ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

შექსპირისა და მისი თანამედროვეების პიესებში „ვეფხისტყაოსნის“ ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალია გამოყენებული

კლასიკური და ბიზანტიური მონოგრაფიების ცნობილმა ევროპულმა გამომცემლობამ (Adolf M. Hakkert Publishing Company, Amsterdam, 2018) ინგლისურ ენაზე გამოსცა ქართველი მეცნიერის, ელგუჯა ხინთიბიძის, ახალი მონოგრაფია, „შუასაუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები“.

ნაშრომში არგუმენტირებულია, რომ ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის რომანი ლიტერატურულ წყაროდ ყოფილა გამოყენებული XVII საუკუნის დასაწყისის დიდ ინგლისურ დრამატურგიაში. კერძოდ, შექსპირის თანამედროვეების, ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის ორი პიესის სიუჟეტის ძირითადი ხაზი რუსთველის შეყვარებული წყვილის ამბის სხვა გარემოში და სხვა პერსონაჟებზე გადატანაა. შექსპირის „ციმბელინის“ როგორც კომპოზიცია, ასევე იდეურ-თემატური ჩანაფიქრიც იმავე წყაროდან მომდინარეობს. რომანის კომპოზიციური და სიუჟეტური დეტალების აშკარა მსგავსება შეინიშნება, ასევე, დიდი დრამატურგის შემოქმედების ბოლო პერიოდის სხვა პიესებში.

 

„ეს ფაქტი მოულოდნელია არა მხოლოდ ჩვენი მეცნიერების, არამედ ინგლისური ლიტერატურული კრიტიკისთვისაც. ჩემი მთავარი ვარაუდია, რომ ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ამბავი მე-16 საუკუნის დასასრულს ინგლისიდან სპარსეთში ჩასულმა 26-კაციანმა დელეგაციამ ქართველი გენერლის, ალავერდი-ხანი უნდილაძისგან მოისმინა. ამ პერიოდის წიგნებში აღწერილი ამბები, ძირითადად, კარგად ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებს, ზღაპრებსა და ისტორიებს ეფუძნებოდა. ცნობილია, რომ შექსპირის სტილი ცნობილი ამბების სხვა ფილოსოფიით წარმოჩენა გახლდათ… ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქართველი ერი, მიუხედავად მისი მძლავრი აღმოსავლური ფესვებისა, ოდითგანვე ევროპული კულტურისკენ მიისწრაფოდა…“ – აღნიშნა პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ „ტიფლის-ნიუსთან“ საუბრისას.

„პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის არაჩვეულებრივი კვლევა, პირველ რიგში, ავლენს საოცარ კავშირს ელიზაბეტ დედოფლისდროინდელ თეატრსა და დიდ ქართულ ნაციონალურ, 12 საუკუნის ეპიკურ ნაწარმოებს – ვეფხისტყაოსანს შორის. ეყრდნობა რა ყველაზე ზუსტ ტექსტუალურ ანალიზს, ის უტყუარად წარმოაჩენს ისეთი მნიშვნელოვან მსგავსებებს როგორიცაა, გარემო, თემა, სიუჟეტი, მოქმედება და პერსონაჟი, რაც უდავოდ სცდება არქეტიპების უბალო დამთხვევას და ავლენს ქართული ეპიკის აშკარა ზეგავლენას შექსპირზე, ბომონტისა და ფლეტჩერზე (კერძოდ, ციმბელინი, მეფე და არამეფე, ფილასტერი). ასევე უნდა აღინიშნოს რომ  ბოლო ორი ნაწარმოების  მოქმედების არეალად  მითითებულია იბერია, რომლის კლასიკური სახელიც საქართველოა.

