ორშაბათი, ივლისი 13, 2026

ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გურჯაანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა ფოთის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო

ფოთის იუსტიციის სახლი რიგით მეხუთეა, რომლის თანამშრომლებსაც
იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს განვითარების  10-წლიანი სამოქმედო გეგმა
წარუდგინა. რატი ბრეგაძემ უწყების ძირითადი პრიორიტეტული
მიმართულებები მათ პირადად გააცნო. ფოთის იუსტიციის სახლის
თანამშრომლებმა დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით მინისტრს საკუთარი
მოსაზრებები გაუზიარეს.
ერთ-ერთი სიახლე, რაც სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის ნაწილია,
არის „Just App“, იგივე ციფრული იუსტიციის სახლი. აპლიკაციის საშუალებით
მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ
საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის
გამოყენებით დისტანციურად  შეეძლება.
10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო კიდევ
არაერთი მასშტაბური  პროექტის განხორციელებასა და  ათეულობით ახალი
მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორისაა „მობილური იუსტიციის სახლი“,
ონლაინ უნივერსიტეტი,  პერსონალური ასისტენტი, „პრობ ბოქსი“ და სხვა.
ფოთის შემდეგ იუსტიციის მინისტრი ხვალ უკვე სამეგრელოს ეწვევა. რატი
ბრეგაძე სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ
მიმართულებებს ზუგდიდის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნობს.
მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრი ჩხოროწყუში საზოგადოებრივ ცენტრს
გახსნის. ეს იქნება   რიგით  მეცხრე ფილიალი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში
მოქალაქეებს მოემსახურება.
ამასთან, ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული
ოფისიც გაიხსნება. პრობაციის ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

რატი ბრეგაძემ უწყების სტრატეგია უკვე წარუდგინა ქუთაისის, ბათუმის,
თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს. იუსტიციის
მინისტრი სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის
პრეზენტაციას რეგიონებში მომდევნო დღეებშიც განაგრძობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ შეიძლება, ყინული ეპიდაფეთქების წყარო გახდეს და რატომ ჯობს, ზაფხულში დიდი ხნით ადრე მომზადებულ სალათებს მოვერიდოთ:- ყინული ეპიდემიოლოგიური აფეთქებების ერთ-ერთი ხშირი წყაროა. ამიტომ, ჯობია ყინულს მოვერიდოთ. მაგალითად, როდესაც სასმელს ვუკვეთთ ან ვყიდულობთ, უმჯობესია, მაცივრიდან გამოღებული მთლიანი ბოთლი ან რკინის ჭურჭელი შევარჩიოთ, რადგან არავინ იცის, თუ რა წყლისგან არის ეს ყინული დამზადებული. ყინულთან ასოცირებული ეპიდემიოლოგიური აფეთქებები კი ძალიან ბევრი და ხშირია. ​გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შევეხოთ სალათებს და ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში, რესტორნებშიც კი, აჯობებს, ჯანსაღი კვება დროებით გვერდზე გადავდოთ და უპირატესობა ახლად მომზადებულ კერძებს მივანიჭოთ. აჯობებს, საკვები მაღალ ტემპერატურაზე იყოს მომზადებული, ვიდრე სალათები მივირთვათ, რადგან სალათები ხშირად ინფექციების გავრცელების განსაკუთრებული წყაროა. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია.

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შვიდ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის – სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან – მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობილია, რამდენ დოლარს მიიღებენ RAF-ში გამარჯვებული ქართველი მოჭიდავეები

ცნობილი გახდა, რა ოდენობის ფულად ჯილდოს მიიღებენ ქართველი მოჭიდავეები, რომლებმაც RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს.ორგანიზატორების ინფორმაციით, თითოეული გამარჯვებული სპორტსმენი 100 000 აშშ დოლარით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულებს 200 000 გადაეცემათ.ტურნირზე გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა, გენო პეტრიაშვილმა, გივი მაჭარაშვილმა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს.რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ მონაწილეს, ვლადიმერ გამყრელიძე საჩემპიონო შეხვედრაში ამერიკელ კაილ დეიკთან 0:2 დამარცხდა.

„სრულიად საქართველოს ეხება!“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება, რომელიც 6 ივლისით თარიღდება.„იყავით ფრთხილად ზღვისპირა ქალაქებში და არამარტო... შოვის მსგავსი საკითხების წინაშე დავდგებით! გაუფრთხილდით ერთმანეთს. ძალიან დიდი ნგრევები წყლის სახით, მცოცავი მიწა! სახლებს მიხედეთ. სრულიად საქართველოს ეხება! ძალიან ბევრი აღმოსავლეთით და დასავლეთში,“ - წერს ეზოტერიკოსი.

შსს-ს მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს ქალაქ თელავში პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება.მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ.პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები