ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ძირითადი ნორმების წარდგენა და სტუდენტების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა დისკუსიის მთავარ თემას ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც დღეს, პარლამენტის სასახლეში გაიმართა.
ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტის მომზადების მიზნებზე და პრევენციის იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომლებსაც აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს.
„ჩვენი მიზანია ნარკოპოლიტიკის სწორად ჩამოყალიბება, რათა მან საბოლოოდ დადებითი გავლენა იქონიოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეზე. საზოგადოებას შევპირდით, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდით ყველა სეგმენტიდან წამოგვეღო რაც შეიძლება მეტი რაციონალური წინადადება, რადგან საკითხი საკმაოდ ფრთხილი და სენსიტიურია. კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები ეხება როგორც მომავალ თაობებს, ასევე ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სტუდენტებთან შეხვედრა, თქვენი წინადადებების და მოსაზრებების გაცნობა საინტერესოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.