ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.

ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებულია საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით. შემდეგ ეტაპზე ანგარიში კენჭისყრისთვის ევროპარლამენტს გადაეგზავნება.

ანგარიშში ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს მიმართ ევროკავშირის შემდგომი ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადაუხვევს თუ არა მთავრობა ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ კურსს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სერიოზული გაგრძელების ფონზე ევროპარლამენტარები სინანულით აღნიშნავენ, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ნეგატიური ტენდენციების უკუქცევისთვის. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ქართულ ხელისუფლებასთან ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გადადგამს თუ არა ხელისუფლება ხელშესახებ და გადამოწმებად ნაბიჯებს — დემოკრატიული რეგრესის, რეპრესიების და რუსული სტილის ანტიევროკავშირული დეზინფორმაციის შეჩერების მიმართულებით.

ანგარიშის თანახმად, დოკუმენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კვლავ მიისწრაფის ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის. ამასთანავე, მოხსენება ინარჩუნებს ევროპარლამენტის წინა პოზიციას საქართველოს პარლამენტის და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების შესახებ.

„სამწუხაროდ, კვლავ მოგახსენებთ, რომ საქართველოში პროგრესი არ შეიმჩნევა; პირიქით, ქვეყანა სწრაფად აგრძელებს ჩაძირვას ავტორიტარული მმართველობის ჭაობში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაააქტიურა რეპრესიები ოპოზიციური პარტიების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ამავდროულად სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პოლიტიკური პატიმრები კვლავ უკანონოდ არიან დაკავებული, ხოლო სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ რჩება პატიმრობაში სათანადო საერთაშორისო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გარეშე. პოლიტიკური პატიმრების არსებობა ძირეულად შეუთავსებელია საქართველოს ვალდებულებებთან ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“, – განაცხადა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ.

როგორც იუკნევიჩიენემ აღნიშნა, დროა, ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული სანქციები დაწესდეს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

„ამ კონტექსტში მოხსენება ცხადყოფს, რომ ხელისუფლებასთან ნებისმიერი ჩართულობა მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული და გადამოწმებადი ნაბიჯებით ამ კურსის უკუქცევისთვის, და კვლავ მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ რეჟიმის ლეგიტიმაციისგან პოლიტიკური კონტაქტების გზით. ამიტომ ღრმა იმედგაცრუებას იწვევს ის, თუ რამდენად ცოტა გაუკეთებიათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ახლა უკვე დროა, გადავიდეთ  ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული  სანქციების დაწესებაზე რეპრესიებისა და სახელმწიფოს მიტაცებაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. იმედი გვაქვს უნგრეთის მომავალი მთავრობის, რომ საბოლოოდ მოხსნას ბლოკადა და მისცეს საშუალება, მიზანმიმართული ღონისძიებები გატარდეს ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

„ევროპარლამენტარები, რომლებიც დიდი ხანია, 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, გმობენ „ქართული ოცნების“ მიერ სრული ავტოკრატიისკენ გააქტიურებულ სვლას. ეს მოიცავს: დაუსჯელობის სისტემის შექმნას პოლიტიკური რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისა და ინსტიტუტებისთვის; ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებადამცველების შევიწროებას; ოპოზიციური ფიგურების დევნას; ოპოზიციური ხმების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას; ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და პლურალისტური საარჩევნო გარემოს განადგურებას; საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ცენტრალიზებული კონტროლის დამყარებას; ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან მომიტინგეებზე, დაკავებულებსა და პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგაირიშის თანახმად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, აამოქმედოს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზმები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით გააუმჯობესოს საარჩევნო გარემო, მათ შორის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის გზით გაუმკლავდეს ოლიგარქიზაციის პრობლემას და გააუქმოს რეპრესიული საკანონმდებლო აქტები. მოხსენება ასევე მოუწოდებს საქართველოს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და ხაზს უსვამს, რომ ასეთი პატიმრების მხოლოდ არსებობაც კი შეუთავსებელია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებთან.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღოს კოორდინირებული, ევროკავშირის მასშტაბის შეზღუდვითი ღონისძიებები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, მაღალჩინოსნისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ — სანქციების სიების გაფართოების, სახელმწიფოს მიტაცებაში, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაში პასუხისმგებელ პირთა ქონების სრული გაყინვისა და სავიზო შეზღუდვების ჩათვლით. ევროპარლამენტარები დაჟინებით მოუწოდებენ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ დააწესოს პირადი, მიზანმიმართული სანქციები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირს მოუწოდებენ, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და შეერთებულ შტატებთან. ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპულ საბჭოში ამ საკითხში ერთსულოვნება ვერ იქნება მიღწეული, წევრმა სახელმწიფოებმა გამოიკვლიონ სხვა კოლექტიური მექანიზმები ეფექტიანი და ერთიანი ევროკავშირის პასუხის უზრუნველსაყოფად.

ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაძლო გვერდის ავლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხელახლა ადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მკაცრად გმობენ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რუსულ ოკუპაციას. მოხსენება მოუწოდებს მტკიცე ქმედებებისკენ, მათ შორის: ევროკავშირის შემზღუდველ ზომებთან სრულ შესაბამისობას, ეფექტიანი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებს და გამჭვირვალე თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნავთობის ექსპორტისა და რუსულ და ირანულ სუბიექტებთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადების ჩათვლით“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე ზენონი აცხადებს, რომ სინოდის სხდომის ხელახლა მოწვევის თაობაზე მღვდელმთავრებს მიმართავს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეოისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებით, პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე "ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება", რადგან არსებობს კითხვები. შესაბამისი განცხადება მეუფე ზენონმა "ტვ პირველთან" გააკეთა. მეუფე ზენონის თქმით, აპირებს, მღვდელმთავრებს მიმართოს, სინოდის სხდომის მოწვევის თაობაზე. "ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება, არავითარ არჩევნებზე, ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კითხვები, არსებობს საკითხები... მეუფე შიომ და მეუფეებმა თავისი თავები კანდიდატებად რომ დაასახელეს, რა უნდა მეთქვა მეუფე შიოსთვის, ვიდრე კანდიდატად თავს არ დაასახელებდა. დაასახელეს თავი კანდიდატებად თვითონ მიჰყავდათ სხდომა, დაგვღალეს დაგვქანცეს, სამი საათი უაზრო რაღაცაზე ვლაპარაკობდით. საკითხებზე სერიოზუალდ რომ დაიწყო საუბარი, ამას შინაგანი შემართებაც ხომ უნდა. ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ სინოდის სხდომა, განა არ შეგვიძლია, შეგვიძლია, მოვიწვიოთ... მე რა თქმა უნდა მივმართავ ამათ, მღვდელმთავრებს - სხვებიც ალბათ. ჩვენ თუ ერთამენეთში არ გავერკვიეთ... იქნებ ცილს ვწამებთ ამ ადამიანს" , - აღნიშნა მეუფე ზენონმა და წამყვანის რეპლიკაზე, "გეყოლებათ მხარდამჭერები?", მეუფე ზენონმა თქვა: "რა თქმა უნდა". ასევე, გადაცემაში მეუფე ზენომა თქვა, რომ ასახელებნ ბიზნესმენს, რომელმაც მღვდელმთავრებს მეუფე შიოსთვის ხმის მიცემა სთხოვა. "თუ ბოლომდე მივყვებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი.. დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა", - განაცხადა მეუფე ზენონმა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს ლევან ვასაძე, მეუფე ზენონი პასუხობს, რომ "არა, ლევან ვასაძე არა". ასევე, კითხვაზე, "ბატონ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრობთ თქვენ?", მეუფე ზენონმა აღნიშნა, რომ "ვისზეც არის საუბარი გამოჩნდება, მაგრამ მე დაბეჯითებით ვამბობ წყაროზე დაყრდნობით, ვიცით, ჩვენ მღვდელმთავრებმა, რომ ასეთი რაღაცები მოხდა, მარტო მე არ ვიცი". ამასთან, გადაცემაში მან თქვა, რომ მეუფე შიო პატრიარქად "საშიშია". "ახლა რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, მე ვამბობ, რომ მეუფე შიო არის საშიში საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად", - განაცხადა მეუფე ზენონმა.

არქიმანდრიტი კირიონი – გელათში მიმდინარე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალი უმაღლესი დონის ექსპერტი ინოვაციურად აცხადებს, გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია

გელათში მიმდინარე კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და მას მრავალი უმაღლესი დონის ექსპერტი დადებითად და ინოვაციურად აცხადებს, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.„ეს იყო ძალიან რთული, რადგან იყო ათწლეულობით შეუქცევადი და გართულებული პროცესი, რასაც სახელმწიფო ვერ მოერია, გელათის გართულებულ მდგომარეობას ვერ მოერივნენ პროფესიული წრეები და ეკლესია შევდიოდით ამ სირთულეში. რომ არა მეუფე შიოს სიმტკიცე და მისი სარწმუნოებრივი და ეროვნული ვალდებულება გელათის მიმართ, დღეს ის შედეგი, რაც ჩვენ ღვთის წყალობით მივიღეთ გელათის რეაბილიტაციაში, ვერ იქნებოდა. ეკლესიის ჩართვა გელათის რეაბილიტაციის პროცესში იყო მისი გადარჩენა და დღეს მე, როგორც ამ პროცესის მონაწილეს, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ გელათი, როგორც ძეგლი, დღეს გადარჩენილია“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.როგორც არქიმანდრიტმა კირიონმა აღნიშნა, ძეგლის გადახურვა გუნდისთვის უზარმაზარი გამოწვევა იყო.„მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან დავალება იყო მიღებული საქართველოს მიმართ მთელი სამი წლის განმავლობაში და ამის გამო შესრულდა 20-მდე პროექტი. ეს ოცივე პროექტი იძლეოდა შეთავაზებას, რომელიც განუხორციელებელი იყო. ერთი პროექტით, რაღაც ტიპის კონსტრუქციები ამოდიოდა გელათის მონასტრამდე, მაგრამ ვეღარ შედიოდა გელათის მონასტრის გალავანში; მეორე ტიპის პრობლემები იყო, რომ ეს კონსტრუქციები კი შედიოდა გალავანში, მაგრამ უკვე იმ მასშტაბის და სიმძლავრის ამწე ვეღარ შედიოდა, რომელიც ამ კონსტრუქციებს აიტანდა, დადგამდა და ააწყობდა გელათის ირგვლივ. ამიტომ, ჩვენი გამოწვევა იყო ძალიან რთული. ბოლოს იმუშავა ამაზე იტალიურმა ჯგუფმაც, რომელიც ჩამოყვანილი იყო უკანასკნელ პერიოდში, მათაც შექმნეს პროექტი და ასევე მათაც ბოლოში ეწერათ, რომ სამწუხაროდ, ამ შემზღუდვების გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ამიტომ, როდესაც ეკლესია მივადექით ამ ურთულეს ბარიერს, ჩვენ გვქონდა ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან კითხვა, თქვენ ხომ არ გვეტყვით რამე გამოსავალს, რომელსაც ჩვენ უკვე დავეყრდნობით და აქედან ავაგებთ ჩვენს ამ საქმიანობას. მათ თქვეს, რომ არა, ჩვენ არაფერი ასეთი მოსაზრება არ გვაქვს, გიდასტურებთ, რომ ძალიან რთული გამოწვევა გაქვთ, მოდით, თქვენ დაიწყეთ ამაზე ფიქრი, პასუხისმგებლობა არის თქვენი, ეს თქვენი ვალდებულებაა და ჩვენ თუ დახმარება შეგვეძლება, დაგეხმარებით. მადლობა ღმერთს, ქართველი არქიტექტორი ვახტანგ ზესაშვილი შეუდგა ამ პროექტის განხორციელებას, ამაში ჩაერთო ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გიგანტი და მოწინავე გერმანული კომპანია „ლეიერი“ და მათი ერთობლივი მუშაობით შეიქმნა დღევანდელი გადახურვა, რაც ახლა უკვე აქვს გელათს“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.მისი თქმით, ეს არის უნიკალური გადახურვა იმ კუთხით, რომ 286 ტონა მასა, რომელიც აგებული არის გელათის ირგვლივ, არც ერთი წერტილით არ ეყრდნობა გელათის ტაძარს.„ანუ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად სრულყოფილ დონეზე შევასრულეთ დავალება. ეს გადახურვა რამე წერტილებში გელათის გადახურვებს თუ დაეყრდნობოდა, ჩვენი მთავარი ამოცანა შეუსრულებელი ხდებოდა, რადგან ეს გადახურა შეიქმნა, რათა ჩვენ ამ ცუდ გადახურვებს, რომელიც გელათს აქვს, კრამიტის, რომელიც არის უხარისხო მთლიანად და ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები ინფილტრაციის ტაძარზე, ვეღარ ავხდიდით, რადგან ეს ჩვენი დროებითი გადახურა მას ეყრდნებოდა. როცა ამ გადახურვას მოვრჩით, საქართველოში ჩამოსული იყო იუნესკო-ს მიერ გამოგზავნილი მონიტორინგის მისია და ბატონმა ტრეპიმ თქვა – ვერ დავმალავ ემოციას, ამის დამალვა შეუძლებელია, თუმც ეს არ შეიძლება, მე გავაკეთო, როგორც რეაქციული კომისიის წევრმა, მაგრამ ეს არის ზღაპარი, მე ამას არ მოველოდი და ვერ წარმოვიდგენდი, თუ თქვენ ამ დავალებას ამ ხარისხით და ამ სახით შეასრულებდითო“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.მისივე თქმით, დღეს შეიძლება, მოქალაქეები ამას უყურებენ მარტივად, მაგრამ ეს არის ურთულესი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ.„ამავე დროს, ეს გადახურვა იძლევა აბსოლუტურ კომფორტს, რომ სპეციალისტებმა წლის ნებისმიერ პერიოდში, მნიშვნელობა არ აქვს, ზამთარია, გაზაფხული, ზაფხული, თუ შემოდგომა, იმუშაონ ძეგლზე, მის გადახურვაზე და კონსერვაციაზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახმარება ესაჭიროება

