თელ-ავივივის ქუჩებში ხმაურის გამზომი სისტემის (NOISEKEEPER)
დამონტაჟება დაიწყეს. სისტემა იმ მძღოლებს დაადგენს, რომლებიც
ავტომობილის საყვირს უადგილო ადგილას გამოიყენებს, ან
მაყუჩჩახსნილი ავტომობილებით, ან მოტოციკლეტებით იმოძრავებენ.
ქალაქში მეტად მომრავლდა მძღოლების რიცხვი, რომელიც სხვის
მყუდროებას დღისითა დ ა ღამითაც არღვევს.
რამდენიმე თვის განმავლობაში სისტემა სატსტო რეჟიმში იმუშავებს.
ამის შემდეგ კი ურჩ მძოლებს ჯარიმებს გამოუწერს, რომლის
რაოდენობა 250 შეკელი, დაახლოებით 70-80 ამერიკული დოლარის
ექვივალენტი იქნება
NOISEKEEPER-ის სისტემის დამონტაჟებას თელ-ავივის მერია ჯერ
კიდევ ამ წლის გაზაფხულში აპირებდა, მაგრამ მსოფლიოში შექმნილი
კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო პროექტის რეალიზება
ზაფხულისათვის გადაიდო.
თელ-ავივის მერიამ ხმაურთან ბრძოლა გამოაცხადა
სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIUT) რექტორს, პროფესორ აკმალ ალაკულიევს, უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი უნივერსიტეტის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, Erasmus+ პროგრამების ფარგლებში ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისა და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო სივრცეებს შორის აკადემიური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, საგანმანათლებლო მოდულების განვითარებას, უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებას.მხარეებმა ასევე იმსჯელეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებზე, ინოვაციების დანერგვაზე, სტუდენტური მობილობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობის გაზრდაზე.სტუ-ის რექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების მიმართულებით აქტიურად ვითარდება. პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას Erasmus+ პროგრამა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტები ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებს, სამუშაო პაკეტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს ახორციელებენ. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოება უნივერსიტეტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობას, რომლებიც უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევენ, გააძლიეროს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო კომპონენტი და საერთაშორისო პროექტებში აქტიური, მათ შორის, ლიდერი როლი შეასრულოს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორობა კონკრეტულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო შედეგებში ტრანსფორმირდეს და შესაძლებლობები, რომლებიც ამ თანამშრომლობას მოაქვს, უშუალოდ აისახოს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მთლიანად საუნივერსიტეტო საზოგადოების განვითარებაზე“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა.აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს Erasmus+ პროგრამების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განვითარების თვალსაზრისით.„ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება Erasmus+ პროგრამების ფარგლებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტებმა არა მხოლოდ ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, არამედ კონკრეტული სამუშაო მიმართულებებისა და სამუშაო პაკეტების განხორციელების მიმართულებითაც ითანამშრომლონ.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საერთაშორისო პროექტების მართვისა და განხორციელების მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ჩვენ მზად ვართ, ეს გამოცდილება გავუზიაროთ პარტნიორებს და, ამავე დროს, მათგანაც მივიღოთ ის ცოდნა და პრაქტიკა, რომელიც ჩვენი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტუდენტური მობილობის გაფართოებასაც. უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ აკადემიურ აქტივობებში, რაც მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.„თანამედროვე უნივერსიტეტის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად შეუძლია მას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სტუდენტურ და აკადემიურ მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებსა და საერთაშორისო აკადემიურ ქსელებში ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ჩართულობას“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.დავით გურგენიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და უზბეკეთის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ მნიშვნელობას: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საგანმანათლებლო სივრცეებს შორის კავშირების გაძლიერებას. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ამ ორ რეგიონს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს. ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევქმნათ ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ახალი საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვას, სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა მან.შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. აღნიშნული მიმართულება უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მხარეებმა იმსჯელეს ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაციის, ახალი სასწავლო მიდგომების დანერგვისა და უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებზე.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ტაშკენტის კიმიოს საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIUT) შორის თანამშრომლობა სწორედ ამ მიმართულებების ერთობლიობას ეფუძნება - საერთაშორისო პროექტებს, აკადემიურ პარტნიორობას, გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტურ მობილობასა და სამეცნიერო თანამშრომლობას. რექტორებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა როგორც უკვე მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, ისე ახალი ერთობლივი ინიციატივების მიმართულებით.
მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,სარფი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამზე მეტი კერძოდ - 1 229 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 259 930 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი – 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა, საქართველოს ხელისუფლება სწორედ ომის შემდეგ დაადგა ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს
ეს რეჟიმი ხშირად ადარებს აფხაზეთის ომს 2008 წლის ომს. ერთადერთი, საერთო იყო ჩვენი ხალხის არნახული, წარმოუდგენელი გმირობა. სხვა ყველაფერში 2008 წელი იყო სრულად საპირისპირო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.„განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი. რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა, მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და ღია აგრესიის განხორციელება, რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას. შემოვიდა, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად, ქართული რეფორმების შესაჩერებლად, ერის ნამდვილი იმედების და ოცნებების დასასრულებლად. და ეს 2008 წლის 8 აგვისტოს კონდოლიზა რაისთან საუბარში პირდაპირ თქვა ლავროვმა: „ჩვენი მიზანია საქართველოს სრული განადგურება“. მაშინ საქართველო ვერც გაანადგურეს და ვერც დააჩმორეს, მათ ვერ შეძლეს ვერცერთი საკუთარი მიზნის განხორციელება. ქართული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება გადარჩნენ და ჩვენ სწორედ ომის შემდეგ დავადექით ღიად ევროპული, ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები გვქონდა 2008 წლის შემდეგ, იუსტიციის სახლები და სხვა რეფორმები გავაკეთეთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები. ამას ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ, პირველ რიგში, ეს არის ბრძოლა სიმართლისათვის – მათ შორის ისტორიული სიმართლისთვის – სიცრუის დასამარცხებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, „სიმართლე არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში ძალიან მწარედ დამარცხდა“.„აბა, სხვა რა ჰქვია იმას, როცა ტრილიონჯერ უფრო დიდი ქვეყანა გესხმის, მთელ თავის ჯარს გაყრის, მთელ თავის ბომბებს გაყრის თავზე და ბოლოს იფარგლება ძალიან მცირე ტერიტორიების კონტროლით – ძირითადი ნაწილი ისედაც მანამდე ჰქონდა მიტაცებული – და ისევ საქართველო ვითარდება, ისევ წარმატებულია, ისევ ხელის გულზე დაჰყავს მსოფლიოს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამინდი მკვეთრად იცვლება – უახლოესი დღეების პროგნოზი
საქართველოში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამინდი არაერთგვაროვანი იქნება.სინოპტიკოსების პროგნოზით, ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექიც, კვირის ბოლოს კი ტემპერატურის კიდევ უფრო კლება.29 სექტემბერი - დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში წვიმა იქნება.
30 სექტემბერი - რამდენიმე რეგიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
1 ოქტომბერი - ამინდი შედარებით დასტაბილურდება, თუმცა ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანობა შენარჩუნდება.
2 ოქტომბერი - დღის მეორე ნახევრიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექი.
3 ოქტომბერი - ქვეყნის ნაწილში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
4 ოქტომბერი - კვირის ბოლოს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი.მომდევნო დღეებში ტემპერატურაც ეტაპობრივად დაიკლებს. განსაკუთრებით გრილი ამინდი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოსა და მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ღამით ტემპერატურა ზოგან +5 გრადუსამდე დაეცემა.
კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი), რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის, დაახლოებით, 158.5 მლნ ევროს გამოყოფას. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ.„პროექტის მიზანია, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე (ლოტი 4 – 21.7 კმ) და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე (ლოტი 5 – 9.1 კმ) კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე (36.6 კმ) მშენებლობა.კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისათვის პროექტის ჯამური ღირებულება 316.8 მლნ ევროა და მის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ უკვე დამტკიცებული და საქართველოსთვის გამოყოფილია 158 მლნ ევრო.საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაცია იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
