დონალდ ტრამპს ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად მკაფიო ვადა არ დაუწესებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის, გარკვეული მოქნილობა გამოიჩინოს.
„პრეზიდენტი ინარჩუნებს პოზიციას და გულუხვად სთავაზობს მცირე მოქნილობას რეჟიმს, რომელიც სრულად შელახულია“,- განაცხადა ლევიტმა. მისივე განცხადებით, ირანში ამჟამად მიმდინარეობს დაპირისპირება „პრაგმატისტებსა და მკაცრი ხაზის მხარდამჭერებს შორის“, ხოლო ტრამპს „ერთიანი პასუხის მიღება სურს“.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ აგრძელებს ირანული გემებისა და პორტების საზღვაო ბლოკადას. ლევიტმა აღნიშნა, რომ ოპერაცია „ეფექტიანად და წარმატებით მიმდინარეობს“ და აშშ „სრულად ახრჩობს“ ირანის ეკონომიკას.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს უნდა იყვნენ ამერიკელები მზად ომის გასაგრძელებლად, რადგან ეს უკვე იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე თავდაპირველად ითქვა, ლევიტმა უპასუხა, რომ საბოლოო ვადას ტრამპი განსაზღვრავს.
„ის დაასრულებს ამას მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ეს შეესაბამება შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებს”,- განაცხადა ლევიტმა.
ლევიტმა ასევე ისაუბრა ირანული სახელმწიფო მედიის განცხადებებზე, სადაც უარყვეს, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.
„გირჩევდით, ფრთხილად მოეკიდოთ ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ. რაც ვნახეთ, არის ის, რომ რასაც საჯაროდ ამბობენ, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც პირად მოლაპარაკებებში აღიარებენ შეერთებული შტატებისა და ჩვენი მომლაპარაკებელი გუნდის წინაშე”,- განაცხადა ლევიტმა.
ამასთან, ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ორი გემის დაკავებას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად არ მიიჩნევს.
„ეს არ იყო აშშ-ის გემები. ეს არ იყო ისრაელის გემები. ეს იყო ორი საერთაშორისო გემი. მათ არ აქვთ კონტროლი სრუტეზე. ეს არის მეკობრეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა კვლავ წარმოუდგენლად ეფექტურია“, – განაცხადა ლევიტმა.