ანტონ ჯენკინსონის მოგზაურობანი და ანტონი შერლის  ე. წ. „მოსკოვი კომპანი“ (Muscovy Company (1558-1571), თავგადასავლები სპარსეთში (1599) იყო მიზეზი საქართელოსთან მეტად დახლოების. მათი ჩანაწერებით საზრდოობდა იმ პერიოდის ლიტერატურა და ასევე  ეგზოტიკის შეცნობის სულ უფრო მეტად მზარდი სურვილი.  ამ პერიოდის წიგნებსა და პიესებში აღწერილი ამბები ძირითად ეყრდნობოდა კარგად ცნობილ ლიტერატურულ ტექსტებს, პოპულარულ ზღაპრებს, მოგზაურობებსა და ისტორიებს.

სწორედ ეს გარემოებები უდევს საფუძვლად პროფესორ ხინთიბიძის მიერ გამოთქმული ბრწყინვალე  აზრებს. მის მიერ დაადგენილი სავარაუდო კავშირი, რომელიც აახლოვებს შექსპირსა და რუსთაველს ერთმანეთთან, წარმოადგენს ბრწყინვალე კვლევით ნაშომს.

როგოც ჩანს, ფლეტჩერმა მისი ნაწარმოების ფაბულა  მთლიანდ რუსთაველისგან აიღო.  შექსპირი, კი ვინც  არასოდეს გაუშვებდა ხელიდან რაიმე  ახალ ინფორმაციას, ბომონტთან  და ფლეტჩერთან დაახლოებული პირი გახლდათ.

ყოველივე ეს რუდუნებით მოიპოვა, ახსნა და მას ნათელი მოჰფინა პროფესორმა ხინთიბიძემ თავის უპრეცენდენტო წიგნში, რომელიც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი და ძალიან საინტერესო მონაპოვარია აქამდე ინგლისურ – ქართული კვლევების აკადემიურ სამყაროში არსებულ კვლევებს შორის. “

ანტონი ანდერსონი (ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო), ავტორი წიგნებისა „მოგზაურობა საქართველოს მთებში“, „ბრიტანელი მოგზაურები საქართველოში“

„შოთა რუსთაველი ქართველებისთვის იგივეა, რაც ბიბლია და შექსპირი ინგლისურენივანი სამყაროსათვის. ეს არის წყარო ციტატების, ანდაზებისა და სამაგალითო ადამიანებისა. ე. ელგუჯა ხინთიბიძე გვიჩვენებს რუსთაველის გავლენას ინგლისურ ლიტერატურაზე. მკითხველს ეძლევა საშუალება გაეცნოს საოცარ კვლევას ამ ლიტერატურულ გავლენაზე.  სპარსეთში მცხოვრებმა ქართველებმა, სპარსეთის მეფის შაჰ აბას 1-ლის სასახლეში შემთხვევითი შეხვედრის დროს, ბრიტანელ დიპლომატებს გააცნეს რუსთაველის პოემა. ამას გარდა, ხინთიბიძე იძლევა შექსპირის, ბომონტისა და ფლეტჩერის პიესების ანალიზს, რითაც ელიზაბეტისდროინდელ ტრაგიკომედიას ახალ ნათელს ჰფენს. ინგლისელი და შუასაუკუნეების მკვლევარებისათვის ეს წიგნი უზომოდ საინტერესო და სასარგებლოა.“

ბერტ ბეინენი (აშშ, ევროპული სამეო კარის ლიტერატურის და ვეფხისტყაოსნის მკვლევარი)

 

 შორენა ლაბაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ სიიარტო – ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ, რეალობა კი – სხვაა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ არ იცოდა ვიზიტის შესახებ, რადგან უნგრეთის მთავრობამ ვიზიტი უკრაინის საგარეო სამინისტროსთან არ შეათანხმა, რეალობა კი სხვაა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.ამგვარად, სიიარტო ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ იცის, რას აკეთებს უკრაინაში უნგრეთის დელეგაცია.სიიარტოს განმარტებით, უნგრული დელეგაციის ვიზიტი წინასწარ იყო შეთანხმებული და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. მისი თქმით, 10 მარტს უნგრეთის საელჩომ უკრაინის საგარეო სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მეთაურობით დელეგაცია „დრუჟბას“ მილსადენის მდგომარეობის შესამოწმებლად ჩავიდოდა.პიტერ სიიარტო ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნგრეთში ნავთობის მიწოდება მაშინ შეაჩერა, როდესაც საზღვაო გზით ნავთობის გადაზიდვა ყველაზე არაპროგნოზირებადია და „დრუჟბა“ ერთადერთ რეალურ ალტერნატივად რჩება.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკმ განაცხადა, რომ დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. „არ ვიცი, რას აკეთებს დელეგაცია აქ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მითხრა, რომ რამდენიმე ადამიანი ჩამოვიდა. მათ ეს კერძო მოგზაურობად შეაფასეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე ირანის თავდასხმებს გმობს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გმობს ირანის თავდასხმებს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე.რეზოლუცია ასევე მოითხოვს ირანის მხრიდან ყველა თავდასხმისა და მუქარის, მათ შორის, დაჯგუფებების მეშვეობით განხორციელებული თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.დოკუმენტი ასევე გმობს ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობის შეფერხებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას.რეზოლუციას 130-ზე მეტი თანაავტორი ჰყავდა. მას უშიშროების საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.როგორც „ბიბისი“ წერს, რეზოლუცია აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს არ მოიცავს.

ლიეტუვა: უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა ერთ წელიწადში 10 ათასზე მეტით გაიზარდა

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა გასული წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 მარტის მდგომარეობით, ლიეტუვაში სულ 53 379 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობდა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 43 071-ს, ხოლო 2024 წლის მარტის დასაწყისში 39 468-ს შეადგენდა.განახლებული მონაცემები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლიეტუვის ხელისუფლებამ, ევროკავშირის დროებითი დაცვის მექანიზმის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ციფრული ნებართვების შეცვლის პროცესი დაასრულა.მიგრაციის დეპარტამენტის განცხადებით, ახალი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინიდან გამოქცეული უკრაინელების უმეტესობა, ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლისა ან სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად, ლიეტუვაში დარჩენას ამჯობინებს.„რა თქმა უნდა, უკრაინელ ლტოლვილთა გადაადგილება არ შეჩერებულა, ისინი კვლავ საკმაოდ აქტიურად მიგრირებენ. თუმცა, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ იმ ლტოლვილების უმრავლესობა, რომლებიც ადრე ჩამოვიდნენ და ლიეტუვაში, სულ მცირე, ერთი წელია ცხოვრობენ, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად მკვიდრდება“, - ნათქვამია მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ინდრე გასპერეს განცხადებაში.ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმი 2022 წლის მარტში აამოქმედა. თავდაპირველად, ის ერთი წლის ვადით შემოიღეს, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე გახანგრძლივდა.უკრაინელ ლტოლვილებსა და მათი ოჯახის წევრებზე გაცემული, ამჟამად მოქმედი ბინადრობის ციფრული ნებართვები მომავალი წლის 4 მარტამდეა ძალაში. ლიეტუვაში ლეგალური სტატუსის შესანარჩუნებლად, დოკუმენტის მფლობელებმა ის ყოველწლიურად უნდა განაახლონ ან შეცვალონ.დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნებართვა 42 500-ზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა განაახლა ან შეცვალა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 37 000-ს შეადგენდა.2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ლიეტუვის მიგრაციის საინფორმაციო სისტემა MIGRIS-ში 103 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი დარეგისტრირდა, თუმცა ყველა მათგანი ქვეყანაში არ დარჩენილა.

უკრაინა მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია

2021-2025 წლებში უკრაინა, 9.7%-იანი წილით, ძირითადი შეიარაღების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა მსოფლიოში. უკრაინისთვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და პოლონეთი. ეს ინფორმაცია სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ახალ ანგარიშშია შეტანილი.ანგარიშის თანახმად, 2021-2025 წლებში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულში შედიან:უკრაინა; ინდოეთი; საუდის არაბეთი; კატარი; პაკისტანი.დოკუემენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდან, უკრაინას ძირითადი შეიარაღება, სულ მცირე, 36-მა სახელმწიფომ მიაწოდა. უმსხვილესი მიმწოდებლები არიან:აშშ (უკრაინის იარაღის იმპორტის 41%); გერმანია (14%); პოლონეთი (9.4%).ამავდროულად, SIPRI -ი აცხადებს, რომ 2025 წელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 2023 ან 2024 წლებში. ამის მიზეზი, კერძოდ, 2025 წელს აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებაა. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საგრძნობლად გაიზარდა აშშ-დან უკრაინაში იარაღის ექსპორტის გასაიდუმლოების ხარისხი, რაც ართულებს სანდო შეფასებების მომზადებას.2025 წელს, სულ მცირე, 25 სახელმწიფო დათანხმდა აშშ-სგან ძირითადი შეიარაღების შეძენას უკრაინისთვის გადასაცემად. ამ იარაღის, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და მართვადი ბომბების მიწოდება, SIPRI-ის მიერ ფიქსირდება, როგორც აშშ-დან იარაღის ექსპორტი. იარაღის ექსპორტი მსოფლიოში ძირითადი ტიპის შეიარაღების ექსპორტის მოცულობა 2021-2025 წლებში, წინა ხუთწლიან პერიოდთან (2016-2020) შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა. ამავდროულად, რუსეთი არის ათეულში შემავალი ერთადერთი მიმწოდებელი ქვეყანა, რომლის იარაღის ექსპორტი შემცირდა. ამერიკის შეერთებული შტატები; საფრანგეთი; რუსეთი; გერმანია; ჩინეთი; იტალია; ისრაელი; გაერთიანებული სამეფო; სამხრეთ კორეა; ესპანეთი.SIPRI-ის მონაცემებით, ხუთმა უმსხვილესმა მომწოდებელმა — შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა — ამ პერიოდში მთლიანი იარაღის 70% გაყიდეს ექსპორტზე.2021-2025 წლებში, აშშ-ზე მოდიოდა იარაღის საერთაშორისო მიწოდების 4%, მაშინ როცა 2016-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 36% იყო. 2021-2025 წლებში აშშ-მ იარაღის ექსპორტი 99 ქვეყანაში განახორციელა. ამავდროულად, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად, აშშ-ის იარაღის ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ევროპაზე მოდიოდა (38%), და არა ახლო აღმოსავლეთზე (33%).საფრანგეთი, იარაღის გლობალური ექსპორტის 9.8-პროცენტიანი წილით, რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა, ხოლო მისი იარაღის ექსპორტი, 2016-2020 და 2021-2025 წლების პერიოდებს შორის, 21%-ით გაიზარდა.რუსეთმა მესამე ადგილი დაიკავა და ერთადერთია იარაღის ათ უმსხვილეს მიმწოდებელს შორის, რომლის ექსპორტი შემცირდა (-64%).საერთო ჯამში, რუსეთის წილი იარაღის გლობალურ ექსპორტში 21%-დან (2016-2020 წლები) 6.8%-მდე (2021-2025 წლებში) შემცირდა. 2021-2025 წლებში რუსეთი ძირითადი ტიპის შეიარაღებას 30 სახელმწიფოსა და 1 არასახელმწიფო აქტორს აწვდიდა. რუსეთის იარაღის ექსპორტის თითქმის სამი მეოთხედი (74%) 2021-2025 წლებში ინდოეთზე (48%), ჩინეთსა (13%) და ბელარუსზე (13%) გადანაწილდა.ამავდროულად, გერმანიამ ჩინეთს გადაასწრო და 2021-2025 წლებში იარაღის მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. გლობალურ ექსპორტში მისმა წილმა 5.7% შეადგინა. გერმანული იარაღის მთელი ექსპორტის თითქმის მეოთხედი (24%) უკრაინას დახმარების სახით გადაეცა, 17% კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ადვოკატის, ჩვენი კოლეგის, პაატა ბერიძის გარდაცვალების გამო. პაატა მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ადვოკატის პროფესიას და ადამიანის უფლებების დაცვას.ვიზიარებ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას''-წერს სოციალურ ქსელში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი

ბოლო სიახლეები