საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.
“ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს-ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას,”- წერს ირაკლი კობახიძე.
ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია გუშინ ღამის 23:30 საათზე დაიწყო.
კათოლიკური ეკლესიის გარდა, აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში – სუბ გევორქის ეკლესიაში, სააღდგომო მსახურება პირველ აპრილს 11:00 საათზე დაიწყება.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგოლის კალენდრით აღნიშნავს.
პირველ აპრილს აღდგომას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც აღნიშნავს. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის 15) სადღესასწაულო ლიტურგია პირველ აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება და მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი ჩაატარებს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 8 აპრილს იზეიმებს.