კვირა, ნოემბერი 15, 2026

განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.

„ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით,2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას  უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან.

ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის  (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.

სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა.

სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით. ახალი სასწავლო წლისთვის X კლასის მოსწავლეები ყველა საგანში მიიღებენ ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.

2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდემოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს  მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმაინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად.

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები  STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესის გასავლელად. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 80%-მა უკვე დაასრულა თვითშეფასება, დარჩენილი სკოლები კი პროცესს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. თვითშეფასების შედეგების საფუძველზე სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება მიზნობრივი აქტივობები, მოსამზადებელი ტრენინგები, დამხმარე გზამკვლევები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობით, განხორციელდება სკოლების მხარდაჭერა ადგილზე. ქვეყნის მასშტაბით სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერის პროცესში 100-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული.

41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად სწავლებას გულისხმობს. 2022 წელს პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება.

2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ.

15 სექტემბრიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება.

ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პლატფორმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს განათლების სისტემის სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 110-მდე გაიზრდება.

2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო,სასწავლო წელი განსხვავებული თარიღით, ან ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში, ან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებშიდაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების ადმინისტრაცია დროულად უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მშობლის ინფორმირებას.

2022-2023 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი – უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად – ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად...

უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა. ამის შესახებ განცხადას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ძვირფასო თანამოქალქეებო,ის, რაც უკრაინაშია სასწორზე, ყველას გვეხება. ყველა ჩვენთაგანის უსაფრთხოებაა სასწორზე. უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვას ნიშნავს.თუ რუსეთი ევროპულ ქვეყანას თავის ნებას სისატიკით თავს ახვევს, მაშინ მთელი ევროპა სუსტდება.სწორედ ამიტომ უკრაინა დუბლინში ხუთშაბათშა და პარასკევს ჩვენი საუბრების კვლავ შუაგულში იყო, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტზე და ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე. იქ, ჩვენი ერთიანობა ვაჩვენეთ ორი პრიორიტეტის გარშემო, რომლიც გაზიარებაც მინდა აქ.პირველია, უკრაინის დახმარება ზამთრის განმავლობაში. უკრაინელები აგრძელებენ სიმამაცით წინააღმდეგობას, რაც აღტაცებას იწვევს.ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო საუბრებმა ნათელი გახადა: ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებები არ სურს. მისი არმია წინ არ მიიწევს. ის უკანაც იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. მაგრამ ცხადია, რომ მას ფსონი აქვს გაკეთებული უკრაინის დაჩოქებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმების გაზრდითა და ამ ზამთარში ქვეყნის სიბნელეში ჩაძირვის მცდელობებით. ჩვენი პასუხისმგებლობაა აღვკვეთოთ ეს ფსონი…ჩვენი მეორე პრიორიტეტია უკრაინასთან ერთად მუშაობა სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის. ევროპამ თავისი სრული როლი უნდა შეასრულოს ამაში, ვინაიდან ჩვენი კონტიტენტის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია ამ მშვიდობაზე…ახლა უფრო შორს უნდა წავიდეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, მათ შორის რუსებისთვის, თუ რა გვინდა ომის შემდგომ პერიოდში. ასევე უნდა დავაკონკრეტოთ რას მოველით შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის.ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ჩემი რწმენა გამოვხატო, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციონალური არმია ჰყავს, საკვანძო როლი უნდა ჰქონდეს ნატოსთან ერთად - ეს არის ადგილი, სადაც მას სრულად ეკუთვნის ყოფნა,” - წერს მაკრონი.

საბა ლაზიშვილი იურაია ფეიბერთან გამარჯვების შემდეგ – მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ს ჩემპიონი გავხდები

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე UFC-ის ყოფილი ვარსკვლავი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.შეხვედრის შემდეგ 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ბრძოლის მიმდინარეობაზე ისაუბრა და მერაბ დვალიშვილის სიტყვებიც გაიხსენა.„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დღეს აქ მოვიდა და მხარი დამიჭირა. ბოლო დღეებში თქვენგან უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც საქართველოდან სპეციალურად ჩემს საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ.მერაბმა მითხრა, რომ მომავალში UFC-ის ჩემპიონი გავხდები. როგორ მოვახერხე ბრძოლის შემოტრიალება? არანაირი განსაკუთრებული სტრატეგია არ მქონია. ასეთ ცუდ ფორმაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მაინც მოვედი და კაცურად ვიბრძოლე. მზად ვარ, ნებისმიერ მეტოქეს შევხვდე“, – განაცხადა ლაზიშვილმა.შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე თავდაპირველად არ უნდა გამოსულიყო. ქართველი სპორტსმენი იურაია ფეიბერს უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად დაუპირისპირდა. შეხვედრაში ლაზიშვილი თავდაპირველად მარცხდებოდა, თუმცა მესამე რაუნდში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს სძლია.

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ-სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა

„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

საქართველოსა და უნგრეთის მატჩის დაწყებამდე გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოსა და უნგრეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო. მატჩის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი კვერნაძე, გიორგი წიტაიშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი მიქაუტაძე.შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია.

საბა ლაზიშვილმა RAF-ის ტურნირზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი იურაია ფეიბერი დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.11 ნოემბერს აბუ დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო.

ბოლო სიახლეები