენი ხალხის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მისი მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია, ბოდბის მონასტერი, სადაც მისი საფლავია, არა მხოლოდ სიწმინდეა, არამედ სიმბოლოა საქართველოს ქრისტიანული გზისა და კულტურული მდგრადობისა. სწორედ ამიტომ, თქვენი სტუმრობა იქ კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს საერთო სულიერ კავშირს. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ღირებულებების დაცვა არის გზა, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს. ამ გზაზე საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც მრავალსაუკუნოვანმა მართლმადიდებლური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანამ, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს.

დღეს, როდესაც ასამბლეა ახალ ეტაპზე გადადის, ჩვენ, ქართველები, ვხედავთ მას, როგორც შესაძლებლობას, რომ ჩვენი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ გაისმას. საქართველო ყოველთვის მზად არის, რომ იყოს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ქრისტიანებსა და სხვა რელიგიურ თემებს შორის, და თავისი გამოცდილებითა და ღირებულებებით წვლილი შეიტანოს საერთო მიზნებში. ჩვენი ქვეყნის ისტორია საუკუნეების მანძილზე ცნობილია რელიგიათაშორისი ტოლერანტობით − საქართველოში დღესაც ყველა რელიგიის წარმომადგენელი მეგობრულად ცხოვრობს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი თბილისი, სადაც ერთმანეთის გვერდით აღმართულია მართლმადიდებლური ტაძარი, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ეკლესია. ეს მემკვიდრეობა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამ გამოცდილებით ვამაყობთ და მზად ვართ, რომ იგი გავუზიაროთ მსოფლიოს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა თბილისში კიდევ უფრო გააძლიერებს ურთიერთგაგებას, მეგობრობას და თანამშრომლობას. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება თქვენი პარტნიორი იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება მშვიდობას, დემოკრატიას და ქრისტიანული ფასეულობების დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე ლუკაშენკო – მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან

მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ RT-ს ჟურნალისტ რიკ სანჩესთან ინტერვიუში განაცხადა.ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლელი ლიდერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ცდილობენ მოკლე დროში მაქსიმალური პირადი სარგებელი მიიღონ.„თქვენ დასავლეთში გყავთ მაკრონი, მერცი და სხვები - ისინი მედროვეები არიან. ისინი მოვიდნენ, ყველაფერი მიიტაცეს და წავიდნენ. ეს მათი პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ისინი საფრანგეთსა და გერმანიაში ხალხზე არ ფიქრობენ და ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც „მედროვეა“.„ის მედროვეა. მას ოთხი წელი აქვს. რას გააკეთებს ოთხ წელიწადში? არაფერს. ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, პრეზიდენტს მეტი დრო უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

„აქსიოსი“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა და თეთრ სახლს განმარტება სთხოვა

ისრაელმა თეთრ სახლს სთხოვა განმარტება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა, – ამის შესახებ „აქსიოსს“ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის განცხადებით „შოკირებული, გაოგნებული და შეშფოთებული იყო“.როგორც „აქსიოსი“ წერს, ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა ტრამპის განცხადება მედიით შეიტყვეს და შოკირებული იყვნენ, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.ცნობისთვის, 16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.„მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“, – დაწერა ტრამპმა.ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

„სქაი ნიუსი“ – სულ მცირე, ორ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

მას შემდეგ, რაც, სულ მცირე, ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის გადაკვეთა სცადა, მათ ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ საზღვაო მონოტორინგის სააგენტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, სროლა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე რამდენიმე საათით გახსნა და რამდენიმე გემმა სრუტეში სტანდარტულ საზღვაო ზოლში გადაადგილება დაიწყო.პლატფორმა MarineTraffic-ის მონაცემებით, საერთაშორისო კოლონა, რომელსაც სრუტეში გავლის იმედი ჰქონდა, უკვე დაიშალა და სხვადასხვა მიმართულებით დაწყო მოძრაობა.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბის ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, რის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.

ლანა გალდავა – ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

ჩვენ, „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბოიკოტის ნაცვლად ვიქნებით ბრძოლაში, საარჩევნო ნიჰილიზმის ნაცვლად ვიქნებით ოპტიმიზმით, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა უთანასწორო გარემო.„პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს ხალხს და პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში. ძალიან კარგია, თუ შეცვალა პოზიცია სხვადასხვა პოლიტიკურმა აქტორმა, ეს დადებითი ფაქტია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.კითხვაზე იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, არჩევნებამდე აქციებით უნდა მივიდნენ, ლანა გალდავა აცხადებს, რომ „ლელო“ იქნება ყველგან, სადაც ბრძოლის ხაზია.„პირველ რიგში, ეს გახლავთ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია. არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია, მთავარია, ეს იყოს ბრძოლა, არ იყოს ბოიკოტი და ჩვენ ვიყოთ აქტიურები მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ქართველ ხალხთან. ვართ აქტიურები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მუდმივად ვამბობდით და ვამბობთ, რომ არჩევნებით ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს, ასევე ვამბობთ, რომ პოლიტიკა ხალხს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტიკოსები იყვნენ ხალხის სამსახურში. ამიტომ, ბოიკოტის ნაცვლად, მოვუწოდებთ ყველას, ვიყოთ აქტიურ ბრძოლაში. ბრძოლას აუცილებლად მოაქვს შედეგი. ხალხის აქტიურობას საარჩევნო დღეს მოაქვს ძალიან დიდი შედეგი, რადგან გაყალბების ალბათობა ძალიან მცირეა“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ფინალის საგზური მოიპოვა მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ).ქართველმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ტცკაევი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი ტიმურ არბუზოვი იქნება.კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები