ორშაბათი, მაისი 4, 2026

განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.

„ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით,2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება. შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას  უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან.

ახალი სასწავლო წლიდან მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, 2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის  (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.

გარდა ამისა, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს პარტნიორობით, პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.

სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა.

სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით. ახალი სასწავლო წლისთვის X კლასის მოსწავლეები ყველა საგანში მიიღებენ ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.

2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდემოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც ხელს შეუწყობს  მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თავად მაკმილანის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გადამზადების კურსი 60-ზე მეტმაინგლისურის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელმა გაიარა. მატერიალური სახელმძღვანელოს გარდა, პროექტი მოიცავს სასწავლო პროცესში სწავლების მართვის სისტემის ინტეგრირებას, რაც მისცემს საშუალებას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ელექტრონულად მართონ საკუთარი ანგარიშები და თვალი ადევნონ პროგრესს.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. აღნიშნული მიდგომა მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის შერჩევა მოსწავლეებთან შეთანხმებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება და მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად.

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები  STEAM კონფერენციაზე წარმოადგინონ.

მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესის გასავლელად. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 80%-მა უკვე დაასრულა თვითშეფასება, დარჩენილი სკოლები კი პროცესს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. თვითშეფასების შედეგების საფუძველზე სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება მიზნობრივი აქტივობები, მოსამზადებელი ტრენინგები, დამხმარე გზამკვლევები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში, ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტების ჩართულობით, განხორციელდება სკოლების მხარდაჭერა ადგილზე. ქვეყნის მასშტაბით სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერის პროცესში 100-ზე მეტი სპეციალისტია ჩართული.

41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად სწავლებას გულისხმობს. 2022 წელს პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება.

2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ.

15 სექტემბრიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება.

ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პლატფორმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდას შეუწყობს ხელს.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს განათლების სისტემის სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 110-მდე გაიზრდება.

2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო,სასწავლო წელი განსხვავებული თარიღით, ან ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში, ან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებშიდაიწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლების ადმინისტრაცია დროულად უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მშობლის ინფორმირებას.

2022-2023 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილება 62 პროცენტამდე გაიზარდა

„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ აშშ არასწორი მიმართულებით მიდის.გამოკითხვის შედეგების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილება 62 პროცენტამდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამერიკელთა 37 პროცენტი თეთრი სახლის ლიდერის პოლიტიკას იზიარებს.ამასთან, „ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“ გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებს შორის ტრამპის მიმართ მხარდაჭერა კვლავ მაღალია, თუმცა მას ამჯერად რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 45 პროცენტი სრულად უჭერს მხარს, მაშინ, როდესაც გასული წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 53 პროცენტი იყო.რაც შეეხება ირანთან შეთანხმების გაფორმებას, გამოკითხულთა 48 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა დადოს სამშვიდობო შეთანხმება ირანთან, მაშინაც კი, თუ ეს აშშ-სთვის უარეს შედეგებს გამოიწვევს, ხოლო 46 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-მა უნდა აიძულოს ირანი უკეთესი შეთანხმებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას ნიშნავს.გამოკითხვის თანახმად, 61 პროცენტი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან შეცდომა იყო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, ხოლო 65 პროცენტი აცხადებს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ხელს შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის შემუშავებაში.„ეიბისი ნიუსის“, „ვაშინგტონ პოსტისა“ და „იფსოსის“​ გამოკითხვაში მონაწილეობა 2 560 ზრდასრულმა ამერიკელმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღო. მათთან ინტერვიუები ინგლისურ და ესპანურ ენებზე ჩატარდა.

მეუფე გრიგოლი – ძალიან მინდა, არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება – სამი საპატრიარქო კანდიდატია, ყველა ეკლესიის შვილია, როგორც არ...

საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, როგორც არ უნდა დასრულდეს პატრიარქის არჩევის პროცესი, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა.„ვწყრებით ადამიანებზე, როცა უსამართლოდ გვექცევიან, ცილს გვწამებენ, დღესაც მსგავს რაღაცებს ვხედავთ ჩვენ უწმინდესი კამპანიის დროს, როცა უწმინდესი და უნეტარესი უნდა იქნას არჩეული, საქართველოს ეკლესიის მეთაური. მსგავსი რამ აქაც გვხვდება. რაშია საქმე? ვინ ვართ ჩვენ? საარჩევნო პერიოდია და ძალიან მინდა, ეს არჩევნები არ ჰგავდეს იმ ტიპის ჩვეულებრივ არჩევნებს, რაც ერში ტარდება ხოლმე. განსხვავებით ყოველივე ამისგან, დღეს 3 საპატრიარქო კანდიდატია, ისინი არ არიან სხვადასხვა პარტიების, სხვადასხვა რელიგიების, სხვადასხვა ინტერესის სფეროს წარმომადგენლები, ყველა ეკლესიის შვილია, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენი ერთობის განუყოფელი ნაწილი არიან. მოვისმინოთ, დავამკვიდრეთ და საბოლოოდ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, გეტყვით, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და არსებობა“,-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა.ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.

რომის პაპი – დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით

დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ, რომის პაპმა განაცხადა, რომ ეს დღე ხაზს უსვამს, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, ასევე იმ მზარდ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მედიის წარმომადგენლები დგანან, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში.„დღეს ჩვენ იუნესკო-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით. ჩვენ გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ“, – განაცხადა რომის პაპმა.

მეუფე შიო – მინდა, დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენო პატრიარქი ილია მეორე და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, ინებოს უფალმა, ეს ტრადიცია კვლავაც...

დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა.  რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღდგომიდან მეოთხე, განრღვეულის კვირას ქადაგებისას განაცხადა.ამასთან, მეუფე შიომ კიდევ ერთხელ გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების ტრადიცია.მეუფე შიოს თქმით, საყოველთაო ნათლობების ტრადიციამ სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს და ინებოს უფალმა, ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას, რომელსაც განრღვეულის კვირა ეწოდება, ვინაიდან დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.იგი ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა ამ უმძიმესი სენით და იწვა იერუსალიმში, „ბეთეზდად“ წოდებულ საბანელთან, სადაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, ამ საბანელში წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, იკურნებოდა, რა სენითაც იყო შეპყრობილი. ეს საბრალო კაცი აუზთან ახლოს იწვა, მაგრამ არავინ ჰყავდა დამხმარე, ვინც მას წყალში ჩაუშვებდა.უფალმა იესო ქრისტემ ის შეამჩნია, მივიდა მასთან და ჰკითხა: „გინდა, განიკურნო?“ (ინ. 5, 6). მან მიუგო, რომ უნდოდა, მაგრამ არავინ ჰყავდა, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა. მაშინ უფალმა უთხრა: „აიღე შენი სარეცელი და გაიარე!“ (ინ. 5, 8 ). მანაც აიღო თავისი საწოლი, გაიარა და განიკურნა. აი, ასეთი დიდი სასწაული მოხდა.ამ ამბავში ყველაფერი საკვირველია: უფლის ძალის და მადლის სიდიადე. საკვირველია ასევე ამ აუზის მაკურნებელი წყალიც. საკვირველია, რომ უფალმა ეს კაცი შეამჩნია და მივიდა მასთან. საკვირველია, რომ ეს ადამიანი ოცდათვრამეტი წელი იყო პარალიზებული და ასეთი სულიერი თვისებები შეიძინა: უდრტვინველობა, მოთმინება, სიმდაბლე, რწმენა, დიდი გონიერება. ეს ჩანს მისი პასუხიდან, მისი ქცევიდან, რომ ამისთვის დაიმსახურა ღვთის ასეთი დიდი მადლი და წყალობა. საკვირველია ისიც, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა და ა. შ.ძვირფასო ძმებო და დებო, დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა.რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს კურნება, ძალიან უნდა სურდეს, მთელი გულით, მთელი გონებით უნდა ითხოვდეს ამას და ლოცულობდეს. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისმენდეს ეკლესიის ხმას და სწავლებას. საჭიროა ასევე, ჰყავდეს ადამიანი, ვინც სულიერად დავრდომილს ამ საბანელამდე მიიყვანს (ანუ ეკლესიაში ვინც მოიყვანს).აი, ნახეთ, როგორი განსხვავებაა ახალი აღთქმის ეკლესიის ძალასა მადლსა და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის, ახალაღთქმისეულ ემბაზსა და საბანელს და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის. იქ, როგორც გითხარით, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი და მხოლოდ ერთი ადამიანი იკურნებოდა: პირველი ვინც მოასწრებდა ჩასვლას. აქ კი უფალი იესო ქრისტე ჩავიდა მდინარე იორდანეში, წყლები აღამღვრია და მთელი სამყარო განკურნა. თუ იქ პირველის მერე ჩავიდოდნენ მეორე და მესამე, ისინი აღარ იკურნებოდნენ, რადგან მადლი აღარ მოქმედებდა, ჩერდებოდა, არა მადლის მომცემელის სიღარიბის გამო, ღმერთის სიღარიბის გამო კი არ ხდებოდა ასე, არამედ მიმღებელთა სულიერი უძლურების გამო იყო ასე. აქ კი პირველის მერე თუ ჩავა მეორე, მესამე, მეოთხე, გინდაც ათი, ასი თუ ათასი ადამიანი შევიდეს ამ საბანელში, უფრო მეტიც, მთელი სამყარო რომ შევიდეს, ყველა განიკურნება, ყველა აღდგება, ყველა განიწმინდება, იმიტომ, რომ ეს არის ახალი სახის განწმენდა, სულიერი განწმენდაა.როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: „თუ იქ, რაც მეტი ადამიანი განიბანებოდა, ის წყალი უფრო ბინძური ხდებოდა, აქ რაც უფრო მეტი ადამიანი განიბანება და შედის ამ წყლებში, მით უფრო წმინდა ხდება ის“.ძვირფასო ძმებო და დებო, რახან ჩვენ გავიხსენეთ ახალი აღთქმის ემბაზი, ნათლისღება, მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს.კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. უფალმა თავისი მადლით და ძალით განკურნოს, განწმინდოს და აღადგინოს ჩვენი სულები. ამინ.დღეს ჩვენ ვლოცავთ ბერიების გვარს. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ.ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები