ორშაბათი, თებერვალი 2, 2026

ჩვენი ოჯახი ვერ შენარჩუნდა მარტო იმიტომ, რომ ოპერაციის შედეგად მე შვილს ვეღარ გავაჩენდი… არადა, ოჯახს გვარის გამგრძელებელი უნდოდა…

"ჩვენი ოჯახი ვერ შენარჩუნდა მარტო იმიტომ, რომ ოპერაციის შედეგად მე შვილს ვეღარ გავაჩენდი... არადა, ოჯახს გვარის გამგრძელებელი უნდოდა..."

რამდენიმე თვის წინ გამართულ პოეტ ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამოდან განცდილი ემოციების სახსოვრად მისი ერთ-ერთი წიგნი, “მონატრებიხარ ფიქრებს”, გამოვიყოლე… სტრიქონები იმდენად გულწრფელი, ღრმად განცდილი და უჩვეულოდ “შემწყნარებლური” მეჩვენა, სურვილი გამიჩნდა ქალბატონ ნანასთან სიყვარულზე მესაუბრა… შევხვდით. სიყვარულის გარდა დიალოგი მის პოეტურ თუ პროზაულ ნაწარმოებებს, პირად ცხოვრებას, შეხედულებებს ოჯახის, ბავშვების აღზრდის, ადამიანური სისუსტეებისა და პრინციპების შესახებ შეეხო…

– ქალბატონო ნანა, გარდა პოეზიისა, ბოლო დროს აქტიურად შეეჭიდეთ პროზას…

– ახალი წიგნი, რომელზეც ვმუშაობ, აფხაზეთში განვითარებულ ამბებს ეხება. ეს გახლდათ ჩვენი ერის ისტორიის ურთულესი და უსაზიზღრესი

პერიოდი. პროფესიით ექიმი ვარ. ეს არ არის შემთხვევით არჩეული პროფესია. დღესაც რომ ვამთავრებდე სკოლას, იგივე პროფესიას ავირჩევდი. აფხაზეთის ომის, ისევე, როგორც 9 აპრილის ბევრი მონაწილე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა. ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც თავის ოჯახის წევრებთან ერთად ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, ომის დროს დაიკარგა. წლები ეძებეს, მაგრამ უშედეგოდ. გადავწყვიტე, მის შესახებ დამეწერა. წერის პროცესში ვიყავი, როცა შემატყობინეს, რომ გარდაცვლილის ნეშტი იპოვეს. ეს ამბავი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ წერის გაგრძელება ვეღარ შევძელი. სულ რამდენიმე დღეა, რაც ნაწარმოებს თავიდან მივუბრუნდი. ეს გახლავთ ბარათები ადამიანებისა, ვინც ომიდან ვეღარ დაბრუნდა. მეორე წიგნში, “მზე ხელისგულზე”, სამი მინირომანი სამი სხვადასხვა ქალის

შესახებ მოგვითხრობს…

– და კვლავ სიყვარულს ეხება… საინტერესოა, სიყვარულის თქვენეული დეფინიცია თუ გაქვთ?

– რთულია სიყვარულს რაიმე განსაზღვრება მოუძებნო, სიტყვებით შეაფასო. სიყვარულის მზამზარეული რეცეპტი არ არსებობს. ის თავად წერს კანონებს და აქეთ გვთავაზობს. ვიღაცისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ურთიერთობა, ვიღაცისთვის სრულიად ჩვეულებრივია. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ უყვარს. ჭკვიანი ადამიანი შეიძლება იყოს შეყვარებული ბავშვივით, მაგრამ არა სულელივით… სიყვარული ცოტათი მაინც ჩემს თავმოყვარეობასა და პრინციპებსაც უნდა შეესაბამებოდეს.

– არ ყოფილა შემთხვევა, როცა სიყვარული თქვენს პრინციპებს შეეეწინააღმდეგა?

