ილაპარაკოს გრიგოლ ლილუაშვილმა რაც უნდა, ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია – ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ელის თუ არა სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის „ალაპარაკებას“.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბრის უფლება ყველა პატიმარს აქვს, რაც დემოკრატიის ნაწილია.
„თუ რაიმე გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაელოდოთ. იყო არაერთი შემთხვევა, როცა სხვადასხვა ბრალდებით და ძირითადად ეს კორუფციული ბრალდებები იყო, კონკრეტული თანამდებობის პირები საპატიმროში აღმოჩნდნენ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ რაღაცების ლაპარაკი სცადეს, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ამ ლაპარაკს არასდროს რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. იმდენად სუფთაა ჩვენი საქმიანობა და წესები, რომ ხელისუფლებაზე ვერაფერი ვერ თქვეს. აქ მათ შორის ვგულისხმობ ირაკლი ღარიბაშვილს და არა მარტო მას – წარსულშიც გახსოვთ მათ შორის სუს-ის სისტემის წარმომადგენელი, რომელმაც რაღაცების ლაპარაკი დაიწყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად.

