რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს, ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება, ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით.
„უკრაინა ყოველთვის გამოხატავს მადლიერებას და კარგად ახსოვს, ვინ და როგორ დაგვეხმარა ამ ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ ყველა პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპისთვის, არ დაავიწყდეთ, რომ უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს. თუ ეს ერთ სახელმწიფოსთან, ერთ მეზობელთან გაუვა, იგივე სხვებთანაც განმეორდება. რუსეთი ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება. ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი. ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი – პრინციპულობა. ეს ეხება როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე „დიდ შვიდეულს“ და ევროპულ ქვეყნებს. იმისთვის, რომ ევროპაში რეალურად იყოს მშვიდობა და რუსეთი შეჩერდეს, უკრაინას უნდა ჰქონდეს ღირსეული პირობები და პატივისცემა. უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხში – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდეგ ქვეყნის რეალური აღდგენა. ჩვენ ვმუშაობთ ღირსეული მშვიდობისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩვენთანაა, ვინც უკრაინასთანაა!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

