ევროკავშირის ონლაინ პლატფორმებისთვის ასაკის დადასტურების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირი შექმნის ევროპულ კოორდინაციის მექანიზმს, რათა ასაკის დადასტურება უზრუნველყოფილი იყოს შესაბამის ეროვნულ სქემებში.
„პირველ რიგში, ის მომხმარებლისთვის მოსახერხებელია. თქვენ ატვირთავთ აპლიკაციას, აყენებთ მას თქვენი პასპორტით ან პირადობის მოწმობით. შემდეგ თქვენ ადასტურებთ თქვენს ასაკს ონლაინ სერვისებზე წვდომისას. მეორეც, ის პატივს სცემს მსოფლიოში უმაღლეს კონფიდენციალურობის სტანდარტებს. მომხმარებლები დაამტკიცებენ თავიანთ ასაკს სხვა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ის სრულიად ანონიმურია. მომხმარებლების თვალყურის დევნება შეუძლებელია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს ბავშვების დასაცავად ძლიერ ინსტრუმენტს აძლევს.
„ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენი შვილების უფლებებს. ევროპის კავშირში ბავშვთა უფლებები კომერციულ ინტერესებზე მაღლა დგას და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ასე იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