– ყოფილა, მაგრამ შევძელი და გავწყვიტე. თუმცა, არ ვამბობ, რომ ყველა ასე უნდა მოიქცეს. ძირითადად, ასეა – ყოველთვის გონებას ვაბატონებ.

mshoblebi
მეუღლესა და შვილთან ერთად

– მაგრამ არის ხოლმე, როცა გონებაც “ნებდება”…

– ბუნებრივია, ყველანაირი სტერეოტიპი შეიძლება დაინგრეს… ახალგაზრდობის პერიოდში სიყვარულს თან უფრო მეტი ვნება ახლავს. ვნება კი ბინდს აკრავს გონებასაც. ნებისმიერი მცირე ბარიერის დაძლევაც კი გიჭირს, ” შეპყრობილი” ხარ და გაუცნობიერებლად მიდიხარ მიზნისკენ, რომელიც არც კი იცი განხორციელების შემთხვევაში რას მოგიტანს… ან ზუსტად იცი, რომ ცუდს მოგიტანს, მაგრამ შეჩერება არ შეგიძლია – ვნება ხომ ნარკოტიკივითაა?! ხდება ხოლმე, ერთი შეხედვით აბსოლუტურად შეუფერებელი წყვილია, მაგრამ გარედან შეუმჩნევლად მათ შორის ისეთი მუხტი ტრიალებს, რომელსაც ვერაფერი აჩერებს. არც მხოლოდ ვნებაზე ეგება სიყვარული, მაგრამ ის უდაოდ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც სიყვარულის განმტკიცებას განაპირობებს. ურთიერთობის მომდევნო ეტაპზე ვნება ნელდება და წინა პლანზე მეგობრობა და ოჯახური ურთიერთობები გადმოდის. ჩნდება დრამატული და მელოდრამატული ეპიზოდებიც, მაგრამ ესეც სიყვარულის ერთგვარი საკვები საშუალებაა. რამდენადაც ასაკი გემატება, ხვდები, რომ ბოლოსკენ მიდიხარ. სიბერე ჩიხია. თუკი ცხოვრების ამ პერიოდს საკუთარი თავისთვის მოგონებული მითით გაილამაზებ, რა არის ამაში დასაძრახი?! არ არის სავალდებულო, 60 წლის ასაკში ისევე იყოს ურთიერთობა ვნებებით გაჯერებული, როგორც ეს 16 წლის ასაკში ხდება. ადამიანი მარტო მოდის და მარტო მიდის, “პარტნიორობას” ამ გზებზე ვერავინ გაგიწევს… ამიტომ, ცხოვრების კონკრეტული მოვლენების რაც შეიძლება ნაკლები დრამატიზება უნდა მოვახდინოთ. გრძნობისთვის, რომელიც დროს უძლებს – ღირს ცხოვრება. რემარკის “სამ მეგობარში” გენიალური ფრაზაა: “ხანმოკლე სიცოცხლე ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის.”

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება საზოგადოებრივად მიუღებელი სიყვარული ვინმემ სრულყოფილად და ხანგრძლივად შეირგოს?

– შეიძლება, თუკი გადგება საზოგადოებისგან, შეძლებს და საზოგადოებრივ სტანდარტებს გვერდს აუვლის.

– თქვენი შეფასებით, ღალატი უპატიებელი შეცდომაა თუ ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტე?

– მითქვამს, მივიდა სხვასთან, რომ უფრო კარგად შეეცნო, თუ რა არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს-მეთქი. მაგრამ თუ ადამიანი მთელი თავისი არსებით სხვასთანაა, მაშინ უკვე შეურაცხმყოფელიც კია მასთან ერთად ცხოვრება… ღალატის ცნება თავის თავში ძალიან ბევრ პირობას მოიცავს. რაც მეტად გიყვარს და გიღირს ადამიანი, მით უფრო მეტად ცდილობ მის საქციელს ახსნა, გამართლება მოუძებნო.

– თქვით, რომ ღალატს “გემო” საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუსინჯეთ. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან სწორი რეაქცია გქონდათ?

– ეს ნამდვილად არ არის მარტივი, თუმცა, ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი ეს არ გახლდათ. ჩვენი ოჯახი ვერ შენარჩუნდა მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ ოპერაციის შედეგად მე აღარ მეყოლებოდა შვილი. ოჯახისთვის კი “გვარის გამგრძელებლის”, ვაჟის დაბადება პრიორიტეტული გახლდათ…

mshoblebi
შვილსა და შვილიშვილებთან ერთად

– თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი ამ მოვლენას უკავშირდება?

– პირველი ყველაზე რთული პერიოდი, მართლაც, ეს გახლდათ. 21 წლის ვიყავი, მეგონა, რომ სრულყოფილ ბედნიერებას განვიცდიდი და უცებ, თითქოს, ირგვლივ ყველაფერი დაინგრა…


– რას ურჩევთ მშობლებს – როგორ აღვზარდოთ მომავალი თაობა მეტად ლმობიერი, გულისხმიერი, ვასწავლოთ ერთმანეთისგან ნამდვილი და ფსევდოღირებულებების გარჩევა, როგორ შევაყვაროთ კითხვა, ხელოვნება?

– ვფიქრობ, ბავშვის აღზრდის პროცესში ოჯახის ფაქტორი უპირველესია. რაც ტყეა, ის ნადირიაო და ბავშვი ოჯახის სარკეაო – მართლაც ასეა. ტრადიციები საქილიკო თემად არ უნდა გავიხადოთ. ერთად საუზმობა, სადილობა, ვახშმობა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ოჯახური ცხოვრებისთვის. მნიშვნელოვანია სადილების ოჯახურ გარემოში მომზადების კულტურაც. გარდა იმისა, რომ ვთანხმდებით, ოჯახში მომზადებული სადილი ნაკლებ რისკებს შეიცავს და ბევრად ჯანმრთელია, პროცესი ხელს უწყობს ოჯახის წევრებს შორის თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მერწმუნეთ, ეს გაცილებით მარტივია და ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე გარეთ ნაყიდი საკვებით მოწამვლის შემთხვევაში გამოჯანმრთელების პროცესი საჭიროებს. ბოლო დროს ხაზს უსვამენ მშობელსა და ბავშვს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. მეგობრობა ძალიან კარგია, მაგრამ მე წინ დედაშვილურ დამოკიდებულებას წამოვწევდი. ბავშვმა დედისგან უნდა მიიღოს მზრუნველობა, აღზრდა და ჩამოუყალიბდეს კონკრეტული უნარ-ჩვევები. როცა მათ მცირე ასაკიდან ვაჩვევთ წიგნს, მოვუთხრობთ ზღაპრებს, ვახატინებთ, ვასმენინებთ გემოვნებიან მუსიკას – გარდა ბავშვის ზოგადი განვითარებისა, ეს მშობელსა და შვილს შორის სწორი, სათანადო ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. როგორც სოკრატემ თქვა, ბავშვის აღზრდის პროცესის დაწყება 6 თვის ასაკიდან უკვე დაგვიანებულია. ოჯახში არსებული სითბო და სიყვარული ბავშვის ფსიქიკაში ილექება. ასე რომ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, ძიძები ვერ ზრდიან შვილებს… ძალიან მიყვარს ედუარდ უგულავას ლექსის ეს სტრიქონები: “იავნანას ვერ მღერიან ძიძები, იავნანა დედამ უნდა იმღეროს!” მატერიალური სიმდიდრე ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის აღზრდის პროცესზე, რადგან ხშირად ასეთ ოჯახებში ფასეულობა მხოლოდ მატერიალურზე გადის… გაცილებით მეტი ფასი აქვს ოჯახს, სადაც კარგი დამოკიდებულებები, ჯანსაღი ურთიერთობებია შესამჩნევი. თუკი შეძლებ და გაიაზრებ – იცხოვრო ისე, რომ მადლობელი იყო იმის, რაც გაგაჩნია – დიდი მადლია. უნდა მიიღო ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლია, შეცვალო, რისი შეცვლაც შეგიძლია და ღმერთმა მოგცეს იმისი სიბრძნე, რომ ერთი მეორესაგან გაარჩიო… ბედნიერება პირობითი ცნებაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მოწესრიგებული ოჯახი, კარგი მეუღლე და შვილებია. როცა რეალიზებული ხარ, როგორც დედა და მეუღლე, ამის მიღმა საქმიანობა უკვე ის ულამაზესი სამკაულები, ბრილიანტებია, რომელთა ნახვა როგორც საკუთარი თვალისთვის, ისე გარშემომყოფთათვისაც სასიამოვნოა…

სრულად იხილეთ: https://www.mshoblebi.ge/dedebis-saloni/akhali-ambebi/13817-qchveni-ojakhi-ver-shenarchunda-marto-imitom-rom-operaciis-shedegad-me-shvils-veghar-gavachendi-arada-ojakhs-gvaris-gamgrdzelebeli-undodaq.html

შორენა ლაბაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სანდრო მამუკელაშვილი „იუტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველი კალათბურთელის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „იუტა ჯაზი“ 107:100 დაამარცხა.საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 30 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა. „ტორონტო“ 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 5 თებერვალს „მინესოტასთან“ გამართავს.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ გაერო მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ მას მიმართავენ, – ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა თავად შეერთებული შტატები დავალიანების დაფარვას გაერო-ს წინაშე.შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მან არ იცოდა ამერიკის დავალიანების შესახებ, თუმცა დარწმუნებულია, რომ „პრობლემას მარტივად მოაგვარებდა“, თუ გაერო ამას მოითხოვდა.„ისინი რომ მოსულიყვნენ ტრამპთან და ეთქვათ, ყველას დავავალდებულებდი, გადაეხადა, ისევე როგორც ნატო-ს დავავალე გადახდა. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, არის ამ ქვეყნებთან დარეკვა. ისინი რამდენიმე წუთში გამოგზავნიდნენ ქვითრებს“, – განუცხადა ტრამპმა „პოლიტიკოს“.ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ ზღვარზე დგას და თანხები, შესაძლოა, ივლისისთვის ამოიწუროს.კრიტიკული ვითარების ძირითად მიზეზად აშშ-ის უარი დასახელდა, გადაიხადოს სავალდებულო საწევრო შენატანები, ასევე შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის წინაშე დაგროვილი მნიშვნელოვანი დავალიანება.

იოჰან ვადეპული – გერმანია ყოველთვის უფრო ახლოს იქნება ვაშინგტონთან, ვიდრე პეკინთან, სი ძინპინისკენ გაშლილი ხელებით წასვლა და თქმა, რომ ყველა ჩვენი პრობლემა ამ წამსვე...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ ბოლო დროს არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ოფიციალური ბერლინი ყოველთვის უფრო ახლოს იქნება ვაშინგტონთან, ვიდრე პეკინთან.სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ლექციაზე ვადეპულმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ევროპისა და გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.მისივე თქმით, ევროპა უსაფრთხოების თვალსაზრისით მასზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმ საკითხებისა, რომლებიც ამჟამად ვაშინგტონს რეგიონისგან „აშორებს“.„პრეზიდენტ სი ძინპინისკენ გაშლილი ხელებით წასვლა და იმის თქმა, რომ ყველა ჩვენი პრობლემა ამ წამსვე გაქრა და ჩვენ მხოლოდ თქვენი დიდი პარტნიორი გავხდებით, არასწორი პასუხი იქნება“, – განაცხადა ვადეპულმა.ვადეპულმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ერთიანი რეაქცია გრენლანდიასთან დაკავშირებულ აჩვენებს, რომ გაერთიანებას შეუძლია წარმატებით დაიცვას თავისი ინტერესები, თუ ნათლად განსაზღვრავს თავის წითელ ხაზებს.

მებაჟე ოფიცრებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 979 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა" და ფსიქოტროპული ნივთიერების (,,პრეგაბალინი“) შემცველი 47 კაფსულა მედიკამენტი გამოავლინეს.სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 2 შეფუთვად დაფასოებული აკრძალული საშუალებები სხეულის სხვადასხვა ადგილას მალულად ჰქონდა განთავსებული.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია მზად არის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დებატებისთვის.„დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა – დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ „ოცნებამ“ თავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად.რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას, თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც „რუსთავი 2“-მა 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც „ოცნებას“ საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება – დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა. „ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც თუ ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება.კიდევ ერთხელ ვადასტურებთ – ჩვენ მზად ვართ, ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიაზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები