სამშაბათი, აპრილი 14, 2026

ირანული მედია – გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია.

მათივე ცნობით, მანსურეს გარდაცვალების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო ტელეარხმა „ორმა“ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ცოლი სახლში მოკლეს, ხოლო სხვა ირანულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იმყოფებოდა.

მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 79 წლის მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი, მან დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების...

ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან, თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.როგორც მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს.„ჩვენ განვვლეთ წმინდა დიდი მარხვის პერიოდი, როცა ქრისტიანები მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვართან შესახვედრად ემზადებიან; ლოცვითა და მარხვით ვესწრაფოდით სულის განწმენდას, რათა მიახლებულნი ყოვლადმოწყალე უფალს, ღირსნი გავმხდარიყავით მისი სიტყვების მოსმენისა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მთ. 11, 28). თუმცა ამ მზადების დროს ჩვენი გულები მწუხარებამ მოიცვა, დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი…მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს…არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში“, – ნათქვამია მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში.

ვიქტორ ორბანმა ოპოზიციურ პარტია „ტისას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა – „გამარჯვებულ პარტიას მივულოცე, ჩვენ უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“

ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, არჩევნების შედეგებს კი „ნათელი“ და მისი პარტიისთვის „მტკივნეული“ უწოდა.როგორც ორბანმა აღნიშნა, პარტია „ტისას“ გამარჯვება უკვე მიულოცა.მისივე თქმით, პარტია „ფიდესი“ უნგრეთს ოპოზიციიდან მოემსახურება.„არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ გასაგები და ნათელია. ეს შედეგი ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა ნათელია. ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ გადმოგვეცა. მე გამარჯვებულ პარტიას მივულოცე. ჩვენ უნგრელ ერს და ჩვენს სამშობლოს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“, – აღნიშნა ორბანმა.ცნობისთვის, ხმათა 47 პროცენტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი,  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მართლმადიდებელ ქრისტიანებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს - ქრისტე აღდგა! „აღდგა, ვითარცა თქუა“. „მიიღო ხილული და დასცა უხილავი“. უფლის აღდგომა სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რწმენის, სიყვარულისა და ერთობის ძალაა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ჩვენს ერს და განსაზღვრავდა მის ისტორიულ გზას. ქრისტეს აღდგომა გვასწავლის, რომ ყოველ განსაცდელს მიღმა დგას განახლების შესაძლებლობა და ახალი საწყისი. სწორედ ეს სინერგიაა ის ძალა, რომელმაც მრავალჯერ იხსნა ჩვენი ქვეყანა და მისცა განვითარების შესაძლებლობა ურთულეს დროებაშიც კი. დიადი არსი ბრწყინვალე აღდგომისა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ღვთის სულიერ შვილებს, მათ შორის საქართველოს საყვარელ მამის, ახლადშესვენებულ უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიუძღოდა ერს ჭეშმარიტ ღირებულებათა დამკვიდრების, სიყვარულისა და რწმენის გაძლიერების, საქართველოს მოქალაქეთა ერთიანობის განმტკიცების გზაზე. მისი დაკრძალვა ამ ღვაწლის ყველაზე დიდ აღიარებად იქცა. უწმინდესმა და უნეტარესმა პირადი მაგალითით დაგვანახა ადამიანის ცხოვრების არსი, ქართული სახელმწიფოებრივი ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვი, გადარჩენისა და განვითარების საღმრთო ფორმულა – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”. მართლმადიდებლობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს საქართველოს ისტორიისა და ეროვნული იდენტობის ფორმირება-განვითარებაში. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის შემდეგაც ჩვენი სულიერი ტრადიციები გადაჯაჭვულია კულტურასთან, მეცნიერებასა და განათლებასთან. ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში იყო რწმენის, ცოდნისა და განათლების კერა, სადაც იქმნებოდა და ინახებოდა ხელნაწერები, ვითარდებოდა მწერლობა, ფილოსოფია, მეცნიერება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს - ძვირფასო სტუდენტებო, თქვენ ქმნით საქართველოს მომავალს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გაძლევთ შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გაიაზროთ საკუთარი ფუნქცია და როლი, დაფიქრდეთ იმ პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე, რომელიც თითოეულ თქვენგანს საზოგადოების წინაშე აკისრია. ჩვენი საერთო მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცოდნა, სულიერება და ინოვაცია ქვეყნის განვითარებას ემსახურება. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებას. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიმართვაში.

როგორი ამინდი იქნება ხვალ – განახლებული პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექი ამინდი იქნება.მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში იწვიმებს თოვლჭყაპი და თოვლი. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და საშუალოდ 10–15 გრადუსის ფარგლებში იქნება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.12 აპრილს თბილისში ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი, ძირითადად ღამის საათებში. გაძლიერდება დასავლეთის ქარი აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში.13 აპრილს კვლავ მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი.

საიდან გაჩნდა სააღდგომოდ კვერცხების დარტყმის ტრადიცია

აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღსდგა! ეს ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება, - უპასუხა იმპერატორმა, მაგრამ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხმა ფერი იცვალა და გაწითლდა.ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მის ქვეშ მიწა გამოცოცხლებას იწყებს.მეცნიერების აზრით, კვერცხების მირტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს.კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.

ბოლო სიახლეები