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა დის­შვილ­მა გა­ავ­რცე­ლა."ჩემს ბი­ძას, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძეს, ფი­ზი­კოსს და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტს, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბას, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­სა და წინსვლას მი­უ­ძღვნა, ახლა თქვე­ნი მხარ­ში დგო­მა სჭირ­დე­ბა. მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მის გამო ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა. არ­ტე­რი­ის ეს კონ­ცერ­ტიც ამას ეძღვნე­ბა" - და­წე­რა თა­მუ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

ზურაბ ჯაფარიძე – პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო, გეგონება, ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და გამოყვანა მეზარებოდეს, ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ხალხის გაღვიძების...

26 მაისის აქციაზე მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტს: ასჯერ გამოვედით და მერე რა, ვიდრე ალტერნატივა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არ აქვს, ოპოზიცია არ ვარგა – ყველა უნიჭო ამას იმეორებს, თითქოს ვინმეს განსაკუთრებული ვალდებულებები გვქონდეს, სასწაულები ჩავიდინოთ, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.მისივე თქმით, 26 მაისს თსუ-დან მსვლელობა გაიმართება პარლამენტის შენობისკენ.„26 მაისს, 19:00 საათზე დაანონსებულია აქცია, თსუ-დან მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ. ალიანსმა დააანონსა. შემდეგ მესმის და ვკითხულობ სხვადასხვა ტექსტს ამ აქციაზე: რა არის მიზანი, რატომ უნდა გამოვიდეთ, ასჯერ გამოვედით და მერე რა, ვიდრე ალტერნატივა არ გამოჩნდება, არაფერს აზრი არ აქვს, ოპოზიციის ბრალია ყველაფერი, ოპოზიცია არ ვარგა. ეს კლასიკაა უკვე. ყველა უნიჭო და უტრაკო ამას იმეორებს ოცდაოთხი შვიდზე, სოციალურ ქსელში იქნება თუ ტელევიზორში. თითქოს ვინმეს, ან მე, ან რომელიმე სხვა მოქალაქეს რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები გვქონდეს, სასწაულები ჩავიდინოთ. კიდევ არის ის, რომ პარტიები ვერ ამობილიზებენ ხალხსო. გეგონება, მე სადმე ბუჩქებში მყავდეს ხალხი დამალული და ამ ხალხის გამოყვანა მეზარებოდეს. მოკლედ, ტონა აზრია. ერთ სულზე ოცი აზრი მოდის, მათ შორის, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი. ისიც არ მესმის, რატომ ფიქრობს ვინმე, რომ ხალხის გაღვიძების ვალდებულება გაქვს, რადგან პოლიტიკოსი გქვია. კაი, ნუ გაატრაკე, მართლა, კაცო! პოლიტიკოსი მქვია და ამიტომ რაღაც განსაკუთრებული ვალდებულებები მაქვს? ვისაც პოლიტიკოსებს ეძახით, რამდენი ადამიანია ეგეთი, ორი ათეული ალბათ, ეგ ხალხი რომ უცებ პენსიაზე გავიდეს, ჩემი ჩათვლით, ან უბრალოდ ვთქვათ, რომ დავიღალეთ, მოგვბეზრდა, აღარ გვინდა, შვილებს, გვინდა, მივხედოთ, ან შეიძლება დაგვიჭირონ, ან, მაგალითად, აგერ გვკრძალავენ, შემდეგ შენ რას აპირებ? კონკრეტულად შენ, ბრძნულ აზრებს რომ აფრქვევ, მაგით რომ ხარ დაკავებული ან მაგასაც არ აკეთებ? შემდეგ ვისკენ იშვერ თითს და როგორ აგრძელებ ამ რაღაც უთავმოყვარეო წუმპეში ცხოვრებას? მერე ვის აბრალებ ყველაფერს, მათ შორის, საკუთარ სიმხდალესა და უუნარობას? ალბათ მოიგონებ რამეს, ენას ძვალი არ აქვს. სხვა თუ არაფერი, გადაბარგდები იმ მრავალრიცხოვანი ადამიანების რიგებში, რომლებიც ახლა ელოდებიან ახალი ქართველი მადიარის გამოჩენას ან რუსეთის დაშლას, რადგან ამ წუთში ეგ არის ყველაზე უსაფრთხო, თან მოდური თავშესაფარი ყველა შეშინებულისთვის ან ნაადრევად დაღლილისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომაც, მისი აზრით, ხალხი 26 მაისს აქციაზე უნდა გავიდეს.„იმავეს გავიმეორებ, რაც ათასჯერ მითქვამს. ასეთი რეჟიმები ყოველთვის დგას ტყუილებზე. ტყუილი არის რეჟიმის სისხლი. მის გარეშე ის უბრალოდ ჩამოიშლება. ერთ-ერთი მთავარი ტყუილი, რაზეც ეს რეჟიმი დგას და მისი მილიონერი მსახურები დგანან, არის ის, რომ ისინი თითქოს უმრავლესობა არიან. ყოველ ჯერზე, როდესაც ქუჩაში გამოდის ბევრი ხალხი, ეს მითი ინგრევა. მათ ნაყიდ თუ დაშინებულ მხარდამჭერებში ჩნდება ბზარი. „იმედის“, „პოსტივის“ და „რუსთავი 2“-ის პროპაგანდას აკლდება ძალა ყოველთვის, როცა ბევრი ხალხი გამოდის ქუჩაში. იმედი უჩნდებათ სისტემის სამსახურში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ასევე ყელში აქვთ ამოსული ეს რეალობა, შეიძლება ჩვენზე მეტადაც კი, შეიძლება ჩვენზე მეტადაც უნდოდეთ ცვლილებები, ასევე ციხეში მყოფ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ საჩვენებლად დასაჯეს, რომ სხვებმა ვერ გაბედონ ხმის ამოღება, ნაწამებ ადამიანებს, რომლებმაც ვერ იპოვეს სამართალი, ჯოჯოხეთი გაიარეს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს, რომ ისევ იქ ვართ, ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთმანეთს რაღაცნაირად ვავსებთ იმედით, რწმენით. ჩვენი მეგობრები ხედავენ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას და მათაც მეტი მოტივაცია უჩნდებათ, რაღაცნაირად დაგვეხმარონ. ბევრნი თუ გამოვდივართ, მაშინ ხდება ეს, მაგრამ რაიმე მიზეზით – უიმედობის, დაღლილობის, სიზარმაცის, გაურკვევლობის გამო როდესაც რჩები სახლში, რეჟიმი უფრო მარტივად ყიდის თავისი ტყუილების კასკადს, რომ ისინი არიან უმრავლესობა, ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს, რომ ხალხში პროტესტი, ბრაზი, ცვლილებების სურვილი არ არის ან აღარ არის, ჩვენ შევეგუეთ იმას, რომ ახალგაზრდები აწამეს, გოგოები სცემეს, ქალები, რომლებიც ღირსებას იცავდნენ, ციხეში ჩასვეს, ქვეყანა მოაქციეს სრულ იზოლაციაში, ცხოვრება გააძვირეს, ქაჯები, უნიჭოები აღაზევეს და დაგვასვეს თავზე, ფუფუნებაში, სასახლეებში ცხოვრობენ; იპარავენ ბაგა-ბაღების, ჯარისკაცების, მოხუცთა თავშესაფრების ფულებს, სახლში, სეიფში ულაგიათ მილიონები და ოქროს ზოდები. მათ შორის, ის ადამიანები, რომლებსაც პრემიერსა და პრეზიდენტს ეძახიან, ლაქიებად ჰყავს დაყენებული ვიღაც ფულიან კაცს. ის ორი მთელი მონდომებით, სიამაყით ასრულებს ამ როლებს. ამ ყველაფერს თუ გააპროტესტებ, მათ შორის, შეიძლება, ტროტუარზე დგომის გამო გაგიშვან ციხეში ერთი წლით. სახლში როდესაც რჩები, თითქოს ამ ყველაფერს შევეგუეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც რჩები სახლში, ამას აწერ ხელს. რეჟიმის პროპაგანდა ამას გაყიდის, რომ დაგაკარგვინა არა უბრალოდ ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება გასწავლიდნენ და რაც საამაყოდ გქონდა, არამედ ადამიანობა, გაქცია პირუტყვად, რომ აღარ გინდა და აღარ შეგიძლია ხმის ამოღება. ამიტომ უნდა გამოხვიდე 26 მაისს, დაამტკიცო საწინააღმდეგო, რომ ხარ ისევ ადამიანი. პირველ რიგში, დაუმტკიცო საკუთარ თავს, თორემ სხვების თვალში რა გამოჩნდები, მაგას რა დიდი მნიშვნელობა აქვს. 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ისედაც ცხადია, ამ დღეს უნდა გამოვდიოდეთ გარეთ, მაგრამ ამ წუთში ვართ სხვა რეალობაში, სხვა ბრძოლაში და უფრო ფუნდამენტური რაღაცები გაქვს მოსაგვარებელი, რათა დამოუკიდებლობაც არ დავკარგოთ ან დამოუკიდებლობას რაიმე ფასი, შინაარსი, აზრი, ღირებულება ჰქონდეს. 26 მაისს, 19:00 საათზე თსუ-თან, გადაეცით ყველას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რომის პაპი ლეო XIV ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს

რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხრიდან მორიგი კრიტიკის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობაზე საუბრით ქრისტიანული გზავნილის გავრცელება სურს.თუმცა, მისივე თქმით, ადამიანებს კრიტიკის უფლება აქვთ.„ეკლესიის მისია არის სახარების ქადაგება, მშვიდობის ქადაგება. ვინმეს თუ სურს, გამაკრიტიკოს იმისთვის, რომ სახარებას ვქადაგებ… იმედი მაქვს, უბრალოდ მომისმენენ, ღვთის სიტყვების ღირებულების გამო“, – განაცხადა რომის პაპმა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლეო XIV კათოლიკეებს საფრთხეს უქმნის. „კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი თეირანს ეხმარება და მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები