ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

„მნიშვნელოვანია ამ სფეროში სანქციების გამკაცრება იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ეჭვი უკანონო ტყითსარგებლობის სხვადასხვა შემთხვევის არსებობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება. ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტრომ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ცვლილებები მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე მკაცრდება სანქცია. აქამდე იყო 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1-დან 3 წლამდე განისაზღვრება ახალი სანქცია. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 287-ე სეკუნდა მუხლი, რომელიც ეხება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის განთავსებას. ამ სამართალდარღვევისთვის მანამდე გათვალისწინებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ახლა უკვე განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა – საუბარია 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზე. თუ დიდი ოდენობით ხდება მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება, ამ შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის სანქციად გათვალისწინებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციები ასევე მკაცრდება მერქნული მცენარის გაჩეხვასა და დამზადებაზე.

„ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნული მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის და გათვალისწინებული იქნება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე სანქციები მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზეც. აქაც არის მკაცრი სანქცია – 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

„ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ტყე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ და სწორედ ამას ემსახურება ის პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამის კანონებში აისახება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო უილსონი – ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე, ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ

რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს. უილსონის თქმით, „ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“. „ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“, – წერს ჯო უილსონი.

ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე

გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაფიცულებს მოსახლეობა დაუპირისპირდა. ცნობისთვის, საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

VIDEO:ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მუხლზე დაჩოქილი შეეგება იტალიის პრემიერ-მინისტს

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდგრადი განვითარების კვირეული მიმდინარეობს, რომელშიც არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანის, რუანდის და უზბეკეთის პრეზიდენტები, ალბანეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის, მალაიზიის, ფინეთის, პრემიერ-მინისტრები და ასევე პოლიტიკოსები, ლიდერები განახლებადი ენერგიის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სფეროებში, ინვესტორები და მეწარმეები მონაწილეობენ. მსოფლიომ სააგენტოების ყურადღების ცენტრში აბუ-დაბის აეროპორტში ალბანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მომენტი მოექცა. აეროპორტის დარბაზში ჯორჯია მელონის გამოჩენის და მასთან მიახლოების შემდეგ ედი რამა, რომელიც ბევრად მაღალია ჯორჯია მელონიზე, კრემისფერ ხალიჩაზე ცალ მუხლზე დაეშვა და მას წითელი ყუთით საჩუქარი გადასცა. ამის შემდეგ მან დახვედრით ერთობ ნასიამოვნებ და გახალისებულ მელონის, რომელიც დღეს 48 წლის გახდა, აუხსნა, რომ საჩუქარი - აბრეშუმის შარფი, მასზე ნაცრისფერ და შავ ფერებში დატანილი პოპულარული ალბანური ელემენტებით - იტალიიდან ალბანეთში გადასული დიზაინერის ნამუშევარი იყო, შარფი მელონი თავზე მოახვია, თავადაც გადაეხვია და უთხრა: თქვენთან შეხვედრამდე მე ვესაუბრე იტალიელ ჟურნალისტებს, რომ მათ თქვენთვის ემღერათ „tanti auguri“ ( თქვენ ხომ ძალიან გიყვართ ისინი, არა? - განაგრძო რამამ და ჟუნალისტებს მიმართა: თქვენ აქ ხართ, რომ იმღეროთ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, არა? მელონიმ იგი ღიმილით შეაჩერა და უთხრა: ნუ მარცხვენთ!   იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და ალბანეთის პრემირ-მინისტრ ედი რამას ერთმანეთთან ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. აბუ-დაბიში იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს მილიარდიანი ღირებულების სამმხრივ პროექტს, რომელიც ალბანეთში მწვანე ენერგიის წარმოებას და ადრიტიკის ზღვის ფსკერზე კაბელით მის იტალიისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია შეთანხმება, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ნავებით იტალიაში შესვლის მსურველების იტალიამდე არ მიშვებას, გემით ალბანეთში გადაყვანას და თავშესაფრის შესახებ მოთხოვნის განხილვამდე ალბანეთის ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად აშენებულ დროებით თავშესაფარში განთავსებას ითვალისწინებს. წყარო:ipress.ge

აშშ-ის საელჩო – აშშ გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ქმედებები ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად. „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ – სალომე სამადაშვილი

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღწერა ყველა, ვისი სერვისითაც სარგებლობს. „უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ! აღვწერე ყველა, ვისი სერვისითაც ვსარგებლობ, ვინც ახლა არაა გაფიცული, მათ მომსახურებაზე დღეიდან მაქსიმალურად ვიტყვი უარს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

ბოლო სიახლეები