სამშაბათი, ივლისი 14, 2026

მარკ იგანი საქართველოს რაგბის ნაკრების „რვა ერში“ თამაშზე: ესაა უდიდესი მიღწევა

ესაა უდიდესი მიღწევა, – ასე შეაფასა მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა, მარკ იგანმა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებს ყველაზე პრესტიჟულ, „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.

„ამ შანსს თქვენი ნაკრები ნამდვილად იმსახურებს იმ საქმიანბობის გამო, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში გაკეთდა. ეს ნამდვილად ბონუსი და შანსია“ – განაცხადა მარკ იგანმა.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „რვა ერის“ სარაგბო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. უკვე ცნობილია „ბორჯღალოსნების“ მეტოქეთა ვინაობაც. გახსნით შეხვედრას 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ლონდონში, ინგლისის წინააღმდეგ გამართავს. 21 ნოემბერს, მეორე მატჩში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ირლანდიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ ნახევარფინალურ მატჩს დეკემბერში გამართავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორ იცვლება საჯარო მოხელე მამებისთვის დეკრეტის ანაზღაურების წესი – ახალი ბრძანება

ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის წესი შეცვალა. მინისტრის ახალი ბრძანებით, განისაზღვრა და დაზუსტდა საჯარო სექტორში დასაქმებული მამებისთვის კუთვნილი 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულების გაცემის პირობები, ვადები და საჭირო დოკუმენტაცია. დადგენილების თანახმად, საჯარო მოსამსახურე, რომელიც ბავშვს უვლის და არ არსებობს დედის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის საფუძველი, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ვადით შეძლებს ბავშვის მოვლის შვებულების აღებას, საიდანაც 90 კალენდარული დღე ანაზღაურებადი იქნება. ცნობისთვის, საქართველოში დეკრეტული შვებულებით წელს, იანვარ-მაისის პერიოდში 284-მა მამაკაცმა და 4 560-მა ქალმა ისარგებლა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობა ჯამში 4 844 იყო. მშობლებისთვის გადარიცხულმა თანხამ კი დაახლოებით, 7,8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, კანონი ადგენს, რომ ბავშვის მამას 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება სრულად, თუ დედას ორსულობისა და მშობიარობის ანაზღაურებადი შვებულებით სრულად არ უსარგებლია. თუ დედამ ანაზღაურებადი შვებულების ნაწილი უკვე გამოიყენა, მამას ანაზღაურდება მხოლოდ დედის მიერ გამოუყენებელი დღეების პროპორციული ნაწილი, თუმცა არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. ბრძანების პროექტით ასევე იცვლება შვებულების ანაზღაურების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მოვლის შვებულებით მეორე მშობელი სარგებლობს, საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ:ბავშვის დაბადების მოწმობა; შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.ცვლილებები ასევე აისახება შვებულების ანაზღაურების გაცემისა და დოკუმენტების მიღების წესზე. მათ შორის, განისაზღვრება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტები ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს წარმოდგენილი. პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებასაც. კერძოდ, იმ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებსაც ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება ბრძანების ამოქმედებამდე წარმოეშვათ, შვებულება ახალი წესით მიეცემათ.

საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ “ბეთლემს”, ეს იყო ილია მეორის ოცნება და იდეა – მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მსგავსი ცენტრის აშენება ილია მეორის ოცნება და იდეა იყო."საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვანეს პროექტს, საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ "ბეთლემს", რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა, სკოლამდელთა აღზრდისა და ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა. დღეს ჩვენ ამ პროექტს ვუძღვნით მის ხსოვნას.ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს, ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. სახელწოდება "ბეთლემი" შემთხვევით არ შერჩეულა, რადგან ეს არის მრავალპროფილური, როგორც საქველმოქმედო, ისე საგანმანათლებლო ცენტი. "ბეთლემი" კი განიმარტება, როგორც უფლის სახლი ხორციელი და სულიერი საზრდოთი.11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული სახლი "ბეთლემი" - 150 ბენეფიციარზე, 24-საათიანი მზრუნველობით. ამას ემატება კიდევ 100 ბენეფიციარი დღის მომსახურებით, ხუმრობით და სიყვარულით "მოხუცებულთა ბაღი" დავარქვით", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს – მიხეილ ხიდურელი

საქართველოში ტანსაცმლის საერთაშორისო საცალო ქსელის Primark-ის შემოსვლასთან დაკავშირებით Alshaya Group-თან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა „სტარბაქსის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მედიასთან განაცხადა.მისი თქმით, კომპანია Alshaya Group, რომელიც საქართველოში „სტარბაქსის“ ოპერირებას უზრუნველყოფს, 70-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობა მხოლოდ „სტარბაქსით“ არ შემოიფარგლება.„კომპანიას „სტარბაქსთან“ ერთად აქვს 70-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა, მაგალითად, H&M, Victoria's Secret და ბევრი სხვა. შესაბამისად, ჩვენ „სტარბაქსით“ არ შემოვიფარგლებით. კომპანიასთან გვაქვს საუბარი სხვა მნიშვნელოვან ბრენდებზე, როგორიცაა, მაგალითად, Primark,“ – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.ხიდურელს დამატებითი დეტალები, მათ შორის, მოლაპარაკებების ეტაპისა და Primark-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის ვადების შესახებ, არ დაუსახელებია.Alshaya Group-ი მსოფლიოს 16 ქვეყანაში 70 ბრენდის 4,000-ზე მეტ ლოკაციას ფლობს და 40,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანია საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ არ აქვეყნებს, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, ის წლიურად 10 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი დამფუძნებელია ბიზნესმენი მოჰამედ აბდულაზიზ ალშაია.საქართველოში Alshaya Group-ი შვილობილ კომპანიას 2018 წლიდან ფლობს და მას "ალშაია საქართველო" ეწოდება. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ქუვეითის მოქალაქე საოუდ ალშაია იკავებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ძმა ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ძმა დევიდ სანჩესი ნეპოტიზმის საქმეში დამნაშავედ ცნეს და ცხრა წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს ბადახოსის პროვინციის ადმინისტრაციაში დევიდ სანჩესისთვის საჯარო სამსახურის პოზიცია არაკანონიერად შეიქმნა და მისი დანიშვნის პროცესი ადმინისტრაციული წესების დარღვევით წარიმართა, რაც ნეპოტიზმისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.თავად დევიდ სანჩესისი და პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფდნენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.როგორც „როიტერი“ წერს,  ეს გადაწყვეტილება ესპანეთის სოციალისტ პრემიერ-მინისტრს ახალ პოლიტიკურ დარტყმას აყენებს, რომლის მთავრობაც და უახლოესი გარემოცვაც ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციის გამოძიებებისა და სკანდალების წინაშე დგას.ცნობისთვის, გასულ წელს  კორუფციის ბრალდება წაუყენეს სანჩესის მეუღლესსაც. ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. მას გავლენის ბოროტად გამოყენებაში, კორუფციასა და სახსრების მითვისებაში ადანაშაულებენ.

ბოლო სიახლეები