პარასკევი, აპრილი 17, 2026

ქუვეითში ამერიკელი ჟურნალისტი ირანის ომის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო დააკავეს

ქუვეითური წარმომავლობის ამერიკელი ჟურნალისტი, აჰმედ შიჰაბ-ელდინი, ირანის ომის შესახებ დაწერილი პუბლიკაციების, ქუვეითში დააკავეს. მას ბრალად ედება „ცრუ ინფორმაციის გავრცელება“ და მობილური ტელეფონის ბოროტად გამოყენება.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ და მედიასაშუალება „სიენენი“ იტყობინებიან.

აჰმედ შიჰაბ-ელდინი ცნობილი ქუვეითელ-ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც მუშაობდა „ვაისსა“ და „ალ ჯაზირაში“, აგრეთვე იყო „სიენენის“ მიწვეული ექსპერტი.

შიჰაბ-ელდინი ქუვეითში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა, თუმცა 2 მარტის შემდეგ, მასთან დაკავშირება შეუძლებელია. ჟურნალისტის მეგობრები მიიჩნევენ, რომ თითქმის ექვსი კვირაა, ის პატიმრობაში იმყოფება. ჟურნალისტის შესახებ მათ საჯაროდ იმ იმედით ისაუბრეს, რომ საჯაროობა აჰმედ შიჰაბ-ელდინის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.

ჟურნალისტი ირანის ომის შესახებ პუბლიკაციების გამო დააკავეს, თუმცა „ჰუმან რაითს ვოთჩი“ აღნიშნავს, რომ დაპატიმრებამდე სოციალურ ქსელებში შიჰაბ-ელდინის მიერ გამოქვეყნებული პოსტები შეიცავდა ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც უკვე საჯარო იყო. მაგალითად, მან გააზიარა „სიენენის“ ვიდეო, რომელშიც ასახულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლის ჩამოგდება ქუვეითში.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ შიჰაბ-ელდინის დაკავება იმ ახალი მკაცრი შეზღუდვების შედეგია, რომლებიც ქუვეითის ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ დააწესა.

ახლად მიღებული კანონი ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს, მათ შორის ხანგრძლივ პატიმრობას ნებისმიერი პირისთვის, ვინც „ინფორმაციის უტყუარობისა თუ წყაროს გადამოწმების გარეშე, განზრახ ავრცელებს განცხადებებს ან ცრუ ხმებს სამხედრო სტრუქტურებთან დაკავშირებით, მათი სანდოობის და ავტორიტეტის შელახვის, ასევე მათი ეჭვქვეშ დაყენების ან მორალური სულისკვეთების შესუსტების მიზნით“.

„მისი დაკავება ქუვეითში გამოხატვის თავისუფლების სივრცის შემცირებისა და ჟურნალისტების გასაჩუმებლად ბუნდოვანი ფორმულირების მქონე ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებების გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია,“ – აცხადებს „ჰუმან რაითს ვოთჩი“.

„მოვუწოდებთ ქუვეითს, გაათავისუფლოს აჰმედ შიჰაბ-ელდინი და მოუხსნას ყველა ბრალდება. ჟურნალისტობა არ არის დანაშაული. შიჰაბ-ელდინის შემთხვევა კარგად წარმოაჩენს კრიტიკის ჩასახშობად და საინფორმაციო დღის წესრიგის გასაკონტროლებლად ეროვნული უსაფრთხოების კანონების გამოყენების ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას“, – ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის რეგიონული დირექტორის, სარა კუდას განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტს „ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ეროვნული უსაფრთხოების დაზიანებასა და მობილური ტელეფონის ბოროტად გამოყენებაში“ დასდო ბრალი. უფლებადამცველები ხაზს უსვამენ, რომ ეს არის ბუნდოვანი და ძალიან ზოგადი ბრალდებები, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება დამოუკიდებელი ჟურნალისტების შესაზღუდად. კომენტარის გაკეთების შესახებ „სიენენის“ მოთხოვნაზე ქუვეითის მთავრობას ჯერჯერობით არ უპასუხია.

 

ბოლო ანგარიშში, სპარსეთის ყურის ქვეყნების ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაცხადა, რომ რეგიონის სახელმწიფოები ომს იყენებენ „სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად, სამოქალაქო თავისუფლებების შესაზღუდად და იმ ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ონლაინ-აქტივისტების შესავიწროებლად, ვისი მოსაზრებებიც მთავრობის პოლიტიკას არ ემთხვევა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ნატო-დან დამირეკეს, მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება, ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები

ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება. ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს,„ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, შორს დარჩენილიყვნენ, თუ მხოლოდ გემების ნავთობით ჩატვირთვა არ სურთ. როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები!“, – წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა – „ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება.„ძალიან წარმატებული დღეა დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. უპრეცედენტო წარმატებაა დღესაც. როგორც მამაკაცი, ასევე ქალი სპორტსმენი ერთ დღეს ხდება მსოფლიო ჩემპიონი. მინდა, ორივე ჩემპიონს მივულოცო, მათ აქვთ ძალიან მდიდარი წარსული, არიან ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება. მადლობა, მინდა, გადავუხადო მათი შრომისთვის. ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა და მადლობა მათ შრომისთვის და მათი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გერმანია განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩეოდა პრინციპების მიმართ, დღეს კი ბიუროკრატიის დონეზე ყველანაირ პრინციპს უარყოფენ, რაც ევროპული ბიუროკრატიის სახეს აჩვენებს

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კითხვა ეხებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას.კობახიძის თქმით, ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს აჩვენებს.„გერმანიაში რომ ასეთი პრობლემებია, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგალითად, იგივე 20 წლის წინ, გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ. დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, პატივს არ სცემენ პრინციპებს, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროსთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ამ მოვლენას, არის ეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

გიგა ბოკერია – ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა

საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ გზით შეიცვალოს რეჟიმი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისივე თქმით, არჩევნებამდე საჭიროა გარდატეხა საზოგადოებაში და მშვიდობიანი პროტესტი.„უნგრეთში იყო არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, ჩვენი, საზოგადოების და ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და ამ არჩევნების გზით შეიცვალოს რეჟიმი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული საფრთხის შემქმნელია. თავისუფალი ქვეყნებისგან განსხვავებით, არჩევნებამდე გვჭირდება იმ ხარისხის გარდატეხა საზოგადოებაში, იმ ხარისხის მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა, რაც ახალი არჩევნების ჩატარების შანსს მოგვცემს. 26 მაისის შეკრება, ოპოზიციური ალიანსის და ყველა აქტიური სამოქალაქო ჯგუფის აქტიური კამპანია, რათა მეტი მოქალაქე იყოს ჩართული მშვიდობიან პროტესტში, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ იმ ეროვნული ამოცანის მიღწევას, რაც ჩვენ წინაშე დგას – ამ რეჟიმის შეცვლა, თავისუფალ სამყაროში ჩვენი დაბრუნება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, უბრალოდ, თავისუფალი არჩევნების მისაღწევად არის საჭირო იმ ხარისხის მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამ რეჟიმს გადატეხავს და მის რეგრესიულ აპარატს კონტროლს დააკარგვინებს. ასე მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ეს იყო და არის „ფედერალისტების“ და ოპოზიციის ალიანსის პოზიციაც“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოლო სიახლეები