შაბათი, აგვისტო 2, 2025

შენ სიცოცხლეშიც გმირი იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მეგობარი, ლევან შერმადინი “ფეისბუკში” ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

,,გვაპატიე ძმაო ზვიადაურივით მარტო რომ დაგტოვეთ პირისპირ აურაცხელ მტერთან – ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენ გმირსო, გადმოგვცეს შენი გულადობით გაკვირვებულებმა ქალაქ ცხინვალიდან. ვინ იცის როგორ გიჭირდა მაგრამ შენ ხომ არასდროს დაგიკვნესია, არასდროს დაგიწუწუნია, არასდროს დაგიხევია უკან. მუდამ საუკეთესო იყავი ბრძოლის წინა ხაზზე თუ ყოველდღიურ ყოფაში, ყველას შენი იმედი ჰქონა, ყველასთვის გყოფნიდა სითბო და ენერგია. გუშინ გაქვავებულმა ბებიაშენმა მხოლოდ ერთი სიტყვით დაგატირა: “აჩიკო შვილო ვინ მოგერიაო” მძიმე ჟამს ამაზე მეტი გმირობა რა გინდა მანდილოსნისგან რომ გაიგო. ყველამ იცის რომ ქსნის ხეობაში ყველაზე საუკეთესო მებრძოლებს შენს სოფელში – ყანჩავეთში ზრდიდნენ, მადლობა აჩი შენს სოფელს, შენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს შენი სახით ასეთი ლომი რომ გაუზარდეს სამშობლოს ! რას ვიზამთ, ესეც ბედი ყოფილა, მაგარ ქვეყანაში ცუდ დროს დაბადება… როგორ მინდა რომ შენ სიკვდილში ქართველის ხელი არ ერიოს… როგორ მინდა შენი დაღვრილი სისხლი ოკუპირებულ საქართველოში ბოლო იყოს…

გვაპატიე რომ შენს საფიცარ საქართველოში ვიღაც აზერბაიჯანელი მუხთალი უფრო ეძვირფასებათ ვიდრე შენ – მამულისათვის ზვარაკად შეწირული ხარი… გვაპატიე სხვადასხვა ვაი პოლიტიკოსებსა თუ პოლიტიკურ ძალებს რომ მივეცით საშუალება შენი უბედურებით პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის… გვაპატიე შენ ხეობელებს, ეს დუმილიც გვაპატიე, ჩვენი ხმაურით რომ გვეშინია შენი ნაწამები სხეულის ოჯახისათვის ცხინვალიდან გადმოცემას რაიმე პრობლემა რომ არ შევუქმნათ… გვაპატიე რომ ჩვენი გაუბედურებული ცხოვრებისა თუ ყოველდღიური ყოფითი პრობლემების გამო ვერ დაგაფასეთ, ვერ მოგიფრთხილდით, სათანადოდ ვერ მოგიარეთ. ბოლოს რომ გნახე გითხარი: “რათ გინდა რომ რისკავ, რამე შარში არ გაეხვე მეთქი” და “მეც ეგ მინდა, ნეტა რამე მითხრანო”- ისე მიპასუხე გულში სიამაყისგან ცრემლები ჩამეღვარა, ვიცი ძმაო რომ შენც ეგ გინდოდა, ეგეთ სიკვდილს ნატრობდი და აგისრულდა კიდეც, ვალმოხდილი შეუერთდი ქართველთა ზეციურ მხედრობას! ალალი იქნება შენს გულზე დაყრილი ქართული მიწა, გჯეროდეს, შენს მეგობრებს უკანასკნელ ამოქშენამდე , სანამ ბოლო წვეთი სისხლი გვიდუღს ძარღვში, (ყველანაირი მეთოდებით) ვიბრძოლებთ საქართველოს გაერთიანებისათვის ! შენ სიცოცხლეშიც გმირი იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო – ახლა ჩვენი ჯერია!” – წერს ლევან შერმადინი.

შეგახსენებთ,  რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია მწარიაშვილი – მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი დღე, წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება, პროცესი გადაიდო, რათა შეძლოს აზროვნება და საბოლოო სიტყვაში...

მზია ამაღლობელი ფეხზე იდგა მთელი დღე. წარმოუდგენელი იქნებოდა ამ დროს საბოლოო სიტყვის შეთავაზება. პროცესი გადაიდო, რათა შეძლოს აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც არასდროს მოუსმინეს, – ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, მზია ამაღლობელს ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ შესთავაზა საპროცესო შეთანხმება, თუმცა ამაზე უარს აცხადებს.„დღევანდელ პროცესს ვინც უსმინა, საკუთარი თვალით ნახა და თავისი ყურით გაიგო, რა სამარცხვინო დღეშია ბრალდება. პროცესი დაასრულა ბრალდებამ, პრინციპში, თქვა, რომ აბსურდებს ითხოვს. თქვა, რომ გთავაზობთ საპროცესოს, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვთ. ან მიიღებთ სასჯელს ოთხიდან შვიდ წლამდე, ან აღიარეთ, დაიბრალეთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ – აი, ეს არის საპროცესო. აქ ახალი არაფერია, პირველი დღიდან ახმოვანებს ხელისუფლების არაერთი თანამდებობის პირი, რომ აღიარეთ, მოინანიეთ, შემდეგ ვილაპარაკოთ. მზია ამაღლობელი ამბობს, რომ არ ვითხოვ გულმოწყალებას, რაიმეს პატიებას, ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც მაბრალებთ, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. სასამართლოს მარტივი არჩევანი აქვს, უნდა თქვას, რომ ეს არის გადაცდომა ან დანაშაული. მოსამართლეს ვუთხარი, რომ მზიას გაწნული სილა არ არის არც ხმაურიანი, არც დანაშაულებრივი. დღევანდელ პროცესზე ვისხედით დაწყდომამდე. მზია ამაღლობელი ერთი წამით არ დამჯდარა და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე. ეს არის მისი პროტესტი, შინაგანი შეუგუებლობა ყველაფრისადმი. ეს ადამიანი არაფერს ითხოვს, არავის არაფერს ეხვეწება, ეს არის მისი შინაგანი პროტესტი და ასე უხმოდ გამოხატავს. ფეხზე იდგა მთელი დღე, მშიერ-მწყურვალი, დილით ადრე წამოყვანილი. წარმოუდგენელი იქნებოდა, ამ დროს შესთავაზო საბოლოო სიტყვის თქმა, რომელიც ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იქნება. ვფიქრობ, ბოლო მომენტში მოსამართლე მიხვდა, რომ ეს პროცედურული ზეწოლა მზიაზე არ წაადგებოდათ. მხოლოდ ამ მოსაზრებით გადაიდო პროცესი, რომ მზიამ ადამიანურად შეძლოს მოსვლა, აზროვნება და საბოლოო სიტყვაში იმისი თქმა, რაც მას არასდროს მოუსმინეს“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა ცხრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. დღევანდელი პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 4 აგვისტოს გაგრძელდება.

ელენე ხოშტარია – დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან, ჩემი დამოკიდებულება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით რჩება იგივე

ჩემი დამოკიდებულება 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით რჩება იგივე, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ოპოზიცია სწორი იდეის გარშემო ერთობით გაიმარჯვებს.„დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან.ჩემი დამოკიდებულება 4-ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას, რჩება იგივე. ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მით უმეტეს, ხისტი ფორმებით.პატივისცემა, მინდა, გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფი ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა“, – წერს ხოშტარია.

გია ვოლსკი – შეიძლება, პოლიტიკური კორუფცია დავარქვათ, როცა ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან ქირაობს სახლს, თანაც ხელშეკრულების გარეშე

ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან, მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. ამას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, საშემოსავლო გადასახადის დამალვის გარდა, ეს სერიოზული პოლიტიკური თემაა.„თუ კი ეს ასეა, ჩვენ, მაგალითად, არ ვიცით, რას გულისხმობს გერმანიის კანონი, მაგრამ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია, როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებელთან. მით უმეტეს, თუ გამქირავებელი პოლიტიკური პარტიის ლიდერად არის ცნობილი. შესაბამისად, ეს ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, მათ შორის საკმაოდ აგრესიულად. ამას შეიძლება, დავარქვათ პოლიტიკური კორუფცია.სამართლებრივად ეს რამდენად ითარგმნება კონკრეტულ დარღვევაში საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა შეიძლება, ითქვას, ალბათ კომპეტენტური ორგანოები იტყვიან. დარწმუნებული ვარ, გერმანიაში არანაირი ისეთი კანონი არ არსებობს, რომელიც ასეთ უმსგავსობას უშვებს, რომ ელჩი პოლიტიკური ლიდერისგან ქირაობს სახლს, თანაც ხელშეკრულების გარეშე. არავინ იცის, ვინ რას იხდის და ანგარიშს ბერლინში აგზავნის. იქ რას მიუთითებს, რომ პოლიტიკურ ლიდერს ქეშით უხდის? ეს რა რაკურსით შეიძლება განხილული იყოს, ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, პოლიტიკური კორუფცია სახეზეა. თავი რომ დავანებოთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს, პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების და პოზიციის გაზიარება, თან ასე აგრესიულად, ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური კორუფციაა. უფრო მეტიც, ეს კონკრეტულ ელჩი საქართველოს არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, სადაც წესები უნდა დაიცვან. არ იხილავს იმ სახელმწიფოდ, რომელსაც გარკვეული ტრადიცია, კულტურა აქვს. ამით შეურაცხყოფს თუ არა მასპინძელ ქვეყანას და საზოგადოებას, მისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ „საინტერესო არ არის, გერმანიის ელჩი რას ამბობს“. კობახიძის თქმით, ელჩი, მას შემდეგ, რაც დაბინავდა მამუკა ხაზარაძის პირად საკუთრებაში, ემსახურება რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს.

დონალდ ტრამპი – კანადა მაღალ ტარიფებს აწესებს ჩვენი ფერმერებისთვის, ისინი ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას, პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან სავაჭრო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანადა წლებია, უსამართლოდ ეპყრობა ამერიკელ ფერმერებს.„ისინი ძალიან მაღალ ტარიფებს აწესებენ ჩვენი ფერმერებისთვის. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ფერმერებს. ისინი ძალიან ცუდად ეპყრობოდნენ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპმა განმარტა, რომ პრობლემის გადაწყვეტა მარტივია, კანადამ სამართლიანი ტარიფი უნდა გადაიხადოს.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა კანადის სამხედრო ხარჯები.„მათ სურთ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნისგან და წლების განმავლობაში ჩვენ ამას ვაკეთებდით. ჩვენ ძირითადად ვიცავდით მათ ჩვენი სამხედროებით. ისინი ძალიან ცოტა ფულს ხარჯავენ თავიანთ სამხედროებზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი, ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის მიზნებსა და მიღწევებზე. მისი განცხადებით, ამერიკა უკვე უზარმაზარ შემოსავალს იღებს ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან.„ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ტრილიონობით დოლარი. ეს ქვეყნას ძალიან მდიდარს და კვლავ პატივსაცემს ხდის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ასეთივე აქტიური სატარიფო პოლიტიკა არ უწარმოებია.„როდესაც „კოვიდი“ გამოჩნდა, ბოლო, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, იყო ფრანგებისთვის, იტალიელებისთვის, ესპანელებისთვის მეთქვა, რომ ტარიფებით დაუწესდათ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები