ოთხშაბათი, ივლისი 1, 2026

ბიძინა ივანიშვილი – მე, როგორც აქციონერს, „ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს ამიღია. ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა

„ქართუ“ ბანკს არასოდეს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასოდეს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ამის მაგალითად ბანკ „აბსოლუტის“ შემთხვევის მოყვანაც საკმარისია, როცა 2001 წელს მისი პასივების გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ მაშინდელი საბანკო სისტემა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, როგორც აქციონერს, „ქართუ“ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

„რაც შეეხება შპს „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.  ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ. ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს.  მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება „ქართუ“ ბანკს, „ელიტა ბურჯს“ და სხვა ბიზნესებს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იგი ეთანხმება ჟურნალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

„ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნეს კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია. გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა ჭირდებოდა ქვეყანას“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ  entrepreneur-მა ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ შეკვეთილში, აბასთუმანში და თბილისის ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტები „სოციალური მეწარმეობის“ საუკეთესო მაგალითებად შეაფასა, პირადად ბიძინა ივანიშვილი კი სოციალურ ანტრეპრენერად მოიხსენია.

„ეს ტერმინი, როგორც ზემოთაც ავღნიშნე, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროექტებს, რომლის დანიშნულება თავიდანვე არა ბიზნესის კეთება და სწრაფი მოგება, არამედ ქვეყანაში რაღაც ახლის კეთება, ქვეყნის დახმარება და სხვებისთვის ბიძგის მიცემა იყო. სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანიც ხომ ესაა. ასეთი იყო და არის ჩემი დამოკიდებულება, რასაც არ ვნანობ, რადგან, მაგალითად შეკვეთილში, დღეს უკვე ვხედავ არაერთ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებიც სწორედ მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც „პარაგრაფის“ გარშემო უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასეთ დროს, როგორც ბიზნესმენი, ვინც ვერ მიიღო განხორციელებული ინვესტიციის პროპორციული მოგება და ვერ შექმნა რენტაბელური ბიზნესი, კმაყოფილი, ცხადია, არ ვარ, რადგან ბიზნესი სჯობს კომერციალიზაციის გზით წავიდეს და მოგება ნახოს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილი, ცხადია კმაყოფილი ვარ იმით, რომ შავი ზღვისპირა გურიის რეგიონს, ისევე როგორც თბილისს და აბასთუმანს, პერსპექტივაში კი, წყალტუბოსაც, განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება.კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, სხვადასხვა დროს, ბრალდებულებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზება დაუკვეთეს, რაც ორმხრივი ავიაბილეთების, ტრანსფერის, სასტუმროში განთავსების, სამოგზაურო დაზღვევის, ბარგის და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების უზრუნველყოფას მოიცავდა. ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს მითითებული მომსახურების განხორციელება და მოტყუებით დაეუფლნენ 200-მდე მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით, ჯამში - 1 008 013 ლარს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ.სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კომპანიის დირექტორს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით, ხოლო მეორე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გივი მიქანაძე – განათლების რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ კანონპროექტზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს

სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან დღეს სწორედ ეს შვიდი კანონი არეგულირებს განათლების ყველა საფეხურის სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე, მეცნიერებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.მინისტრის განმარტებით, ვინაიდან ხშირად საჭიროა მოქმედ კანონებში ცვლილებების შეტანა, სამთავრობო დონეზე გადაწყდა ერთიანი, კოდიფიცირებული, ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი იქნება.„რაც დრო გადის, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ის საკითხები, რაც განათლების სისტემის რეფორმასთან არის დაკავშირებული. უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოება მუდმივად იყოს ინფორმირებული. ორივე მიმართულებით, როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით ის კონცეფციები, რომლებიც ჯერ საზოგადოებას წარედგინა, ხოლო შემდგომში საკმაოდ აქტიური განხილვის საგანი იყო, საბოლოოდ მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. შესაბამისად, ის სავალდებულოდ შესასრულებელ დოკუმენტად გახდა და ჩვენი სამინისტროსთვის მთავარ მიზნად განისაზღვრა. ამავდროულად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სწორედ ამ რეფორმის კონცეფციის უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული, თუმცა პარალელურად მიმდინარეობს სამინისტროში ძალიან აქტიურად მუშაობა განათლებისა და მეცნიერების ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, რომელმაც შვიდი მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს, რადგან სწორედ ეს შვიდი მოქმედი კანონი დღეს არეგულირებს განათლების ყველა საფეხურის სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე, მეცნიერებას. რადგანაც ხშირად გვიწევს მოქმედ კანონებში ცვლილებების შეტანა, მივიღეთ  გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე, რომ შეგვემუშავებინა ერთიანი, კოდიფიცირებული, ახალი დოკუმენტი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება. იმედი გვაქვს, შემოდგომისთვის ის მრავალი ჯგუფი – ქვეჯგუფები შექმნილია სხვადასხვა მიმართულებაზე, ყველა სექტორის წარმომადგენელი და ექსპერტია ჩართული ამ პროცესში – დაასრულებს მუშაობას და უკვე სამთავრობო ინიციატივით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რეფორმის პარალელურად, მისი სამართლებრივი გაძლიერების თვალსაზრისით, ეს კანონპროექტი პარლამენტს შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისთვის წარვუდგინოთ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე – პირველი ეტაპი წარმატებით იქნა დაძლეული, უნივერსიტეტებმა შეძლეს სათანადოდ გადაწყობა, რათა რეფორმით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი ყოფილიყო უზრუნველყოფილი

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებით იქნა დაძლეული, პირველ რიგში, უნივერსიტეტების მიერ, რომლებმაც შეძლეს სათანადოდ გადაწყობა, რათა რეფორმით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი შესაბამისი ხარისხობრივი მაჩვენებლით ყოფილიყო უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.მიქანაძის თქმით, პირველად ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა კვოტები მთავრობის დადგენილებით.„პრინციპი, რომელსაც ჰქვია „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, იცით, რომ განხილული იქნა ორი ძირითადი ჰაბის კონტექსტში, თბილისისა და ქუთაისის კონტექსტში. მოხდა ტრადიციული მიმართულებებით უნივერსიტეტებს შორის ფუნქციების გადანაწილება. რა თქმა უნდა, უპირობო იყო და ყოველგვარი განხილვის გარეშეა, რომ დედა უნივერსიტეტის სტატუსი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს, მას აქვს პრიორიტეტული მიმართულება, ის არის მულტიფუნქციური ხასიათის.ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები სწორედ ამ დედა უნივერსიტეტიდან იქნენ წარმოშობილი. შესაბამისად, როდესაც მოხდა კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა უნივერსიტეტებისთვის  ამ კონცეფციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მოხდა შესაბამისი გადანაწილებაც და უნივერსიტეტებმა განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გასწიეს. იცით, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე გადავედით ბაკალავრიატის სამწლიან სწავლებაზე, 80 პროცენტ მიმართულებებზე. მაგისტრატურის ერთი პლუს ერთ სწავლებაზე, სადაც ერთია სტანდარტული მაგისტრატურა, ხოლო კიდევ ერთი წელიწადი შესაბამისი კრედიტების კონტექსტში საჭიროა, რათა მესამე საფეხურის მიმართულებით, ანუ სადოქტორო მიმართულებით სწავლება ვისაც სურს, მას ჰქონდეს შესაძლებლობა, შესაბამისი კრედიტები დააგროვოს და ჰქონდეს ჩაბარების საფუძველი.რაც შეეხება ბაკალავრიატს, ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი ძალიან აქტიურად იყო ჩართული და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრი, რომელიც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულია, ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა თითოეულ უნივერსიტეტთან. მოხდა საბაკალავრო პროგრამების გადაწყობა, ისევე როგორც ახლა უკვე, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა სამაგისტრო პროგრამები, შესაბამისად, გადაწყობა, და უნივერსიტეტებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს ინფრასტრუქტურული კომპონენტის თვალსაზრისით, რომ სწორი გადანაწილება მოხდეს, რადგან გარკვეულ უნივერსიტეტებს კონკრეტული ფუნქციები უფრო შეევსოთ, იქ კონტიგენტიც იზრდება.იცით, პირველად ჩატარდა ბაზრის კვლევა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა კვოტები მთავრობის დადგენილებით. ამიტომ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საკმაოდ წარმატებით იქნა დაძლეული პირველ რიგში, უნივერსიტეტების მიერ, რომლებმაც შეძლეს სათანადოდ გადაწყობა, რათა რეფორმით გათვალისწინებული ყველა კომპონენტი შესაბამისი ხარისხობრივი მაჩვენებლით უზრუნველყოფილი ყოფილიყო“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.ამავდროულად, მინისტრმა განმარტა, რომ აბიტურიენტების მხრიდან ყველა მიმართულებაზე არის საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატული.„ჩვენ რეგისტრაციის კონტექსტში დავაკვირდით, რა მიმართულებებზეა აბიტურიენტების მხრიდან გამოხატული სურვილი განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით და მინდა, გითხრათ, რომ ყველა მიმართულებაზე არის საკმადოდ დიდი ინტერესი.ეს ინტერესი გაზრდილია. ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენი სამინისტროსა და ბიზნესსექტორის ერთობლივი კვლევის შედეგად იქნა განსაზღვრული საჭიროებები. ამ ნაწილში ვხედავთ, რომ კონკურენცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი და ის მოცემულობა, რომლის მოლოდინიც გვქონდა, ბევრ მიმართულებაზე აბსოლუტურად შესაბამისობაშია კვოტებთან მიმართებით. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ ბაზრის კვლევამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ აქამდე თუკი ეს არ ხდებოდა, არ იყო სწორი, მარტივად რომ ვთქვათ. მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ განგვესაზღვრა და გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რატომ ვაკეთებდით ამ ბაზრის კვლევას.იურიდიულ ფაკულტეტთან მიმართებით ბაზრის კვლევით გამოჩნდა, რომ 3 600 ადამიანი აბარებს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის  მასშტაბით იურიდიულ ფაკულტეტზე. აქედან მხოლოდ 2 900 ამთავრებს და რეალურად, ბაზრის მოთხოვნა არის მხოლოდ 700 იურისტზე, რაც იმხელა სხვაობას გვაძლევს. სამწუხარო ფაქტორია, რომ 2900-დანაც ვერ ხერხდება იმ სრული 700-ის უზრუნველყოფა, რაც ბაზრის მოთხოვნაა. ეს უკვე ხარისხობრივ კომპონენტზეც აქცენტს აკეთებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საზოგადოებისთვის, პირველ რიგში, გვეჩვენებინა, რატომ წამოვიწყეთ ეს რეფორმა. ძალიან ბევრი აბიტურიენტის მშობელს შევხვდით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მარიამ ბოლქვაძემ აილა ტომლიანოვიჩი დაამარცხა და უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა

მარიამ ბოლქვაძემ ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, უიმბლდონზე ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი სამ სეტში – 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა და მეორე წრეში გავიდა.მატჩის მანძილზე ბოლქვაძემ მეტოქეს ჩაწოდება რვაჯერ აართვა, 14-ით ნაკლები უნებლიე შეცდომა დაუშვა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.უიმბლდონის ძირითად ბადეში გასასვლელად ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა მოიგო, მან ავსტრიელი გრაბერი, იაპონელი კინოშიტა და ბელგიელი ვანდრომე დაამარცხა.დიდი სლემის ტურნირზე ტომლიანოვიჩთან გამარჯვებით ქართველმა ჩოგბურთელმა თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა – მან 2019 წელს ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში იასპარეზა.2026 წლის უმბლდონის გათამაშებაზე მარიამ ბოქლვაძის შემდეგი მეტოქე ამერიკელ კრუგერსა და ხორვატ ვეკიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის...

„ნაციონალური მოძრაობა“ არის რევოლუციური პარტია და ვერანაირად ვერ იქნება პარკეტის ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.როგორც სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ეს რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა და ვერ შეეგუება თავის დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას.„მე ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას. ჩემზე უკეთესად არცერთ ცოცხალ ქართველს არ გამოსდის ევროპელებთან და ამერიკელებთან საუბარი, მაგრამ 2003 წელს სულ ველში ვიყავი, როგორც წესი, უარს ვამბობდი მრავალრიცხოვან უცხოელ მისიებთან შეხვედრაზე. ჩვენი პარტია მუდმივად უნდა იყოს იქ, სადაც უსამართლობაა, სადაც ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა, თუნდაც თქვენს სტუდიაში. ნანუკა ჟორჟოლიანი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი. ამ დღეებში ბევრმა დაწერა – კი, მაგრამ პოლიტიკოსი არ არისო და პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. მოგწონთ არსებული „მეპურე“ პოლიტიკოსების გამომცხვარი პურის გემო? უყვარს ხალხს ნანუკა? უყვარს ხალხი ნანუკას? ყველამ ვიცით, რომ კი. ეხმარება ის ხალხს? – ამის ბევრი ფაქტი ვიცით. ენერგიული და შეუპოვარია? – კი, ეს ბევრჯერ დაამტკიცა. აბა, თქვენ ნამდვილი პოლიტიკოსი სხვა რა გგონიათ?!რაც შეეხება ძველ და ახალ პოლიტიკოსებს, ყველანი უნდა დავაყენოთ თანაბარ მდგომარეობაში, ადამიანები უნდა შეფასდნენ არა წარსული დამსახურებებით, არამედ იმით, დღეს რა წვლილი შეაქვთ ბრძოლაში. ძველი გამოცდილება დიდი უპირატესობაა და ამავე დროს, შეიძლება, დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, როდესაც ყოველთვის წარსული კლიშეებით მოქმედებ და ის წარსული მდგომები არ მუშაობს. ამიტომ გვჭირდება ორივეს სინთეზი.მე და თინა უკვე მრავალი წელია, ახლო მეგობრები ვართ, ის ძალიან ერთგულია ჩვენი მთავარი იდეის – თავისუფალი, წარმატებული ქართულის სახელმწიფოსი. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სამარტოო საკანში ვიმყოფები და აქედან კომუნიკაცია ძალიან მიჭირს, ასე რომ, ჩემთან სინქრონიზაცია არ არის მარტივი. ჩემს აზრს აქვს წონა, რადგან ამდენი წელია, ვრჩები ლიდერად და ამას არავინ უარყოფს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, მთლიანად პარტიული სისტემაა შესაცვლელი, დღეს სასიცოცხლო ამოცანაა, თითოეული ქართველის გადასარჩენად ფართო მასებში ფესვგამდგარი მოძრაობის ჩამოყალიბება და ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ უნდა იყოს ამის ინიციატორი.„„ნაცმოძრაობა“ არ არის ბიზნესპროექტი, როგორც სხვა პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, არ ჰყავს ინვესტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სხვები ამას ემორჩილებიან. ეს ყოველთვის იყო ცოცხალი პარტია შიდა დისკუსიებით და შეჯიბრით, რაც ცოცხალ პარტიაში ნორმალურია.მელიას წინააღმდეგ 2023 წელს პარტიის ნაწილის გამოსვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო და არც შეთანხმებულა ჩემთან არანაირად. არჩევნების დანიშვნას მაშინ შევხვდი უარყოფითად, თუმცა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი კლინიკაში მოწამვლის შემდეგ და რეაგირების თავი უბრალოდ არ მქონდა. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია დავიკავე. უკანა რიცხვით თუ შევხედავ, ვაღიარებ, რომ ეს იყო პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა შესაძლებელი იყო, პარტიის სხვა წევრების მიმართ ბევრად უფრო დელიკატურად მოქცევა. მაგალითად, ძალიან მენანება გიორგი პატარაიას, რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციის ბირთვის ცალკე გასვლა.რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი“ ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან – რას, ხან – რას. ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს.ახლა კი, ყველაფერი ძალიან მარტივია. „ნაცმოძრაობაში“ ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ივლისის დასაწყისში თინა ბოკუჩავას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ სიტუაციაში ჩემი იდეა იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ბოლო სიახლეები