პარასკევი, მაისი 29, 2026

ბიძინა ივანიშვილი – მე, როგორც აქციონერს, „ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს ამიღია. ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა

„ქართუ“ ბანკს არასოდეს უცდია აგრესიული მოქმედებები და კამპანია საქართველოს ბაზარზე, არასოდეს დაუსახავს მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას და ყოველთვის ქართული საბანკო სისტემის გაჯანსაღებას ემსახურებოდა. ამის მაგალითად ბანკ „აბსოლუტის“ შემთხვევის მოყვანაც საკმარისია, როცა 2001 წელს მისი პასივების გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადავარჩინეთ მაშინდელი საბანკო სისტემა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, როგორც აქციონერს, „ქართუ“ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ბანკმა კი, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა.

„რაც შეეხება შპს „ელიტა ბურჯს“, ის წლების განმავლობაში წამგებიანი კომპანია იყო და მუდმივად მიწევდა მისი სუბსიდირება, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დროის უქონლობის გამო, პირადად ვერ ვხელმძღვანელობდი კომპანიის მენეჯმენტს. კომპანია კი, საკუთარი ძალებით, სამშენებლო ტექნოლოგიებში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციის გამო, დროის მოკლე მონაკვეთში ვერ ახერხებდა მოგების მიღებას. მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემთვის საქართველოში ბიზნესის კეთებაზე მეტად ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და, ზოგადად, ბიზნესგარემოს გაჯანსაღება უფრო მნიშვნელოვანი იყო.  ამ დამოკიდებულებას დღემდე ვინარჩუნებ და სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლის ინიციატივით, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბური ინვესტირება დავიწყეთ. ამ დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურის საჭიროება დღეს და უახლოეს მომავალში შესაძლოა არც იყოს, მაგრამ წლების შემდეგ დიდად წაადგება ქვეყანას, როცა მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტები მრავლად გვეყოლება, მათ შორის წელიწადის ოთხივე სეზონზე და საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებების დამოუკიდებლად მასპინძლობას შეძლებს.  მესმის, რომ მასშტაბური ინვესტიციისა და ბაზრის სიმცირის პირობებში, ასეთი პროექტები კომერციულად პროპორციულ შემოსავალს ვერ მოიტანს, მაგრამ მესმის ისიც, რომ ეს სჭირდება თბილისს, სჭირდება ქვეყანას და ამიტომაც, ჩემთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სტანდარტული კომერციული პროექტი. იგივე ეხება „ქართუ“ ბანკს, „ელიტა ბურჯს“ და სხვა ბიზნესებს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იგი ეთანხმება ჟურნალისტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება.

„ვაღიარებ, რომ მომგებიანობის კრიტერიუმით კმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა. ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით, რაც, რა თქმა უნდა, არ მაძლევს კმაყოფილების საფუძველს. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. თუმცა, ყურადღების დაკლებასთან ერთად, ჩემი ბიზნეს კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია. გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა ჭირდებოდა ქვეყანას“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ  entrepreneur-მა ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ შეკვეთილში, აბასთუმანში და თბილისის ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური პროექტები „სოციალური მეწარმეობის“ საუკეთესო მაგალითებად შეაფასა, პირადად ბიძინა ივანიშვილი კი სოციალურ ანტრეპრენერად მოიხსენია.

„ეს ტერმინი, როგორც ზემოთაც ავღნიშნე, ალბათ, ყველაზე მეტად შეესაბამება იმ პროექტებს, რომლის დანიშნულება თავიდანვე არა ბიზნესის კეთება და სწრაფი მოგება, არამედ ქვეყანაში რაღაც ახლის კეთება, ქვეყნის დახმარება და სხვებისთვის ბიძგის მიცემა იყო. სოციალური მეწარმეობის მთავარი მიზანიც ხომ ესაა. ასეთი იყო და არის ჩემი დამოკიდებულება, რასაც არ ვნანობ, რადგან, მაგალითად შეკვეთილში, დღეს უკვე ვხედავ არაერთ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს, რომლებიც სწორედ მას შემდეგ გაჩნდნენ, რაც „პარაგრაფის“ გარშემო უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასეთ დროს, როგორც ბიზნესმენი, ვინც ვერ მიიღო განხორციელებული ინვესტიციის პროპორციული მოგება და ვერ შექმნა რენტაბელური ბიზნესი, კმაყოფილი, ცხადია, არ ვარ, რადგან ბიზნესი სჯობს კომერციალიზაციის გზით წავიდეს და მოგება ნახოს, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის შვილი, ცხადია კმაყოფილი ვარ იმით, რომ შავი ზღვისპირა გურიის რეგიონს, ისევე როგორც თბილისს და აბასთუმანს, პერსპექტივაში კი, წყალტუბოსაც, განვითარების ახალი შესაძლებლობა მიეცა“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა

„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ – სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია! ის ნიშნავს, რომ პრინციპში, ყველაფერი ასე თუ ისე წესრიგშია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ – ძალიან მავნე გეგმაა.„ნუთუ მთლად დავბრმავდით თუ რა ხდება? საქართველო დღეს სრული განადგურების პირასაა მიყვანილი, უკიდურესად დაცემულ, დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ არა მხოლოდ დავკარგეთ ჩვენი მსოფლიო როლი, რომელიც უდავოდ გაგვიჩნდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, არამედ რეგიონშიც კი აღარ ვართ ლიდერები, რაც არასდროს მომხდარა ისტორიულად. ამიტომ აქ უნდა ვისაუბროთ არა „უკეთესზე“, არამედ საქართველოს გადარჩენაზე და ისტორიული სიდიადის აღდგენაზე. ჩემთვის მიუღებელია დავარცხნილი, ფსევდოდემოკრატიული რიტორიკა. გამარჯვებისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ისტორიული მისიის გააზრება და მისკენ გაბედული ნაბიჯებით სვლა.„შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ – ძალიან მავნე გეგმაა მაშინ, როცა არცერთი დღე არ არის დასაკარგი საქართველოს გადარჩენის საკითხში. მინდა, მივმართო ყველას, ვინც ჩემსავით ფიქრობს, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თბილისის მერია ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლების პროცესშივე ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში და პროფესიული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ. სწორედ ამიტომ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახურის ინიციატივას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მნიშვნელოვანია, რომ მერია სწორ აქცენტს აკეთებს იმ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს ქვეყნის განვითარებისა და ურბანული პროცესების მართვისთვის პრიორიტეტულია. სამშენებლო, სატრანსპორტო, არქიტექტურის, აგრარული და სამთო მიმართულებები პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ქალაქის განვითარებასთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, გარემოს უსაფრთხოებასთან და მდგრად განვითარებასთან. სწორედ ამ სპეციალობების სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შეთავაზება დროული გადაწყვეტილებაა“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა სტუდენტებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრის ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექციის საქალაქო სამსახური სტუ-ის სტუდენტებისთვის ანაზღაურებად სტაჟირებაზე აცხადებს მიღებას. მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების სტუდენტებს დეტალურად გააცნო სტაჟირების პროგრამის პირობები, მონაწილეობის კრიტერიუმები, ასევე მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის სპეციფიკა.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, თბილისის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სპეციალობების სტუდენტების მხარდაჭერას, რომლებიც ქალაქის განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გარემოს ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა დაინახონ საკუთარი პროფესიის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მომავალ საქმიანობას უკავშირდება. მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს როგორც პროფესიული უნარების განვითარებას, ისე საჯარო სექტორსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებმა პროგრამასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

„მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს“ – ბექა მიქაუტაძე

თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ,  დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე  განცხადება გააკეთა. მისი თქმით,  ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია სრულად აფინანსებს, მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა  კლინიკაში  ფილტვის კიბოს სკრინინგი ჩაიტაროს.„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას - მწეველებს და არამწეველებს - ყველამ ჩაიტაროს უფასო ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომლებსაც ქალაქ თბილისის მერია აფინანსებს.  პროგრამის ფარგლებში ამ მომსახურებას უამრავი კლინიკა გვთავაზობს. არაერთი კლინიკა მეც დამიკავშირდა და მოხარული ვარ, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები. მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ისარგებლოთ იმ სიკეთით, რომელსაც ქალაქ თბილისის მერია გთავაზობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.როგორც ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე  აღნიშნა,  პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც რეგისტრირებულ მისამართად დაფიქსირებული აქვთ  ქალაქი თბილისი, ასევე ექნებათ წვდომა ისეთ მნიშვნელოვან სერვისზე, როგორიც არის ფილტვის კიბოს სკრინინგი.

კახა კალაძე – ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს

გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.„ბევრჯერ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული განცხადებებით და ქმედებებით, უნდა შეიცვალოს სამართლიანი დამოკიდებულებით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ ურთიერთობების გაფუჭებას, რადგან მათი აგენტურული ქსელის შესახებ ცნობილია.„ოპოზიცია ქვეყნის მტერია. ისინი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ამ ქსელის შექმნაში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. ეს არა მხოლოდ ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, სადაც პოლიტიკური ინტერესია გარე ძალების, ამ სქემით მოქმედებდნენ – ასე მარტივად მართავდნენ ქვეყანას. ჩვენთანაც რამდენჯერ იყო რევოლუციის მცდელობაც, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც ჟურნალისტების მიერ. ყველაფერი ხელის გულზე დევს, კარგად ვიცით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე – ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის შეიძლება, სასარგებლო იყოს

გუშინ, მაგალითად, მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში კონკრეტული მედიკამენტები, მაგალითად, „ვამოროლონი“ და „ჯივინოსტატი“ უკვე გამოიყენება. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. ევროპის სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა, როგორც ამას პირველივე დღიდან ვამბობ, პროცესების განვითარებას ძალიან დაკვირვებით და ფრთხილად ეკიდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და მედიკამენტებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.სარჯველაძის თქმით, ევროპის სახელმწიფოები სწავლობენ, რა შესაძლებლობები აქვს წამალს, რამდენად არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და როგორია ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები და ფაქტორები, ამის საფუძველზე აპირებენ გადაწყვეტილებების მიღებას.„დღეს ყველა ევროპული სახელმწიფო სწორედ მზადყოფნისა და შემოწმების ეტაპზეა. ისინი ცდილობენ, გაარკვიონ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი – ეს არის მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ისევე როგორც ეს ხდება საქართველოში. ამას პირველივე დღიდან ვამბობ და ეს არის ერთადერთი სწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.როდესაც ვამბობ, რომ ვითარება ცვალებადია, ვგულისხმობ იმასაც, რომ არსებობს გარკვეული უარყოფითი სიგნალები. მაგალითად, უკვე ვისაუბრე ერთ-ერთ მედიკამენტზე – შარშანდელ მდგომარეობასა და შემდგომ პერიოდში შეცვლილ სურათზე, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა ამ მედიკამენტის გამოყენების შესაძლებლობა. გეტყვით გუშინდელ მაგალითსაც. განსაკუთრებული ყურადღებით მუდმივად ვადევნებთ თვალს ამ მიმართულებით მიმდინარე სიახლეებს. მაგალითად, არსებობს ახალი ინფორმაცია ბრიტანეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ამ პროცესს ინტერესით ვაკვირდებით. გუშინაც გამოქვეყნდა კონკრეტული ინფორმაცია ამ მედიკამენტის შესახებ და, ბუნებრივია, ამასაც ვეცნობით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.მისივე თქმით, ამავდროულად, არსებობს ძალიან იმედის მომცემი ფაქტორებიც, განსაკუთრებით ახალი მედიკამენტების გამოჩენის მიმართულებით.„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ზუსტი პასუხები არც საქართველოს და არც ევროპის სახელმწიფოებს პრაქტიკულად არ აქვთ. ამიტომ ვამბობდი, რომ რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი, სადაც დაახლოებით 15 სახელმწიფოს მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსა და კლინიკური სფეროს სპეციალისტებს შევხვდით. ყველა, უკლებლივ ყველა, სწორედ ამ კითხვის ნიშნებზე საუბრობდა.ყველა იმედიანად არის განწყობილი და ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს რელევანტური პასუხები – პასუხები, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ გადაწყვეტილება ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამებში დანერგვასთან დაკავშირებით. ახალი საშუალებებია გაჩენილი, ამიტომ, ბუნებრივია, სრულიად გამართლებული და ლოგიკურია, ეს პროცესი სწორედ ასე მიმდინარეობდეს.რაც შეეხება მუშაობის პროცესს, ამ მიმართულებით სახელმწიფო ყოველთვის აცხადებდა, მას შემდეგ, რაც ამ თემაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ არასოდეს დაგვიხურავს კარი არცერთი დაინტერესებული პირისთვის და, პირველ ყოვლისა, მშობლებისთვის, მათთან ერთად ამ საკითხებზე მსჯელობა და მუშაობა, რათა ყოველდღიურად რაღაც გაუმჯობესდეს, დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყეთ. ორ წელზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პროცესზე აქტიური მუშაობა დავიწყეთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მისივე თქმით, სახელმწიფო ცდილობს, მის მიერ შეთავაზებული ყველა სერვისი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს არსებულ საჭიროებებთან.„ამ მიმართულებით სახელმწიფოს ნამდვილად არ აქვს მცირე რესურსი – საკმაოდ ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით ამ პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ამ პროცესს აუცილებლად სჭირდება გაგრძელება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამედიცინო მტკიცებულებები მუდმივად ახლდება – პრაქტიკულად ყოველდღიურად. კარგი და ბევრად უფრო სასარგებლო იქნება თავად პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული მშობლები და სხვა დაინტერესებული პირებიც. ეს არის ჩვენი მოწოდება პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ მუშაობას და, ბუნებრივია, არც ვაპირებთ, რომ ეს კარი ოდესმე დაიხუროს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.ამასთან, სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამის შესახებ.„პროგრამის დანერგვა როგორც კი დავიწყეთ და გამოიცა შესაბამისი სამთავრობო დადგენილება, დაუყოვნებლივ შევხვდით როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა კლინიკების წარმომადგენლებს. მათთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი. საბედნიეროდ, ჟვანიას კლინიკა, ციციშვილის კლინიკა და იაშვილის კლინიკა გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და, შესაბამისად, თითოეულმა მათგანმა დაიწყო შესაბამისი სერვისების განხორციელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სერვისებია. საუბარია სპეციალისტების საკმაოდ ფართო სპექტრის ჩართულობაზე, რომლის მეშვეობითაც, მაგალითად, წელიწადში ერთხელ განხორციელდება პაციენტის მდგომარეობის სრულფასოვანი და კომპლექსური მონიტორინგი – შეფასდება მისი მიმდინარე მდგომარეობა, დაავადების განვითარების დინამიკა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. ეს ყველაფერი აუცილებელია, რათა შემდგომში თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად და სწორად დაიგეგმოს მკურნალობის შესაბამისი გეგმა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ასევე მოიცავს გამოკვლევების ძალიან ფართო სპექტრს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები